სუს სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში შევიდა და დოკუმენტაცია ამოიღო
გაზიარება
გაზიარება
სუს-ი სუპერმარკეტების ქსელებში შევიდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში შევიდა. მათი განმარტებით, სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება.
“ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს“ სუს-ში.
სუს-ის თანამშრომლები იყვნენ დეილი ჯგუფის სათავო ოფისში, რომელიც აერთიანებს შემდეგ მარკეტებს: სპარს, მაგნიტს, გვირილას, იოლს, კალათას და დეილის.
სუს-ის თანამშრომლების შესვლას ადასტურებს კიდევ ერთი ქსელური მარკეტის, აგროჰაბის დირექტორიც.
“სუს-ის ანტიკორუფცული სამსახურიდან იყვნენ მოსულები. წინასწარ დაგვირეკეს, ოფისში თუ ხართ, გვინდა, რაღაც საკითხები გავიაროთო და მოვიდნენ. დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს, შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ.
რაღაცები თარიღების მიხედვით არის გასაკეთებელი, დოკუმენტაციას გავამზადებთ და მივაწვდით, მაღალ ფასებთან დაკავშირებით, როგორც ამბობენ და რაზეც საუბრობენ ეს ბოლო პერიოდია, მაგასთან არის კავშირში”. – უთხრა TV პირველსაგროჰაბის დირექტორმა.
გუშინ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაახლოებით 15 მსხვილ საცალო სასურსათო ქსელის წარმომადგენელს შეხვდა, რათა განეხილათ ფასების ზრდის პრობლემა და შესაძლო გამოსავლის გზები.
შეხვედრის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ მნიშვნელოვანია “ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება ფასების დაწევა“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა გაორმაგდა, რაც საბოლოოდ აისახება ფასებზე და ეკონომიკურ ტვირთად აწვება მოსახლეობას.
ოცნების პრემიერმა განმარტა, რომ ბიზნესის თავისუფლება მთავარია, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობაც მნიშვნელოვანია.
ამ დროისთვის პარლამენტში შექმნილია შესაბამისი საგამოძიებო კომისია.
კომისია განიხილავს არა მხოლოდ სურსათისა და მედიკამენტების ფასებს, არამედ საწვავის ფასსაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სურსათის ფასების შესწავლას დაიწყებს.