უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში, ავიაკატასტროფის შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა. 25 სექტემბრის საღამოს, სამხედრო თვითმფრინავი ან-26 ხარკოვის ოლქში, ქალაქ ჩუგუევთან ჩამოვარდა.
როგორც უკრაინული ტელეკომპანია „გრომადსკოე“ იტყობინება, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც სასწავლო გაფრენას ახორციელებდა, 27 ადამიანი იმყოფებოდა – ხარკოვის ეროვნული საჰაერო ძლების უნივერსიტეტის 20 კურსანტი და შვიდი ოფიცერი.
ჩამოვარდნის შემდეგ, ორი გადარჩენილი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე ხარკოვის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება და შეიძლება, უახლოეს დღეებში გაწერონ.
კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. გამოძიებას უკრაინის გამოძიების ეროვნული ბიურო აწარმოებს. მომხდარის რამდენიმე ვერსია განიხილება: კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის ბრალია, ეკიპაჟის ან იმ პირების მიერ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადო შესრულება, რომლებიც თვითმფრინავის ტექნიკურ მომსახურებასა და ფრენისთვის მის მომზადებაზე იყვნენ პასუხისმგებლები.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა, ასევე განკარგულება გასცა, უკრაინაში ყველა ან-26-მა შეაჩეროს ფრენა, სანამ მომხდარის მიზეზები გაირკვევა.