უკრაინა და რუსეთი: მტრები თუ სავაჭრო პარტნიორები?
2018 წლის 1 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დიდი ხნის დაპირებული სანქციები დააწესა.
„შავ სიაში“ სულ 322 ბიზნესმენი და 68 კომპანია მოხვდა, მაგრამ სიაში არ არის უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი კომპანიები, თუმცა უკრაინის ბევრი მედია და პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ მისი ბიზნესი აქტიურად მუშაობს რუსეთის ბაზარზე და მოსკოვის სანქციებისგან ამ დაცულობამ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მას შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიოს.
•პუტინის გარემოცვას სანქციები ემუქრება
• კომენტარი: რუსეთს ემუქრება იზოლაცია, რომელიც შეუქცევადი იქნება
ვის შეეხო სანქციები
როგორც რუსული „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, სიაში არიან: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილი გრიცაკი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ რაინინი.
ასევე – უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, უმაღლესი რადას ბოლო მოწვევის დეპუტატები, მსხვილი უკრაინელი მეწარმეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები, ასევე მსხვილი უკრაინული ბიზნესის რიგებში არსებული კომპანიები.
სანქციები სასანქციო სიაში მყოფი ადამიანებისთვის ან საწარმოებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ანგარიშების, ფასიანი ქაღალდებისა და ქონების დაბლოკვას, ასევე მათი კაპიტალის რუსეთის გარეთ გატანის აკრძალვას ითვალისწინებს.
მეტოქე – პარტნიორები
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები კიევის მოქმედებების საპასუხოდ დააწესა – 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინამ რამდენჯერმე, ევროპისა და აშშ-ს კვალდაკვალ რუსეთის კომპანიებისა და ბანკების მიმართ ამკრძალავი ღონისძიებები გაატარა.
თუმცა, ამავდროულად, რუსეთი უკრაინის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება.
კიევი მოსკოვს იმაში ადანაშაულებს, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებს. თუმცა, ამავდროულად რუსეთი არამხოლოდ იმპორტის ლიდერად რჩება, არამედ საკუთარ მაჩვენებლებს ზრდის კიდეც.
ამჟამად რუსეთი, უკრაინაში საქონლის შეტანის მიხედვით, ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
რა კავშირია სანქციებსა და უკრაინაში მომავალ არჩევნებს შორის
უკრაინის პრეზიდენტის მორიგი საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო – მთავარმა მოთამაშეებმა განაცხადი უკვე გააკეთეს. 2019 წლის გაზაფხულზე შედგება საპარლამენტო არჩევნებიც. ბრძოლა დაიწყო.
ბიზნესის და ომის უცნაური შეთავსება – ეს უკრაინის საზოგადოების მთავარი პრეტენზიაა მოქმედი ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართ, რომელსაც რუსეთში ბიზნესის წარმართვაში ადანაშაულებენ. მისი მეტოქეები კი ამით სარგებლობას აპირებენ.
სექტემბრის შუა რიცხვებში უმაღლესი რადას ორმოცზე მეტმა დეპუტატმა, რომელთა შორის ორი პრეზიდენტის თანამდებობის პრეტენდენტია – იულია ტიმოშენკო და ვიქტორ ჩუმაკი – პეტრო პოროშენკოს მიმართვა გაუგზავნეს.
მათ ქვეყნის მეთაურს მოსთხოვეს „საჯაროდ განემარტა“ ყველა ის ფაქტი, რაც უკრაინისა და უცხოეთის მედიამ გაასაჯაროვა, და რაც „დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.
კერძოდ, მოქმედ პრეზიდენტს შესთავაზეს, რომ უარეყო ან დაედასტურებინა რუსეთთან არადეკლარირებული ბიზნესის მის ხელთ არსებობა, რუს მეწარმეებთან თანამშრომლობის და რუს ოლიგარქებს შორის “ჩრდილოვანი“ საქმიანი პარტნიორების ყოლის ფაქტები.
პოროშენკოს ერთადერთი საწარმო რუსეთში, რომელიც ცნობილია არის ფაბრიკა „როშენი“ რუსეთის ქალაქ ლიპეცკში. თუმცა, ის 2017 წელს, იანვარში დაიხურა.
მოსკოვის კოზირები
როგორც „ნოვაია გაზეტა“ აანალიზებს, ამ სიტუაციაში მოსკოვს საშუალება აქვს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების რეიტინგზე გავლენა მოახდინოს, პირველ რიგში კი – მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგზე.
უკრაინის პრეზიდენტი პირველი ნომრით „პერსონალურ“ სიაში რომ მოხვედრილიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ მასაც და რუსეთში არსებული მისი კომპანიის აქციონერებსაც რაღაც დასაკარგი აქვთ. თუმცა, პეტრო პოროშენკო სიაში არ არის, და იქ მხოლოდ მისი უფროსი ვაჟი, ალექსეი მოხვდა. ეს ფაქტი კი უკრაინის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეების მიერ, შესაძლოა, კრემლთან „სახელშეკრულებო ურთიერთობის“ დასტურად შეფასდეს.
თუმცა, პოროშენკოს სიაში არშეყვანის ფაქტი რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა უბრალოდ განმარტა: „ტრადიციულად, პრეზიდენტები სანქციების სიაში არ ხვდებიან“. პრესკოვმა დასძინა, რომ კონტრზომები იმის იმედით დაწესდა, რომ კიევი ურთიერთობების ნორმალიზების პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, რაც ჯერჯერობით არ ჩანს.