კომენტარი: შეზღუდვების დაწესება ისეთ ადგილებში, სადაც მანქანები არ მოძრაობენ, შეკრების თავისუფლების კრიმინალიზებაა
ტროტუარზე შეკრების კანონი
“შეზღუდვების დაწესება ისეთ ადგილებში, სადაც მანქანები არ მოძრაობენ, ყოვლად დაუშვებელია. ეს, ფაქტობრივად, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კრიმინალიზებაა – ეს ძალიან მსუსხავ ეფექტს იქონიებს და მიზანიც გასაგებია”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
როგორც ქურდოვანიძემ განმარტა, ცვლილებები, რაც კანონპროექტითაა გათვალისწინებული, საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია.
რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, დგინდება შსს-ს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართებ – ქურდოვანიძის შეფასებით, ეს აქციის გამართვას გარკვეულ ნებართვაზე დაქვემდებარებას გულისხმობს.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

ნონა ქურდოვანიძე: “ისეთ ადგილებში, სადაც მანქანები არ მოძრაობენ, ასეთი ტიპის შეზღუდვების დაწესება ყოვლად დაუშვებელია და ეს კონსტიტუციას არღვევს. სანქციად რა მოჰყვება, ამასაც რომ შევხედოთ ეს, ფაქტობრივად, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კრიმინალიზებაა. ეს ძალიან მსუსხავ ეფექტს იქონიებს და მიზანიც გასაგებია.
ეს არის გაგრძელება იმ ცვლილების, რაც უკვე მოხდა. ბოლო წლებში განსაკუთრებით დამძიმდა. 2024-25 წლებში არაერთი ცვლილება შევიდა “შეკრება/მანიფესტაციების კანონში“ და სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელმაც ეს სივრცე უფრო და უფრო დაავიწროვა და ფაქტობრივად, მოქალაქეების შეკრების გამართვის უფლების თავისუფალი შესაძლებლობა გაანულა.
რა შეიძლება ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა გააკეთონ? თუ რაიმე სივრცე დარჩა პროტესტის მშვიდობიანი ფორმის გამოხატვის, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ სამართლებრივად, ზოგადად, შესაძლებელია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს. თუმცა, სამწუხაროდ, დიდი მოლოდინების გაჩენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლა, დღეს არსებული მოცემულობით, რაიმე პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია, შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს.
საუბარია, რომ ეს თითქოს, შეტყობინებაა, მაგრამ მისი შინაარსით და შემზღუდველი ბუნების გათვალისწინებით, ეს უთანაბრდება წინასწარი ნებართვის აღებას, რაც როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლის ხელმომწერიც საქართველოა, ისე საქართველოს კონსტიტუციით, აკრძალულია. უფრო მეტიც, ამ საკითხებზე უკვე აქვს ნამსჯელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მიღებულიც აქვს გადაწყვეტილება, რომ არ შეიძლება ისეთი შეზღუდვების დადგენა, რომელიც მაგალითად, სპონტანური აქციის შემთხვევაში, შეუძლებელს გახდის მოქალაქეებმა სპონტანურად გამოხატონ საკუთარი პროტესტი. ასეთი ფორმით შეკრების გამართვა ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, გამოირიცხება.“