Tinder vs Toynder: რატომ არ იმუშავა აზერბაიჯანში გაცნობის პოპულარულმა აპლიკაციამ
– ბოდიში, ვერ გიპასუხე. ერთ გოგოს ველაპარაკებოდი. ცოტა ხნის წინ გავიცანი, – თითქოსდა სასხვათაშორისოდ ტრაბახობს ჰუსეინი.
– გილოცავ. სად გაიცანი?
– Tinder-ზე.
– სად?!
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბაქოში რომანტიკული ნაცნობობის დამყარება შეიძლება სამსახურში, სასწავლებელში, ფეისბუკში, სტუმრად, სტომატოლოგის კაბინეტთან ორგანიზებულ რიგში, საცობში, გაგარინის ხიდზე… მოკლედ, ყველგან Tinder-ის გარდა.
„ტინდერი“ მობილური აპლიკაციაა, რომელიც გაცნობისთვისაა განკუთვნილი. ეს პროგრამა გეოლოკაციის გათვალისწინებით მუშაობს. ანუ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მხოლოდ იმ ადამიანებს შორის აირჩიონ „კანდიდატები“, რომლებიც მასთან ახლოს (მაქსიმუმ, ასკილომეტრიან რადიუსში) იმყოფებიან.
ამ პროგრამის პროტოტიპს წარმოადგენდა Grindr, რომელიც ჰომოსექსუალებისთვის იყო განკუთვნილი; მოგვიანებით კი ჰეტეროსექსუალებმა გადაწყვიტეს, ამ დისკრიმინაციისათვის ბოლო მოეღოთ. დასავლეთში „ტინდერი“ ძალიან პოპულარულია. მას თავგადასავლების მაძიებლებიც იყენებენ, და დიდ და წმინდა სიყვარულზე მეოცნებე სერიოზული ამხანაგებიც. საკმაოდ დიდია იმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთა მშობლებმაც ამ გზით გაიცნეს ერთმანეთი.
მაგრამ „ტინდერს“ ასეთი ეფექტი მხოლოდ დასავლეთში აქვს.
ბევრმა უბრალოდ არ იცის, რომ ტინდერის გამოყენება აზერბაიჯანშიც შეიძლება. ხოლო როდესაც ასეთი შესაძლებლობის არსებობის შესახებ იგებენ, ამ ვარიანტს სკეპტიკურად უყურებენ ხოლმე. უმრავლესობის აზრით, ტინდერის აზერბაიჯანული სეგმენტი ერთგვარი ბნელი შესახვევია, რომელიც ორივე სქესის „გოპნიკებითაა“ დასახლებული.
რითია განპირობებული ასეთი დამოკიდებულება? შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანში გაცნობის სურვილის დემონსტრირება (და, მით უმეტეს, ამის შესახებ ღიად საუბარი ინტერნეტში) მიღებული არ არის. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ასე მხოლოდ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მამაკაცები და ქარაფშუტა ქალები იქცევიან. შესაბამისად, იმ ადამიანებაც კი, რომლებიც „შტამპებით“ არ აზროვნებენ, უბრალოდ არ სჯერათ, რომ ტინდერზე „ნორმალური“ ადამიანის პოვნა შეიძლება.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ის ჭორები, რომლებიც ტინდერის შესახებაა გავრცელებული, საგამოძიებო ექსპერიმენტი წამოვიწყე. დაე, მაპატიოს იმ უცნობმა თურქმა გოგონამ, რომლის ფოტოც ამ მიზნებისთვის გამოვიყენე. ზევსია მოწამე, მხოლოდ სამეცნიერო ინტერესები მამოძრავებდა.
საგამოძიებო ექსპერიმენტი
Tinder-ს ერთი უდავო უპირატესობა აქვს – პირად შეტყობინების მოწერის საშუალება მხოლოდ იმ მომხმარებლებს აქვთ, რომლებიც თქვენი კეთილგანწყობით სარგებლობენ და პირიქით – მხოლოდ იმ ადამიანებთან შეგიძლიათ მიმოწერის დაწყება, რომლებმაც თქვენი ფოტოები მოიწონეს.
მეორე მხრივ კი უნდა აღინიშნოს, რომ ეს სისტემა არც ისე მოსახერხებელია.
მას შემდეგ რაც აპლიკაციას გადმოწერთ და დარეგისტრირდებით, პროგრამაში ძიების პარამეტრები (სქესი, ასაკი და დასაშვები მანძილი) უნდა შეიყვანოთ. ამ ცნობების საფუძველზე „ტინდერი“ იმ ადამიანების ფოტოებს „დაგიყრით“, რომლებიც, სავარაუდოდ, დაგაინტერესებთ. ზოგიერთ ფოტოს მოკლე ინფორმაცია ახლავს თან. „გადაშალეთ“ ეს სურათები და „დაალაიქეთ“ ის ფოტო, რომელიც მოგეწონებათ. თუკი ეს ადამიანიც „დაალაიქებს თქვენს ფოტოს, ზეცაში ანგელოზების გალობის ხმა გაისმება და თქვენთვის „ჩეთის“ ჭიშკარი გაიხსნება. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მიმოწერა დაიწყოთ, ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ, პაემანი დანიშნოთ და ა.შ.
ხუთწუთიანი მიმოწერა სრულიად საკმარისია პირველადი დასკვნების გამოსატანად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი გარკვეულ კატეგორიულობას გამოიჩენთ, „კანდიდატის“ ადეკვატურობის შესაფასებლად რამდენიმე წამიც გეყოფათ. ამავდროულად შეგიძლიათ ლინგვისტური თავსატეხების ამოხსნითაც დაკავდეთ – ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ რატომ არ იყენებს ადამიანების დიდი ნაწილი კითხვის ნიშანს იმ შემთხვევებში, როდესაც წერს ფრაზას „როგორ ხარ?“
ტინდერის აზერბაიჯანულ სექტორში წარმოდგენილი მამაკაცების ნახევარს უცხოელები წარმოადგენენ – სტუდენტები, საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტები და მოგზაურები, რომლებიც ბედის მანქანებით, ან ხელმძღვანელობის ნებით, აზერბაიჯანში მოხვდნენ და, როგორც ჩანს, აქ მარტოობისგან იტანჯებიან. სავარაუდოდ, „ტინდერს“ აქ ჩამოსვლამდეც იყენებდნენ და ამ აპლიკაციის ხმარების ჩვევა „თან ჩამოჰყვათ“.
მამაკაცების მეორე ნაწილს ადგილობრივი კონტინგენტი წარმოადგენს. ანკეტების უმრავლესობა მასში წარმოდგენილი ინფორმაციის დავიწყების სურვილს აღძრავს. სხვათა შორის, როგორ გგონიათ, რა მოტივებით მოქმედებენ მამაკაცები, რომლებიც „სატყუარას“ სახით ბავშვებთან (აშკარად საკუთარ შვილებთან) ერთად გადაღებულ ფოტოებს ტვირთავენ? იმის დემონსტრაციას ახდენენ, რომ მოსიყვარულე მამები არიან, თუ გოგონებს აფრთხილებენ, რომ ხელფასის ნახევარს ალიმენტებს ახმარენ? მათ ფონზე ის მამაკაცები, რომლებიც ფოტოებზე ავტომობილებს ეხუტებიან, დიდებულ სტრატეგებს ჰგვანან. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ სავსებით ნორმალური პერსონაჟებიც გვხვდებიან – თავაზიანი, ჭკვიანი, ადეკვატური და სიმპათიური ადამიანები, რომელთა არსებობაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს ექსპერიმენტი დამესრულებინა.
ერთ დღეზე მეტხანს ვერ გავუძელი. ჩემი „ექაუნთი“ და თითის ანაბეჭდები წავშალე და სამარცხვინოდ გავეცალე იქაურობას. ამჯერადაც სინდისის ქენჯნამ შემაწუხა. მორალური კანონი უდანაშაულო ადამიანების მოტყუების უფლებას არ მაძლევდა. ამას გარდა, ადამიანების სიმრავლის გამო აგორაფობიისა და მიზანთროპიის შეტევები დამეწყო. თანაც ფოტოზე გამოსახულ თურქ ქალს არაკეთილმოსურნე ადამიანის იერი ჰქონდა და მნახველს კოშმარებს უქადდა.
მოწმეთა ჩვენებები
ჰუსეინთან საუბრის შემდეგ ორი კვირა გავიდა და ამ პერიოდში ის თავის იდუმალ უცნობ გოგონას შეხვდა, მისდამი სიმპათიით განიმსჭვალა და დაშორდა კიდეც. უცნობი გოგონა მეტისმეტად იდუმალი აღმოჩნდა დიდი ხნით ქრებოდა ხოლმე, რის გამოც ჰუსეინს ეჭვი გაუჩნდა, რომ ამ გოგონას სხვა ბიჭებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, ის ტინდერს მეწყვილის ძებნის პერსპექტიულ და საიმედო საშუალებად მიიჩნევს.
კარგია, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ მიმოწერა, რომლებსაც ერთმანეთი მოსწონთ. ამასთან, როდესაც სხვა სოციალურ ქსელში (მაგალითად, „ფეისბუკში“) ცდილობთ, გაიცნოთ გოგონა, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ მას საერთოდ არ სურს ვინმეს გაცნობა. Tinder-ზე კი მხოლოდ ის ადამიანები რეგისტრირდებიან, რომლებსაც სხვა „იუზერების“ გაცნობა სურთ.
როგორც ჩანს, ჰუსეინი ერთადერთია, ვისაც „ტინდერზე“ უმართლებს. ჩემ მიერ გამოკითხული სხვა მამაკაცები კი ტინდერთან დაკავშირებულ გამოცილებას ისე იხსენებენ, როგორც ვიზიტს საგადასახადოში.
ანარი, 30 წლის: «სიმართლე გითხრათ, „ტინდერზე“ არც ისე სიმპათიური პუბლიკაა შეკრებილი. ალბათ იმიტომ, რომ აზერბაიჯანში გენდერული ურთიერთობების კულტურა ძალიან ცუდადაა განვითარებული და ეს გარემოება დიდ გავლენას ახდენს ინტერნეტში გაცნობის ფენომენზე ».
ორჰანი, 25 წლის: «როგორ გგონიათ, ლამაზი გოგონა ინტერნეტში დაიწყებს ბიჭის ძებნას? ბაქოში ტინდერს მხოლოდ უშნო, ან სულელი გოგონები იყენებენ».
მურადი 32 წლის: «ვერ ვხვდები, რისთვის რეგისტრირდებიან ადგილობრივი გოგონები „ტინდერზე“, თუკი საერთოდ არ მოდიან კონტაქტზე».
ჩინგიზი 43 წლის: «Tinder-ის ბაქოურ სეგმენტში ნორმალურ გოგონებს იშვიათად შეხვდებით. გოგონების ნაწილი იქ საკუთარი თავის გასაყიდად რეგისტრირდება, დანარჩენები კი დარწმუნებულია, რომ „ტინდერი“ გოგონების გათხოვებისთვისაა შექმნილი».
ტინდერისგან განსაკუთრებულად დადებითი ემოციები არც ქალებს მიუღიათ.
სამირა, 31 წლის: « ჩემი და დავიყოლიე და „ტინდერზე“ დავარეგისტრირე. მაგრამ ჩემი საქციელი ძალიან ვინანე. მიმოწერის დაწყებისთანავე სექსს სთავაზობდნენ. ყველა ასე იქცეოდა».
გიუნელი, 27 წლის: «ერთხელ მე და ჩემი დაქალი დავრეგისტრირდით. ხუთი წუთი ვიცინოდით, შემდეგ კი აღარ გვეცინებოდა, იმიტომ რომ ერთი ნათელი სახეც კი ვერ ვიპოვეთ».
ლალა, 29 წლის: «შევეცადე, ეს პროგრამა გამომეყენებინა, მაგრამ ჩემი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ჩემი აზრით, სრულიად უაზრო რამაა».
აისელი, 26 წლის: «ევროპაში ყოფნისას ტინდერს წარმატებით ვიყენებდი, მაგრამ ბაქოში ჩამოსვლის შემდეგ იქ შესვლას ვერ ვბედავ. რომ შევიდე, ალბათ, საშინელი სიტუაცია დამხვდება».
მედინა, 30 წლის: «დამაინც, პირადად ჩემთვის, ეს არაბუნებრივი პრაქტიკაა და სრული სასოწარკვეთილების მანიშნებელია».
ჩაკეტილი წრე
ამასთან, ბევრი გამოკითხული აღიარებს, რომ ვირტუალური ნაცნობობის პლატფორმის საჭიროებას განიცდის. მაგრამ ამჟამად არსებული რესურსები არაეფექტურია აზერბაიჯანში. ფეისბუკის გარდა, რომელიც კონკრეტულად ასეთი მიზნებისთვის შეიქმნა და ამ ფუნქციას კარგად ვერ ასრულებს (შესაძლოა იმიტომაც, რომ ამ მიზნისათვის არაა შექმნილი).
ზოგადად, აზერბაიჯანში მიზანმიმართული ინტერნეტგაცნობის პრაქტიკა არაეფექტურია და ეს მდგომარეობა დაიალ-აპის პირველყოფილი პერიოდიდან არ იცვლება. ყველაფერი დაიწყო ვებგვერდით Mamba, რომელიც თავიდან თავის ძირითად ფუნქციებს ასრულებდა, მაგრამ მოგვიანებით კვალიფიკაცია შეიცვალა და სექსუალური მომსახურების ბაზრად იქცა. არ არის გამორიცხული, რომ ტინდერიც იმავე გზით ვითარდებოდეს.
ქალები ტინდერს ერიდებიან, იმიტომ რომ არაადეკვატურ ადამიანებს გაურბიან და „სიყვარულის ქურუმის“ იარლიყის მიღების ეშინიათ, მამაკაცები კი შიშობენ, რომ სწორედ ამ არაადეკვატურ ადამიანებად ჩათვლიან და „სიყვარულის ქურუმებს“ გადააწყდებიან. მოკლედ, ჩაკეტილ წრესთან გვაქვს საქმე.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბაქოში „კონსერვატიულ“ და „თანამედროვე“ ახალგაზრდობას შორის იდეოლოგიური უფსკრული არსებობს. ტრადიციების ერთგული აზერბაიჯანელი სერიოზული ურთიერთობების საძიებლად არასდროს მიმართავს ინტერნეტს, ამისათვის სხვა გზები არსებობს. მაგალითად, ნათესავების ქორწილები. „ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა იხუმრა: «Tinder-ის აზერბაიჯანულ ვარიანტს „Toynder“ ეწოდება» (აზერბაიჯანული სიტყვიდან «toy» – «ქორწილი»).
„ჰეფი ენდი“
37 წლის ირადა ბოიფრენდს დაშორდა და სამი წლის მანძილზე მამაკაცებისგან შორს ეჭირა თავი. ის კატეგორიულ უარს აცხადებდა ახალი ურთიერთობების დაწყებაზე. შემდეგ კი მისმა მეგობარმა თითქმის ძალით დაარეგისტრირა „ტინდერზე“.
თავიდან ძალიან ვყოყმანობდი. ამასთან, ყველა ამბობდა, რომ ტინდერი ერთდღიანი სექსუალური ურთიერთობებისთვისაა შექმნილი. მაგრამ იგივე მეგობარი მარწმუნებდა, რომ შეუფერებელი წინადადების მიღებისგან არავინაა დაზღვეული და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული… ასე რომ, მაინც გავრისკე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანელებს საერთოდ არ განვიხილავდი. მხოლოდ უცხოელებს „ვალაიქებდი“ და ორ მშვენიერ მამაკაცს (კულტურულ, მიმზიდველ, განათლებულ და სერიოზულ ურთიერთოებებზე ორიენტირებულ ადამიანებს) გადავაწყდი. ერთი მათგანი თურქი იყო, მეორე კი – კოლუმბიელი. ძალიან გამიჭირდა ამ ორ მამაკაცს შორის არჩევანის გაკეთება. მიმაჩნია, რომ „ინტერნეტნაცნობობა“ ადამიანების გაცნობის სხვა საშუალებებს არაფრით ჩამორჩება. და სულაც არ არის სისულელე. სინამდვილეში, სისულელე სიყვარულის პოვნის საშუალებაზე უარის თქმაა.