რუსი ექსპერტი: ხუთი რაიონი უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს
”ხუთი ოკუპირებული რეგიონი [ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის გარეთ – JAMnews] უპირობოდ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანს და ბაქოს აქვს ყველანაირი უფლება, თურქეთის მხარდაჭერით ან მის გარეშე, შეიარაღებული ბრძოლა აწარმოოს მათ დასაბრუნებლად. დაუშვებელია ეთნიკური წმენდა ყარაბაღში”- ამბობს რუსი ანალიტიკოსი, ინოვაციური განვითარების ინსტიტუტის ისლამური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კირილ სემიონოვი, ყარაბაღში ესკალაციის შესახებ.
27 სექტემბრიდან მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლე ორივე მხრიდან, ათასობით დაიჭრა
”მე გამოვრიცხავ სომეხი მოსახლეობის მიმართ ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის მსგავსი მოვლენების გამეორებას [ტრაგედია, რომელიც მოხდა 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს, როდესაც აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 600 – ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქალაქის შტურმის დროს – JAMnews], ისევე როგორც გენოციდის სხვა აქტებს. 1992 წელს ომს რეალურად აწარმოებდნენ მოხალისეები ორივე მხრიდან, მათ საერთო არაფერი ჰქონდათ რეგულარულ არმიასთან და სამხედრო დისციპლინასთან.
• ასე გამოიყურება ომი – სოფლებისა და ქალაქების ფოტოები ყარაბაღიდან
• სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ დანაკარგების შესახებ ოფიციალურ რიცხვებს
ასევე ვფიქრობ, რომ ვერსიები სირიელი დაქირავებულების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოირჩევა მაღალი დონის ანალიტიკური კვლევით და ემსახურება მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს თურქეთისა და ასადის სირიელი მოწინააღმდეგეების დემონიზაციისთვის.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის ჯარებმა მთელი მთიანი ყარაბაღი დაიბრუნეს სამხედრო ოპერაციის შედეგად, ეს გამოიწვევს ეთნიკურ წმენდას და ამ რეგიონის სომხური მოსახლეობის სრულ გადასახლებას ან გაძევებას. ამაში ეჭვი არ მეპარება და ეს ასევე დაუშვებელია.
ამიტომ, კონფლიქტი უნდა შეწყდეს და ეს უნდა გახდეს სიგნალი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ახალი საგზაო რუკის დაუყოვნებლივ შემუშავებისთვის, სერიოზული სანქციების გათვალისწინებით გარკვეული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისთვის.