საია: 2025 წელი საქართველოში - შეზღუდული თავისუფლებების წელი
შეზღუდული თავისუფლებების წელი
საქართველოს სახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს. ასოციაციის განცხადებით, 2025 წელი შეუზღუდული თავისუფლებების წელია.
ანგარიშის მიხედვით, წელს გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება და ასევე გაუარესებას განაგრძობდა შეკრების თავისუფლების მდგომარეობაც.
ადამიანთა უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელსაც ორგანიზაცია ყოველი წლის 10 დეკემბერს აქვეყნებს, აღწერილია ის ტენდენციები და მოდელები, რომლებიც ადამიანის უფლებების არსის მნიშვნელოვნად შეზღუდვას უკავშირდება.
რა წერია ანგარიშში
● როგორც წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, 2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია (curtailed freedoms), რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე – იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის.
● ანგარიშის მიხედვით, ამ წლის განმავლობაში გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი: ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით. რეპრესიების განსაკუთრებულ სამიზნეს სწორედ ის ინსტრუმენტული უფლებები წარმოადგენდნენ, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და სხვა უფლებით სარგებლობის გარანტორები არიან: გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებები.
● ანგარიში ცხადყოფს, რომ რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება. მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით.
● გაუარესებას განაგრძობდა შეკრების თავისუფლების მდგომარეობაც. “ქართულმა ოცნებამ“ არაერთი, ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი, ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, შემოიღო ახალი სამართალდარღვევები, მნიშვნელოვნად გაზარდა სანქციები. მთელი წლის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა უსაფუძვლო ადმინისტრაციული პატიმრობები, მაღალი ჯარიმები, ფიზიკური ძალადობა.
● ანგარიში ხაზს უსვამს, რომ გაერთიანების თავისუფლების კუთხით სიტუაცია 2025 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა. გარდა ახალი რეპრესიული კანონების მიღებისა “ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებას ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებებით, ანგარიშების დაყადაღებით და გამოკითხვებით ავიწროებდა.
● ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. 2024 გაზაფხულიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით 69 პირის მიმართ მიმდინარე საქმეზე სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკვირვებამ აჩვენა, რომ აქტივისტების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენება, მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლო დანაშაულის აღკვეთისკენ, არამედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე ზეწოლისკენ.
● 2025 წელსაც გრძელდებოდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა. კვლავ დაუსჯელები რჩებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები.
● ანგარიში ასევე აანალიზებს თანასწორობის უფლების რეალიზებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესებას. 2025 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა ანტიგენდერული რიტორიკით, კანონებით და ქმედებებით გენდერული თანასწორობის კუთხით წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესისთვის ძირის გამოთხრა, სექსიზმისა და ჰომოჰობიის/ტრანსფობიის წახალისება.
● საყურადღებოა, რომ მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, უგულებელყოფილი რჩება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, რომლებთან დაკავშირებითაც კვლავ არცერთი პრობლემა არსებობს. 2025 წელს კვლავ თვალშისაცემი იყო ღირსეული საცხოვრისის უფლებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის სავალალო შედეგები.
● ანგარიშში ასევე მიმოხილულია 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანების გარდაცვალება, სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების უგულებელყოფასთან/პრევენციული ზომების არარსებობასთან იყო კავშირში.
“აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადება ორგანიზაციის თანამშრომლებმა შეძლეს იმ რეალობაში, როდესაც საია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულების ქვეშ ფუნქციონირებდა, ხოლო პროპაგანდისტული მედია საშუალებები და თანამდებობის პირები შემზღუდველ კანონმდებლობასთან ერთად, მუდმივი თავდასხმების ქვეშ აყენებდნენ უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობას.” – წერს საია.