სომხეთი: ფაშინიანის გეგმა კათოლიკოსის გადაყენებაზე ქვეყნის შიგნით ახალ დაპირისპირებას იწვევს
ფაშინიანის გეგმა კათოლიკოსის გადაყენების შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალური ქსელებით გაავრცელა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის გადაყენებას. პრემიერის ინიციატივა მოიცავს დროებითი ხელმძღვანელის — ადგილმონაცვლის — დანიშვნას, ახალი საეკლესიო წესდების დამტკიცებას და კათოლიკოსის ახალი არჩევნების ჩატარებას.
ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება “ახალი სულიერი ლიდერი“. მისი თქმით, გარეგინ II-მ დაარღვია მონაზვნური უბიწოების აღთქმა და მას ჰყავს შვილი, რაც არღვევს ეკლესიის დოგმატურ საფუძველს. მიუხედავად ამისა, ფაშინიანი ამტკიცებს, რომ იგი არ ებრძვის ეკლესიას, არამედ ცდილობს მის განახლებას, რაც, მისი სიტყვებით, აუცილებელია ეკლესიის, სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის.
“ჩვენი მიზანი არ შეიძლება იყოს უბრალოდ ერთი მონაზვნის შეცვლა მეორით, რომელმაც ასევე დაარღვია უბიწოების აღთქმა. ეს იქნება პოლიტიკური ფარსი და არა სულიერი რეფორმა,“ — დაწერა პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი აღნიშნავს, რომ დაპირისპირება სახელმწიფოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობას შორის არათუ იკლებს, არამედ ახალ ფაზაში გადადის. მისი თქმით, კათოლიკოსის გადაყენების თემა უკვე სცდება პირად დაპირისპირებას და გადაიქცა სომხური პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსად.
ექსპერტის შეფასებით, მოვლენების შემდგომი განვითარება შესაძლოა ცვალებადი და მკვეთრი იყოს, რადგან სომხური საზოგადოების ნაწილი ეკლესიას ეროვნული იდენტობის საყრდენად განიხილავს, ხოლო ხელისუფლების ქმედებებს — რელიგიური სტრუქტურის პოლიტიზების მცდელობად.
ფაშინიანი კათოლიკოსის დროებით მმართველად “პატიოსან მღვდელს“ სთავაზობს
ფაშინიანი ქვეყნის სამოციქულო ეკლესიის მართვაში დროებითი ცვლილებების ინიციატივით გამოდის — კერძოდ, ის სთავაზობს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის დროებით მმართველად დანიშნონ “დაქორწინებული, კეთილსინდისიერი მღვდელი“, რომელიც არ იქნებოდა კათოლიკოსობის კანდიდატი.
ფაშინიანის გეგმის მიხედვით, სანამ ეკლესია ახალ კათოლიკოსს აირჩევს, საჭიროა საეკლესიო წესდების განახლება და მისი გადამუშავება თანამედროვე სომხურ ენაზე, რათა კანონების შინაარსი ყველასთვის გასაგები გახდეს.
“როდესაც ახალი წესდება დამტკიცდება, შემდეგ უნდა ჩატარდეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის არჩევნები. ამ პროცესში კი ყველა კანდიდატის კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს,“ — ამბობს ფაშინიანი.
თუ როგორ მოხდება ამ “კეთილსინდისიერების“ გადამოწმება, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ როგორც სანდოობის შემოწმების წესი, ისე არჩევნების დეტალური პროცედურა ახალი წესდებით უნდა განისაზღვროს, რომელიც დამტკიცდება ეკლესიის უმაღლეს ორგანოში — ეროვნულ საეკლესიო კრებაზე ან მის უფლებამოსილებაში მყოფ ინსტანციაში.
ეროვნული საეკლესიო კრება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომლის მოწვევის უფლება სწორედ კათოლიკოსს აქვს.
- შანტაჟი კომპრომატებით თუ გზავნილი კათოლიკოსს? ფაშინიანი ეკლესიას დაუპირისპირდა
- სასულიერო პირის დღიური და გადატრიალების მცდელობა სომხეთში: დეტალები საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელისგან
საეკლესიო რეფორმის გეგმა აზრთა მკვეთრ პოლარიზაციას იწვევს
ნიკოლ ფაშინიანი განმარტავს, რომ ეკლესიის განახლების იდეა არ გულისხმობს თეოკრატიის შემოღებას და არ აპირებს არც ერთი მოქალაქის უფლებების შეზღუდვას. მისი თქმით, რეფორმის მიზანია, საზოგადოებამ მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ უფლებამოსილია, სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მოსთხოვოს როგორც სახელმწიფო, ისე რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს.
„თუ ვინმე არ არის მზად პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პასუხისგებლობისთვის, მან არც სულიერ და არც პოლიტიკურ ლიდერობაზე არ უნდა იფიქროს,“ — განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერმა ასევე დაადასტურა, რომ თავად ჩაუდგება სათავეში მოძრაობას სახელწოდებით “საეკლესიო საკურთხეველი ღირსეულს“. მისი თქმით, თავას შეესაბამება ლიდერის ყველა კრიტერიუმს, რაც მან თავად განსაზღვრა: მონათლულია, ყოველდღიურად ლოცულობს, სწამს იესო ქრისტეს და ბიბლია თავიდან ბოლომდე წაკითხული აქვს.
საეკლესიო წესდება დროებითი მმართველის დანიშვნის ნებას არ იძლევა
ამავე დროს, მოქმედი საეკლესიო წესდების მიხედვით, კათოლიკოსის ადგილმონაცვლედ (დროებით მმართველად) არ შეიძლება დაინიშნოს დაქორწინებული მღვდელი. გარდა ამისა, წესდებით განსაზღვრულია მხოლოდ ორი შემთხვევა, როცა ადგილმონაცვლის დანიშვნა დასაშვებია: კათოლიკოსის გარდაცვალება ან მისი მხრიდან ტახტის ოფიციალური დატოვება.
აღსანიშნავია, რომ სანამ ფაშინიანი საკუთარ გეგმას საჯაროდ გამოაცხადებდა, სომხეთის სამღვდელოებამ მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა მოქმედ კათოლიკოსს, გარეგინ II-ს.
სამღვდელოების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია:
“ჩვენ ძმური ერთგულებით ვუჭერთ მხარს სრულიად სომეხთა კათოლიკოსს ამ რთულ დროს, რათა იგი, როგორც კეთილი და მამაცი მწყემსი, ღმერთისგან ბოძებული სიბრძნითა და სულიერი სიმშვიდით ხელმძღვანელობდეს სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესიას და მორწმუნე ერს მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.“
მთავრობა მოუწოდებს “სულიერი შეკრებისკენ“ – ეკლესია მათ აბრალებს “უპრეცედენტო ჩარევას“
ფაშინიანმა მოსახლეობა მოუწოდა, მოემზადოს “დიდი სულიერი შეკრებისთვის ეჩმიაძინის ცენტრალურ მოედანზე“. თუმცა აქციის თარიღი და დრო ჯერ უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება გაიმართოს კვირას — ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულზე.
ფაშინიანის მოწოდებას მკაცრი პასუხით შეხვდა სომხეთის სამოციქულო ეკლესია, რომელიც მის ქმედებებს “ეკლესიის თვითმმართველობაში ღიად ჩარევად“ აფასებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი “პროვოკაციულია და შესაძლოა, ამან ძალადობისკენ წაიყვანოს საზოგადოება“.
ეკლესიის განცხადებაში აღნიშნულია:
“წმინდა ეჩმიაძინი გმობს ძალადობისკენ გადადგმულ ამ მცდელობას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არაკანონიერი ანტიეკლესიური კამპანია და იფიქროს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას“.
ამავე დროს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი პრემიერს მოუწოდებს, გააუქმოს დაგეგმილი შეკრება და აფრთხილებს, რომ “ნებისმიერ დაპირისპირებასა და სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება“.
პოლიტოლოგის შეფასება
პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი აცხადებს, რომ დაპირისპირება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის გადავიდა იმ ფაზაში, როცა მხარეები აღარ ცდილობენ კომპრომისს და ყოველი გამარჯვება ავტომატურად მეორე მხარის მარცხს ნიშნავს.
გევონდიანის თქმით, ხელისუფლების პოზიცია სიძლიერით უპირატესია, რადგან ის ლეგიტიმურია და ფლობს კანონით განსაზღვრულ ძალოვან მექანიზმებს. ამ კონტექსტში კათოლიკოსის გადაყენება უფრო სავარაუდოა, ვიდრე პრემიერ-მინისტრის — მანამდე, ვიდრე 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
გადაყენების პრეცედენტები ეკლესიის ისტორიაში
გევონდიანი აღნიშნავს, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში კათოლიკოსის გადაყენების რამდენიმე პრეცედენტი არსებობს. მაგალითად:
- 969 წელს კათოლიკოსი ვაან I სიუნი თავისი ხელდასმიდან ერთ წელში გადააყენეს.
- 1019 წელს სარგის I სევანცი თავად გადადგა და თავისი მემკვიდრე, პეტროს I გეტადარცი დანიშნა.
- 1443 წელს გადააყენეს კირაკოს I ვირაპეციც.
ანალოგიური სცენარი დღესაც შესაძლებელია — კათოლიკოსის ნებაყოფლობითი გადადგომა ან მისი გადაყენება თავად სამღვდელოების მიერ. ექსპერტის აზრით, სწორედ ეს იქნებოდა ყველაზე ნაკლებად მტკივნეული გამოსავალი, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ეკლესიის ხელმძღვანელობის მხრიდან “სახელმწიფოს ფუნდამენტური მნიშვნელობის გაცნობიერებას მოითხოვს.”
ყველაზე სახიფათო სცენარი
გევონდიანის შეფასებით, ყველაზე სარისკო სცენარი ხელისუფლების მხრიდან ძალოვანი მეთოდების გამოყენებაა, რაც საზოგადოების ღრმა პოლარიზაციას გამოიწვევს და პროცესის შედეგები გაუთვალისწინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
ასევე მოსალოდნელია, რომ ეჩმიაძინში დაგეგმილი შეკრება გადაიზარდოს მასობრივ პოლიტიკურ დემონსტრაციად, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ სასულიერო პირები მას ყურადღებას არ მიაქცევენ. ამ ფონზე შესაძლებელია, გამოჩნდნენ ოპოზიციონერი ძალებიც, რომლებიც საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებით სიტუაციის ესკალაციას ეცდებიან.