ტელეგრამ-მუქარებმა საქართველოში სასწავლო პროცესი შეაფერხა. სუს-ი აცხადებს, რომ საფრთხე არ არსებობს
ტელეგრამ-მუქარა სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა” არც სკოლებსა და არც სავაჭრო ცენტრებში.
აღნიშნული განცხადება სუს-მა სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამში გავრცელებული ცნობების საპასუხოდ გააკეთა.
21 აპრილს საღამოს, ტელეგრამში გავრცელდა რუსულ ენაზე დაწერილი მუქარის შემცველი გზავნილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში იგეგმებოდა თავდასხმები ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით. გზავნილში საუბარი იყო რუსულ სკოლებსა და რუსულ სექტორზე თავდასხმაზე.
ტელეგრამის არხი, რომელზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა, ამჟამად აღარ იძებნება.
სუს-იის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ახლაც აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს.
სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხდა
აღნიშნული მუქარის შემცველი ცნობები სწრაფად მოედო სოციალურ ქსელებს.
მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება მინისტრს არ მიუღია, საგანმანათლებლო პროცესი დღეს სკოლებში შეფერხებით მიმდინარეობს.
ბევრმა მშობელმა შვილი სკოლაში არ გაუშვა.
“თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ საღამოს ჩემი შვილის კლასელების მშობლების ჩატში რომ დაიწყეს წერა, შევშინდი. ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას აპირებთ, ბავშვებს სკოლაში თუ გაუშვებთო. ამიტომ, მეც არ გავუშვი დღეს ბავშვები სკოლაში,” – ამბობს 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დედა, ნინო დადუნაშვილი.
“რადიო თავისუფლება” წერს, რომ რამდენიმე მოსწავლის მშობელმა აცნობა, რომ მიიღეს მითითება სკოლაში შვილი არ გაეშვათ.
„პოლიცია მუშაობს, საფრთხის შემცველი შეტყობინება რუსულ სექტორებთან დაკავშირებით. უსაფრთხოების მიზნით ხვალ არავინ არ უნდა მოვიდეს სკოლაში, სკოლის შენობასთანაც არავინ არ უნდა მოვიდეს, არ გაეკაროს არავინ. გთხოვთ, დარჩით სახლში, ბავშვები არ გამოუშვათ. დამიდასტურეთ ყველამ და გადაეცით ერთმანეთს. ხვალ არავინ არ მოვიდეს!“ – ამბობს ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელი აუდიოჩანაწერში, რომელიც რადიო თავისუფლებას მიაწოდეს.
განათლების სამინისტროს პრესსამსახური უარყოფს, რომ უწყებამ სკოლის დირექტორებს სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმე მითითება მისცა.
„სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა“, – ამბობენ პრესსამსახურში.
მსგავსი ტიპის ინფორმაცია, სხვადასხვა საჯარო ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებასთან დაკავშირებით, საქართველოში მანამდეც გავრცელებულა. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო იყო 2024 წლის იანვარში, გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, აფეთქებები მზადდებოდა ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში.