საქართველო და თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს
თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. მათი განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არ ცნობს მისი შედეგების ლეგიტიმურობას. დღესვე განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმაც. მათი განმარტებით, ევროკავშირი და აშშ ასევე არ ცნობენ 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს.
საქართველო
“საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნებისა” და მათი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.” – ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
ევროკავშირი
“ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.” – თქვა კარლ ჰარცელმა.
აშშ
“ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები” და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი”, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს.” – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
● სკანდალები, პროტესტი, გამოძიება – წინასაარჩევნო გარემო ცხინვალში
● სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეეთებას გეგმავს, მოსკოვი წინააღმდეგი არ არის
● მოსაზრება: ნუ გერევათ აფხაზეთი სამხრეთ ოსეთში
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დღეს დე-ფაქტო პრეზიდენტს ირჩევენ.
კენჭს იყრის ხუთი კანდიდატი:
1. მოქმედი პრეზიდენტი, “ედინაია ოსეტია”-ს ლიდერი ანატოლი ბიბილოვი;
2. პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი;
3. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი;
4. დეპუტატი გარი მულდაროვი;
5. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე პლიევი
ყველა კანდიდატი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მომხრეა. საარჩევნო უბნები ვლადიკავკაზში, მოსკოვსა და სოხუმშიც გაიხსნა.
სულ სამხრეთ ოსეთში 32 ათასი ამომრჩეველია. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ამომრჩეველთა 50 პროცენტი მიიღებს მონაწილეობას.
დე-ფაქტო პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან ცოტა ხანში სამხრეთ ოსეთში დაინიშნება რეფერენდუმი, სადაც ხალხს ჰკითხავენ, სურთ თუ არა რუსეთთან გაერთიანება.