ვენეციის კომისიამ დაიწუნა კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ", თუმცა პარლამენტმა მეორე მოსმენით მაინც მიიღო
ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე
საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მაინც მიიღო. კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 2 იყო.
კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ”, რომელიც მოამზადა “ქართულმა ოცნებამ”, “ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე” – ასეთ დასკვნას აქვეყნებს ევროსაბჭოს ვენეციის კომისია, რომელმაც კანონპროექტი შეისწავლა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას არ მიიღონ იგი. ეს არის კომისიის საბოლოო დასკვნა.
ვენეციის კომისია თვლის, რომ კანონპროექტის ახალი ვერსია შესაძლოა ხელისუფლების ოპონენტებზე ზემოქმედების იარაღად იქცეს.
კომისიაში აცხადებენ, რომ ამ კანონის ნაცვლად საჭიროა ხელისუფლებამ „სისტემური რეფორმები“ გაატაროს. მათ შორის ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერება ა.შ.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ გაითვალისწინა კომისის ყველა რეკომენდაცა და ასეცე კანდიდატის სტატუსის მოპოვების თითქმის ყველა რეკომენდაციას ასრულებს.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შევა.
● საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო. მოგვიანებით კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.
● დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოსაპოვებლად უნდა გაითვალისწინოს. საქართველო ზაფხულში ელოდება ევროკომისიის შუალედურ შეფასებას, ხოლო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.