"უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება" - NGO-ები
უვიზო რეჟიმი ევროპასთან
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მათივე თქმით, მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი, რეპრესიული კანონების გაუქმებას და კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე.
“მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი, რეპრესიული კანონების გაუქმებას, კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე. უფრო მეტიც, 2025 წელი კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, საქართველოში გვყავს 65 სინდისის პატიმარი, დამატებითი რეპრესიული კანონები მიიღეს და დღემდე გრძელდება ადამიანთა დევნა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ 2025 წლის 31 აგვისტომდე უნდა მიაწოდოს ევროკავშირს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ის აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას.
ხელისუფლების ამ ქმედებების გამო, საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოგვცა: ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, მკურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვითარება ევროპულ სივრცეში – რეალურია.
საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. ჩვენ, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს, გვჯერა რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მაგრამ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამ მომავალს სპობს.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია:
- შეწყდეს რეპრესიები,
- გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებულები,
- გაუქმდეს რეპრესიული კანონები,
- დაიწყოს ღია და სანდო დიალოგი არსებული კრიზისის დასაძლევად.
ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და მივიჩნევთ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის დათმობა დაუშვებელია. აუცილებელია, დავიცვათ უვიზო მიმოსვლა – დავიცვათ საქართველოს ევროპული გზა.” – განაცხადეს ბრიფინგზე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან მიმართებით მკაცრ ზომებზე შეთანხმება ვერ შეძლეს. თუმცა საქართველოს რეკომენდაციების შესრულება მოსთხოვეს და ვადა 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე მისცეს.
დისკუსიები საქართველოს შესახებ, როგორც დიპლომატები ამბობენ, იყო ხანმოკლე და საჭირო ერთსულოვნების არქონის გამო ეს საკითხი კვლავ გადაიდო. უნგრეთმა და სლოვაკეთმა ადრევე მიანიშნეს, რომ სანქციებს და სავიზო აკრძალვებს მხარს არ დაუჭერდნენ. თუმცა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრთა სრული თანხმობა არ სჭირდება და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის კონსენსუსი ჯერჯერობით არ არის. უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეეწინააღმდეგა რვა წევრი ქვეყანა იტალიის ხელმძღვანელობით. მათი შეფასებით, ეს ზომა პირდაპირ დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და არ იქნება პროპორციული.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა კი, რომელიც საკითხის გააქტიურებას ემხრობა, კოლეგებს მოუწოდა, მზად იყვნენ სწრაფი რეაგირებისთვის, თუ თბილისი კურსს არ შეცვლის.