ზუგდიდის წინა მოწვევის საკრებულო ბიუჯეტს ამტკიცებს. მოშიმშილეები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა
ზუგდიდში წინა მოწვევის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას დაჩქარებული წესით აპირებს, ხოლო სხდომის გასაპროტესტებლად მისული ახალი მოწვევის მოშიმშილე დეპუტატები საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ანა წითლიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ არალეგიტიმური პროცესი დაიწყო, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, არჩევნების შემაჯამებელი ოქმიდან 30 დღის განმავლობაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე უნდა დანიშნოს ახალი საკრებულოს სხდომა.
“ყოველდღე ველოდებით, რომ უნდა დაინიშნოს და ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადაა 30 დეკემბერი. ახალი საკრებულოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი ვადა იმისთვის, რომ დაამტკიცოს ახალი ბიუჯეტი, თუმცა ამის პარალელურად, მმართველმა პარტიამ ზუგდიდში დაიწყო არალეგიტიმური პროცესი და დაავალა ძველ, ვადაგასულ საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიღება”, – ამბობს წითლიძე.
მისივე განმარტებით, მმართველ პარტიას ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა არ აქვს და სწორედ ამიტომაც ეშინია, რადგან კანონის მიხედვით, თუ ორჯერ ჩავარდება ბიუჯეტი, ეს არის საფუძველი ხელახალი მერიის და საკრებულოს არჩევნების დანიშვნის:
“შესაბამისად, დაიჭირეს თადარიგი და გასცეს ბრძანება, რომ ვადაგასულმა საკრებულოებმა არალეგიტიმურად მიიღონ 2022 წლის ბიუჯეტი.”
სხდომათა დარბაზში მყოფ მოშიმშილეებთან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შევიდა და მათ ოთახის დატოვება მოსთხოვა, რაზეც საკრებულოს წევრებმა უარი განაცხადეს, სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება, რის შემდეგაც პოლიციამ საკრებულოს წევრები ძალის გამოყენებით გაიყვანა დარბაზიდან.
საკრებულოს 5-მა წევრმა ოპოზიციონერმა ზუგდიდში შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყო.
● არჩევნები დასრულდა. რას აპირებს ოპოზიცია
● სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ათი ოპოზიციონერი შიმშილობას იწყებს
● ირაკლი კობახიძე: ვინც პოლიტმიკერძოების გამო სახელმწიფოდ არ გვცნობს, მათთან ვერ ვითანამშრომლებთ
თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლების ნდობის რეფერენდუმის მნიშვნელობას ანიჭებდა, მმართველი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ორივე ტურის შედეგად, ოპოზიციამ 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთი მოიგო – წალენჯიხა. დიდი ქალაქების ბედი რამდენიმე ასეულმა ხმამ გადაწყვიტა. თუმცა საკრებულოები ზუგდიდსა და ბათუმში ოპოზიციურია.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს. არჩევნებმა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმავა. ექსპერტები და საერთაშორისო დამკვირვებლები საზოგადოების უკიდურეს და უპრეცედენტო პოლარიზაციაზე მიუთითებენ. პარალელურად, ციხეში თვეზე მეტია შიმშილობას აგრძელებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ქვეყანაში ვითარებას.