საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს
სოლიდარობა გერმანიის ელჩს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს სოლიდარობას უცხადებს. სოციალურ ქსელში წარმომადგენლობა ასევე განმარტავს, რომ ევროკავშირი გმობს საქართველოში მისი საქმიანობისა და როლის შესახებ არსებულ დეზინფორმაციას.
“ჩვენი სოლიდარობა საქართველოში გერმანიის ელჩს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას”, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
დღეს “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს გერმანიის ელჩს. კობახიძემ განაცხადა, რომ [გერმანიის ელჩი] იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, მისთვის გაძევება საჩუქარი იქნებოდა, ხოლო პაპუაშვილის თქმით, რთულია, ფიშერის ხელში ქართულ-გერმანული ურთიერთობების გამოსწორებაზე საუბარი.
“მან შეძლო, რომ 3 წელიწადში, ფაქტობრივად, დაანგრია 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის ჩამოყალიბებული საუკეთესო პარტნიორობა. ამ ადამიანმა მოახერხა, რომ 3 წელში ქართულ-გერმანული ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა.” – თქვა პაპუაშვილმა.
10 სექტმებერს გერმანიის ფედერალურმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებას გაავრცელა, რომელშიც კატეგორიულად გმობს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის “უსაფუძვლო ბრალდებებს” და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი.
რა მოხდა
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი “ტიტუშკები“ თავს დაესხნენ “ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს.
“გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი “ტიტუშკები“, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ “ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს. საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან, ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამის შემდეგ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მის მიმართ, როგორც ელჩის მიმართ, გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა.
“კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლე არ არის.“ – წერს დიპლომატი.