სტრასბურგის სასამართლომ 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა
2013 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დაზარალებულებისთვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლები, რაც გულისხმობს ლგბტქ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულად არაადამიანურ მოპყრობას. სასამართლომ ასევე დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა (შეკრების და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა).
● როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
● საქართველოში უმცირესობებს პროტესტის უფლება არ აქვთ – ასე ფიქრობს გამოკითხულთა 43 პროცენტი
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პოლიციამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა და ვერ უზრუნველეყო მანიფესტანტების უსაფრთხოება, ხოლო მოპასუხე სახელმწიფომ – საქართველომ – ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა და ვერ უზრუნველყო მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
“იმის მიუხედავად, რომ რეალობა და რისკის მასშტაბი სრულად იყო გაცნობიერებული, პოლიციამ უფრო ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, რაც საშუალებას მისცემდა დემონსტრანტებს გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ღონისძიება, თავისი როლი დაიყვანა [დემონსტრანტების] ადგილიდან გაყვანის გეგმის – როგორც ერთადერთი ალტერნატივის – შემუშავებამდე. ასეთი დამოკიდებულება მიანიშნებს იმაზე, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფა არასოდეს ყოფილა ხელისუფლების პრიორიტეტი”, – ნათქვამია სასამართლოს დასკვნაში
● ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას 5 ივლისის ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა
● რატომ ვერ ჩატარდა ღირსების მარში – რა აჩვენა ამ დღემ?
● ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
რა მოხდა 17 მაისს
2013 წლის 17 მაისს ლგბტქ აქტივისტები პარლამენტთან მისვლას და ჰომოფობიის წინააღმდეგ დღის აღნიშვნას ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე აპირებდნენ. თუმცა ლგბტქ თემის და მათი მხარდამჭერების მცირერიცხოვან ჯგუფს თავს ათიათასობით ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანი დაესხა.
აგრესიულ ჯგუფებს, რომლებიც ქვებს, ხისა და რკინის საგნებს ისროდნენ, სამღვდელოების წარმომადგენლები ედგნენ სათავეში. ერთ-ერთ მღვდელს ხელში ხის დიდი სკამი, “ტაბურეტკა” ეჭირა და ურტყამდა ლგბტქ აქციის მონაწილეებს. მას შემდეგ მღვდელი “ტაბურეტკით” კონკრეტულად დღის და ზოგადად, ქართველი ჰომოფობების სახედ და სიმბოლოდ იქცა.
ლგბტქ აქტივისტები მაშინ პოლიციამ ავტობუსებში ჩასვა, რომ ადგილიდან გაეყვანა, თუმცა გავეშებული ადამიანები ავტობუსებსაც ესროდნენ ქვებს. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.
„2013 წლის 17 მაისი მნიშვნელოვანი დღე იყო. იმ დღეს რაღაცებს სახელები დაერქვა. დავინახეთ რა მასშტაბის იყო სიძულვილი ჩვენ მიმართ. ზედაპირზე ამოვიდა ყველაფერი, რაც მანამდე ასეთი ხილული არ ყოფილა“, – ამბობს ლგბტქ აქტივისტი, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი.
2013 წლის ძალადობის გამო არავინ დასჯილა, ამიტომ ლგბტქ აქტივისტები თვლიდნენ, რომ ხელისუფლებამ დაუსჯელობით ძალადობა წაახალისა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჰომოფობიური ჯგუფები ისევ იძალადებდნენ.
2014 წელს საპატრიარქომ ქვიარ თემისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი – 17 მაისი ახალი მნიშვნელობით დატვირთა – ის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და პირობა დადო, რომ ქვეყანას “უზნეობის დაკანონებისგან“ დაიცავდა.