აფხაზეთი: რუსეთისგან დამოუკიდებელი ეკონომიკა
ალბათ ყველაფრის ძველებურად დატოვებაზე რაულ ხაჯიმბასაც ბევრჯერ უფიქრია _ მით უფრო, რომ აფხაზური საზოგადოება საკმაოდ კონსერვატიულია და ნებისმიერ ცვლილებას რთულად ეგუება.თუმცა, ეს ალბათ ადრე იყო.ამჟამად ხაჯინბას ასეთი ფუფუნების უფლება აღარ აქვს.
2015 წელს სოხუმმა მოსკოვისგან დაპირებული 4 მილიარდი რუბლის (57 მილიონი ამერიკული დოლარი) მხოლოდ 7 პროცენტი მიიღო.
2009 წლიდან 2014 წლამდე რუსეთის ბიუჯეტიდან,აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კომპლექსური გეგმის ფარგლებში, აფხაზეთში 15 მილიარდ რუბლზე (211 მილიონი ამერიკული დოლარი) მეტი გადაირიცხა. ცხადია, ამ ფულით სავადმყოფოები, სკოლები, კულტურის სახლები და სტადიონები აშენდა.
ახალი სტადიონი სოხუმში
რესპუბლიკამ შედეგად მიიღო რუსულ დახმარებაზე დამოკიდებული ეკონომიკა და პარაზიტული ბიუროკრატია, რომელსაც რაიმეს შეცვლა არ სურს.
თუმცა, ამჟამად რუსული ფინანსური დახმარების წყარო აშკარად შრობას იწყებს და აფხაზეთმა დამოუკიდებლად უნდა ეძებოს გამოსავალი.
2016 წლის დასაწყისში რაულ ხაჯიმბამ რადიკალური რეფორმების დაწყების შესახებ განაცხადა. ამ ცვლილებების მიზანია „აფხაზეთში თვითკმარი ეკონომიკისა და დოტაციებისგან დამოუკიდებელი ბიუჯეტის უზრუნველყოფა“.
როგორ აპირებს ამის მიღწევას?
1. გადასახადების გაზრდა
პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა საგადასახადო სისტემის ცვლილება, რომელიც უკვე დაამტკიცა პარლამენტმა. თუ ადრე იმპორტულ საქონელზე მხოლოდ საბაჟო მოსაკრებელს იხდიდნენ, ახლა მეწარმეებს დამატებითი გადასახადიც ეკისრებათ. დღგ-ს განაკვეთი 10 პროცენტით განისაზღვრა.
ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ეს სიახლე აფხაზ მეწარმეს იაფი იმპორტისგან დაიცავს და ადგილობრივ პროდუქციას განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის საშუალებას მისცემს. თანაც, ჩინოვნიკების გათვლებით,ამ ზომების გატარებით, ბიუჯეტში დამატებით ერთ მილიარდი რუბლი შევა.
2015 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აფხაზეთში იმპორტის მოცულობა ექსპორტს ექვსჯერ აჭარბებს, და ადგილობრივი წარმოების განვითარება განსაკუთრებით აქტუალურია.
ვარაუდობენ, რომ ეს სიახლე, პირველ რიგში, კვების პროდუქტების მწარმოებლების საქმიანობას გაამარტივებს _ მაგალითად, სოხუმის რძის ქარხნის.
ორი წლის წინათ ეს საწარმო, რუსეთის ფინანსური დახმარების წყალობით, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა და, ფაქტობრივად, თავიდან გაიხსნა. თუმცა, რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა. ძირითადი მიზეზი ისაა, რომ საწარმომ იმპორტული რძის პროდუქტების კონკურენციას ვერ გაუძლო.
იმპორტზე დაწესებული დღგ სამშენებლო მასალებს მწარმოელებსაც დაეხმარება. დღემდე ამ ბაზარზე ლომის წილი თურქულ და რუსულ საქონელს ეკავა და მას აფხაზეთში წარმოებული ანალოგიური პროდუქტი კონკურენციას ვერ უწევდა. ეკონომიკის სამინისტროში ახლა ამ ბალანსის ცვლილებას ელიან.
იმპორტზე დღგ-ს დაწესების კიდევ ერთი მიზეზი,რაზეც ხელისუფლება უხალისოდ ლაპარაკობს ხოლმე,ის არის,რომ ხელისუფლებას სავაჭრო საწარმოების ბრუნვის გაკონტროლება არ შეუძლია. მრავალი წლის განმავლობაში სალარო აპარატების კულტურა მხოლოდ მსხვილ მაღაზიებში დამკვიდრდა. სხვა სავაჭრო ობიექტებში საქონელს თითქმის ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე ყიდიან; ხოლო ამ მაღაზიების მიერ გაღებული გადასახადები მათ რეალურ ბრუნვას საერთოდ არ ასახავს.
ბუნებრივია, სავაჭრო ფირმებს ბიზნესწარმოებაში ახალი წესების შემოღება მაინცდამაინც არ გახარებიათ. პარლამენტთან საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მოწილეებიც იმპორტზე დღგ-ს გაუქმებას ითხოვდნენ. თუმცა, დემონსტრანტებმა მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ დასაბეგრი საქონლის სია უმნიშვნელოდ შემოკლდა.
2. ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის ზრდა
2016 წლისთვის, აფხაზეთის ისტორიაში პირველად, რესპუბლიკაში ამბიციური ბიუჯეტი დაამტკიცეს _ წინა წლებთან შედარებით, ორჯერ უნდა გაიზარდოს რუსული დოტაციის გარეშე, დამოუკიდებლად შემოსული სახსრები.
ბოლო სამი წლის განმავლობაში აფხაზეთის საკუთარი შემოსავლები ბიუჯეტში სამ მილიარდ რუბლს[$43მილიონი] არ აჭერბებდა, მაგრამ ამჟამად თამასა ექვს მილიარდამდეა აწეული.
ამ ნიშნულის მიღწევას ხელისფლება ხარისხიანი ადმინისტრირებითა და, რაც მთავარია, „ჩრდილოვანი“ ეკონომიკის (რომლის დონეც რესპუბლიკაში 50 პროცენტს აჭარბებს) ლეგალიზებით აპირებს.
“ამ მიზანს ალბათ რთულად, მაგრამ მაინც მივაღწევთ, _ ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ბიზნესს გადასახადების გადახდა ერჩივნოს ჩინოვნიკების დაპურებას’,_ ამბობს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ბესლან ცვინარია.
ამ ამოცანის გადაჭრისკენ გადადგმულ მთავარ ნაბიჯებად ხელისუფება ასახელებს ზემოთ აღწერილ საგადასახადო კოდექსის ცვლილებებს და საბუღალტრო აღრიცხვის სისტემის კარდინალურ რეფორმას, რომელიც დაწვრილებით სულ მალე გახდება ცნობილი.
შემდეგ ნაბიჯი იქნება იმ კანონის მიღება, რომელიც სახელმწიფო შეკვეთებზე ღია კონკურსის წესის შემოღების აუცილებლობას ეხება.
გასულ წელს აფხაზეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა და პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმები დამტკიცდება.
3. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კონტროლის დაწესება
2016 წლის თებერვალში აფხაზეთში გაჩნდა სახელმწიფო ხაზინა, რომლის ძირითადი ფუნქციაა საბიუჯეტო სახრების ხარჯვის კონტროლი.
ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ საბიუჯეტო სახსრები მეტწილად არა დამტკიცებული გეგმის, არამედ ჩინოვნიკების შეხედულებისამებრ იხარჯება, და ხშირად სხვადასხვა სქემაშიც „გაიბნევა“ ხოლმე. არსებობს მოლოდინი, რომ ხაზინა ამ პროცესზე მკაცრ კონტროლს დააწესებს და საზოგადოებისთვის სახელმწიფო სახსრებთან დაკავშირებული დეტალების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
4. ბიუროკრატიული აპარატის შემცირება.
ჯერ კიდევ გასულ წელს აფხაზეთის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან თანამშრომელთა 15 პროცენტი დაითხოვეს. თუმცა, როდესაც ეკონომიკის რეალურ სექტორში დასაქმებულ ერთ ადამიანზე ორი საჯარო მოხელე მოდის, ასეთი ზომები არასაკმარისია.
‘რაულ ხაჯიმბას სხვა გამოსავალი არც აქვს _ ბიუროკრატიას მადა უნდა მოათოკინოს და თან ეკონომიკა „ჩრდილიდან“ გამოიყვანოს. მით უფრო , რომ ოპოზიციამ პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ხაჯიმბას, ბიუჯეტის შევსების თვალსაზრისით აშკარა წარმატებისა და კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის გარეშე, პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნების შანსი არ აქვს’, _ ამბობს პუბლიცისტი იბრაჰიმ ჭკადუა.
რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის პერიოდში 2016 წელი ყველაზე მძიმე და დაძაბული იქნება. ბიუროკრატიასა და ბიზნესს, რომელიც სამართლებრივ სივრცეს გადჩვეულია, შეუძლიათ ხაჯიმბას ინოვაციებს ხელი შეუშალოან და ამით მას არაპოპულარული ხელმძღვანელის იმიჯი შეუქმნან.
და მაინც, აფხაზეთის პრეზიდენტისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა წარმატებულ ეკონომიკური რეფორმების გატარებაა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციებს გამოხატავს და, შესაძლოა, რედაქციის დამოკიდებულებას არ შეესაბამებოდეს.
გამოქვეყნდა: 24.03.2016