ევროკავშირში მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმები მიიღეს
უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან
ევროპის მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლდა მექანიზმები მესამე სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებების შედეგად ევროკავშირი უკეთეს მდგომარეობაში იქნება იმ სიტუაციებზე რეაგირებისთვის, “როდესაც უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან ევროკავშირის ინტერესების” საწინააღმდეგოდ მუშაობს.
რა წერია განცხადებაში
“ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა სასარგებლოა როგორც უცხოელი მოქალაქეებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. მაგრამ თუ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ბოროტად იყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო ინსტრუმენტი სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ინსტრუმენტებს შეუძლიათ ზეწოლა მოახდინონ იმ ქვეყნებზე, რომლებიც თავს არიდებენ თანამშრომლობას არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი საფუძვლები შემდეგნაირად განისაზღვრა:
- ქვეყნის უვიზო რეჟიმის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც – ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო – ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული ჩამოსვლის ზრდა.
- ინვესტორთა მოქალაქეობის სქემის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ, მოქალაქეობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან.
- ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონმდებლობასა და პროცედურებში.
- ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.
ხაზგასმულია, რომ აღნიშნული საფუძვლები ემატება უკვე არსებულს, როგორიცაა თავშესაფრის განაცხადების რაოდენობის ზრდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლისთვისაც თავშესაფრის აღიარების მაჩვენებელი დაბალია ან მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, რომლებსაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დადგინდა, რომ ისინი აჭარბებდნენ დარჩენის ვადას.
განცხადებიდან ვიგებთ, საბჭო და ევროპარლამენტი ასევე შეთანხმდნენ მექანიზმის გაუმჯობესებაზე, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეუზღუდავს მხოლოდ თანამდებობის იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე. რადგანაც, როგორც განცხადებაში განმარტებულია, იმ შემთხვევებში, თუ მთავრობა აშკარად პასუხისმგებელია სიტუაციის გაუარესებაზე, მთლიანი მოსახლეობის მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არაპროპორციული იქნება.
ცვლილებები შეეხო, უვიზოდ გადაადგილების სარგებლობის შეჩერების ხანგრძლივობასაც, რომელიც 9 თვიდან, 12 თვემდე გაიზარდა. ხოლო, შესაძლებელია, რომ ეს საწყისი პერიოდი კიდევ 24 თვით გადავადდეს.
“დროებითი შეჩერების ეს ფაზა საშუალებას მისცემს ევროკომისიას, ჩაერთოს დიალოგში მესამე ქვეყანასთან, რათა შესაბამისმა ქვეყანამ შეძლოს შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორება.
ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სამუდამოდ გაუქმებაზეც, თუ მესამე ქვეყანა არ გადახედავს დროებითი შეჩერების გამომწვევ მიზეზებს”, – წერია განცხადებაში.
რატომ არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა 11 ივნისს განაცხადა, რომ მისი მთავრობა მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, რათა შეიზღუდოს ან გაუქმდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს განცხადება ტუსკმა პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“ვცდილობთ შევქმნათ საჭირო უმრავლესობა იმისთვის, რომ შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან და სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც. კი, ეს ჩემი განზრახვაც არის. თანაც იმ აზრით, რომ მესმის — ქართველების მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ვიცით, რა არის პრობლემა.
ბოდიშს ვუხდი ქართველებს, თუ ეს განცხადება შეურაცხმყოფელია, მაგრამ ზოგადად, ვუჭერ მხარს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს დემოკრატიას; ან საიდანაც მიგრაცია ქმნის საფრთხეს კანონისთვის როგორც პოლონეთში, ასევე ევროპაში.“ – თქვა პოლონეთის პრემიერმა.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველომ შესაძლოა ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიული შანსი დაკარგოს. ასევე, ელჩი გამოეხმაურა დონალდ ტუსკის განცხადებას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია.
“ჩემი საქმე არ არის, ვუთხრა რომელიმე პარტიას რა გააკეთოს ან რა არა. მე მსურს ქართველებს შორის დიალოგი ვიხილო. იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გაიმარჯვებს – ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციის, ამას ეროვნულ პრიორიტეტად აღიქვამს, ხოლო განსხვავებები, რომლებიც ნორმალურია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, დაძლეული იქნება და საქართველო დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას.
გაფართოება წინ მიიწევს, რაც ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ სწრაფად მივდივართ წინ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, ხოლო საქართველოსთან, ეს პროცესი ჩიხშია, რაც უკიდურესად სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს ეს ისტორიული შანსი.” – თქვა ტუსკმა.
• საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.
• ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდება და ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე არ დგას.
• ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად ქვეყნიდან წასვლის მოტივად საქართველოში არსებულ უმუშევრობას ასახელებენ. ასევე ევროპაში საქართველოს ბევრი მოქალაქე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიდის, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
• მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ევროპაში ქართული კრიმინალი – როგორც ორგანიზებული, ისე წვრილმანი ქურდობები. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით ხშირად მიუთითებს გერმანია. ამ ქვეყნის წარმომადგენლები გასულ წელს თბილისშიც კი იყვნენ და საქართველოს შს მინისტრს ქმედითი ზომების გატარება მოსთხოვეს.