ევროსასამართლომ ტრანსგენდერი კაცების საქმეში დარღვევის გამო მთავრობას 16 000 ევრომდე დააკისრა
ტრანსგენდერი კაცების საქმე
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმე დასაშვებად ცნო და ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა დაადგინა. დასკვნის მიხედვით, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც გულისხმობს პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, რის გამოც საქართველოს მთავრობას 16 000 ევრომდე გადახდა დაეკისრა.
სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი ორმა ტრანსგენდერმა კაცმა, ა.დ.-მ და ა.კ.-მ 2017 წელს გაგზავნა, 2019 წელს კი მათ საჩივარს მესამე ტრანსგენდერი კაცი, ნიკოლო ღვინიაშვილი დაემატა.
განმცხადებლები ითხოვდნენ, რომ მათი გენდერი სამართლებრივად ეღიარებინათ და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ჩაწერილიყო კაცი. ეროვნულ სასამართლოში სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას სამი განმცხადებლიდან თითოეულისთვის 2 000 ევროს გადახდა დაავალდებულა. ამას გარდა, ნიკოლო ღვინიაშვილისთვის, საჩივრის შეტანასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, დამატებით 9 812 ევროს გადახდა დაეკისრა.
განმცხადებლები მთავრობას კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევასაც ედავებოდნენ, თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე შინაარსობრივად სხვა მუხლს ეხებოდა და სწორედ ამიტომ, განმცხადებლების მოთხოვნები აღნიშნულ ორ მუხლზე დასაშვებად არ ცნო.
● საქართველოში ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს
● გაჩნდა იმედი, რომ ადამიანები შეიცვლებიან – ქართველი ტრანსგენდერები სოლიდარობასა და სიძულვილზე
●არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა
როგორც სასამართლო საკუთარ დასკვნაში განმარტავს, საქმეში მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სქესის შეცვლის სამართლებრივი ნორმები არ არის ზუსტად დადგენილი.
“თუმცა, მოცემულ საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის ნიშნის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომელიც პირს სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში სქესის/გენდერის ნიშნის შეცვლის უფლებას აძლევს, კანონი არაფერს ამბობს, რა პირობები და გარემოებები უნდა შესრულდეს, საჭიროა თუ არა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სამედიცინო პროცედურები”. – გადაწყვეტილებაში.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ მთავრობამ უპასუხოდ დატოვა სასამართლოს კითხვები, თუ ზუსტად რა სახის სამედიცინო პროცედურებია საჭირო, რათა გენდერი სამართლებრივად აღიარონ.