17-18 იანვარს, საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების სხვა ელჩებთანაც.
„შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფარგლებში მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვა. შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებული გართულებული გარემო”, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნატო-ს შტაბ-ბინაში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და “ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ასპირანტ საქართველოს ნატო-ს დღის წესრიგში საგულისხმო ადგილი უკავია.”
2021 წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
12 იანვარს, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა დაადასტურეს ნატოს ღია კარის პოლიტიკა. გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეებმა მკაფიოდ განუმარტეს რუსეთს, რომ არ იტყვიან უარს ერთმანეთის დაცვაზე, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული ჯარების საშუალებით.
როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ნატოში გაწევრიანების მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. მათივე თქმით, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.