იმპიჩმენტის მუქარიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პარიზში შეხვდა. პრეზიდენტის განცხადებით, მაკრონთან კანდიდატის სტატუსზე “ძალიან სასარგებლო საუბარი” ჰქონდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპულ გზაზე ქართველ ხალხსა და პრეზიდენტს მხარს უჭერს.
“დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე.
ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალია – ნამდვილად ევროპული გზა.
ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის.” – განაცხადა მაკრონმა.
“ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე „ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
მალევე საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრეზიდენტს უარი გერმანიის გარდა, უკრაინაში ვიზიტზეც უარი ეთქვა. ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ შეხვედრებზეც.