აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენის ჩასვლამ სკანდალი გამოიწვია
სკანდალი აფხაზეთში
რუსი ბიზნესმენი ერასტი ბუკია, რომელსაც აქვს ორმაგი, რუსულ-ქართული მოქალაქეობა, აფხაზეთში ჩავიდა და მივიდა სახლში, რომელიც მას ეკუთვნოდა აფხაზეთის ომამდე. ბიზნესმენმა საჯაროდ განაცხადა, რომ „აუცილებლად დაბრუნდება საცხოვრებლად აფხაზეთში”, და რომ ”არ არსებობს ცალკე აფხაზეთი – არსებობს მხოლოდ ერთიანი საქართველო”.
აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე განაცხადა, რომ უწყებამ ერასტი ბუკია აფხაზეთიდან გააძევა, მაგრამ საზოგადოება მაინც აგრძელებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ აქტიურ დისკუსიას:
ბუკიას ჩასვლაზე თანხმობა და შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტია მისცა მოსკოვში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ, ორხან შამბამ, რომელიც აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი შამბას შვილია.
ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებენ ტელეგრამის არხის, Абхазский портал-ის ავტორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ტელეგრამ-არხი იუწყება, რომ ბუკია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარადგინეს როგორც სერიოზული კავშირების მქონე რუსი ბიზნესმენი, რომლის ვიზიტის მიზანი იყო დაკრძალვაზე დასწრების სურვილი, რის შემდეგაც იგი რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაარკვია, რომ ერასტი ბუკია ეთნიკურად ქართველია, რომელიც დაიბადა აფხაზეთში და იქიდან წავიდა 1992 წელს. მას არ მიუღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში და სწორედ ამიტომ მისცეს აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება.
თუმცა, დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების შემდეგ, ერასტი ბუკია მაშინვე არ დაბრუნებულა რუსეთში, არამედ წავიდა სოფელ წანდრიფშში, იმ სახლში, სადაც ომამდე ცხოვრობდა.
სოფლის მცხოვრებლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიძახეს, რომლებმაც ბუკია დაკითხვაზე წაიყვანეს, რის შემდეგაც მოხდა მისი რუსეთში დეპორტაცია.
აფხაზეთის ომის აღშფოთებულმა ვეტერანებმა ორხან შამბას მიმართეს და შეხვედრა მოითხოვეს. სწორედ მას მიიჩნევს სოციალური მედიის ბევრი მომხმარებელი ამ ინციდენტის მთავარ დამნაშავედ.