მოსაზრება: ვიზეარის კონტრრევოლუცია
ალბათ, პანდემიასთან დაკავშირებული ყველაზე რეზონანსული ცუდი ამბავი საქართველოში ავიაკომპანია Wizzair- ის გადაწყვეტილება გახდა, დახუროს ბაზა ქუთაისში (როგორც კომპანიამ დააზუსტა, დროებით – დაახლოებით ერთი წლით) და შესაბამისად, გააუქმოს ფრენების უმეტესობა ამ აეროპორტიდან ევროპის ქალაქებში.
ქუთაისიდან მხოლოდ ის ფრენები შესრულება, რომლებსაც ავიაკომპანიის სხვა ბაზები ასრულებდნენ – ცნობილია, რომ კომპანია აგვისტოდან მხოლოდ 8 რეისის განახლებას გეგმავს იმ 29 რეისიდან, რომლებიც ადრე სრულდებოდა.
ეს მტკივნეული დარტყმა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით.
სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით მოგზაურთა ჯგუფებში, ამ ამბავმა პანიკის მსგავსი მდგომარეობა გამოიწვია – ბოლო 8 წლის განმავლობაში ევროპაში იაფად მოგზაურობა ბევრისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
სტუდენტებმა და საზღვარგარეთ მომუშავე საქართველოს მოქალაქეებმა უკვე შეძენილი ბილეთები დაკარგეს, ზოგიერთმა – რამდენჯერმე.
• თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდვებით: ვინ და რატომ არ უშვებს საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში
• რატომ ვერ გახდა პოპულარული ქართული ღვინო და ხილი ევროპაში? ვიდეო
• სამსახური პოლონეთში: ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
სასოწარკვეთილება სუფევს მათ შორის, ვინც საერთაშორისო ტურიზმის განახლებას ელოდა იმ იმედით, რომ ნაწილობრივ მაინც აინაზღაურებდა უზარმაზარ ზარალს, რომელიც პანდემიის შედეგად მიადგა. რადგან სწორედ იაფი ფრენები დიდწილად უზრუნველყოფდა ტურისტების ნაკადს ევროპიდან.
ბევრი იმედგაცრუებული მოქალაქე მომხდარში მთავრობას ადანაშაულებს. და ეს ბრალდებები ლოგიკას არ არის მოკლებული.
გაუგებარი გადაწყვეტილება
მთავრობამ, რომელმაც თავიდან აცხადებდა, რომ ივლისში საერთაშორისო ფრენების გახსნას აპირებს, რომ საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურისტების მიღებას, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან „მწვანე დერეფნების“ გასახსნელად, მოულოდნელად, ყველა თავისი დაპირების საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტა ქვეყანა აღარ გაეხსნა. ფრენის განახლება, რომელიც 1 ივლისს უნდა მომხდარიყო, კიდევ ერთი თვით გადაიდო.
და ეს ხდება თითქმის იდეალური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში, როდესაც დღეში კორონავირუსის ერთი ან ორი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებმა უკვე გახსნეს ფრენები ერთმანეთთან და საქართველო გახდა აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირმა თავისი საზღვრები გაუხსნა.
ვიზეარი საქართველოს ცის გახსნას ბოლო მომენტამდე ელოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, გადაწყვიტა, ტყუილად აღარ გაეჩერებინა თვითმფრინავები დახურულ აეროპორტში.
ივლისში, ისევე როგორც წინა თვეებში, მთავრობამ ერთადერთ ავიაკომპანია „აირზენა საქართველოს ავიახაზებს“ უფლება მისცა ჩარტერული ფრენები განეხორციელებინა. შედეგად, ბილეთების ფასი ამ არცთუ ხარისხაისნი მომსახურების მქონე ავიაკომპანიის რეისებზე ევროპული ქალაქებიდან საქართველოში ზოგ შემთხვევაში სამ ათასი ლარამდე ავიდა.
მრავალი წლის განმავლობაში, “აირზენას” ხელმძღვანელობა ბიზნესის წარმოებას და კონკურენტებთან ბრძოლას თავისებური გზით ცდილობდა – მოითხოვდა იაფი ავიაკომპანიების ქვეყნიდან გაძევებას, ან შეღავათებს აეროპორტების მომსახურების საფასურზე. გლობალური პანდემია კი ამ კომპანიისთვის ნამნდვილი ოქროს საბადო აღმოჩნდა.
მეტი, ვიდრე ეკონომიკა
ამ მოვლენის შედეგები არამარტო ეკონომიკურია, თუმცა ეკონომიკაც ძალიან დაზარალდება. პირველ რიგში, დაიხურა წარმატებული საწარმო, რომელშიც 150-მდე საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული. გარდა ამისა, კიდევ ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს – ტაქსის და ავტობუსების მძღოლები, ტურისტული კომპანიების თანამშრომლები და ა.შ.
საქმე ისაა, რომ იაფი ფრენები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. 2012 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნით და Wizzair– ის საქართველოში შემოსვლით ქვეყანაში ნამდვილი რევოლუცია მოხდა.
საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის, მისი მოსახლეობა მხარს უჭერს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. მაგრამ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო არ ესაზღვრება ევროკავშირს, მანქანით რამდენიმე საათში იქ ჩასვლა საქართველოდან შეუძლებელია.
ევროპაში იაფი ფრენების გახსნამ მოგზაურობა ევროპაში ხელმისაწვდომი გახადა არა მხოლოდ ელიტისთვის, არამედ თითქმის ყველასთვის.
Wizzair– ის ფრენების და უვიზო რეჟიმის წყალობით, რომელიც 2017 წელს გაიხსნა, წლების განმავლობაში ევროპაში ასობით ათასმა საქართველოს მოქალაქემ იმოგზაურა, ბევრი მათგანი რეგულარულად მოგზაურობდა სასწავლებლად, სამუშაოდ, ახლობლების მოსანახულებლად და უბრალოდ ტურისტებად.
ამ ადამიანებმა არა მხოლოდ საკუთარი თვალით ნახეს ევროპა, არამედ საქართველოში ჩამოიტანეს მუშაობის, სწავლისა და თუნდაც ყოფითი კულტურის ევროპული გამოცდილება.
ქუთაისის აეროპორტი და Wizzair-ი გახდნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მთავარი ფანჯარა ცივილიზებულ სამყაროში.
ამას კი ქვეყნისთვის უდიდესი პოლიტიკური და თუნდაც მენტალური მნიშვნელობა ჰქონდა – საქართველოს მთავრობას ღამეები არ უნდა დაეძინა და ამ ფანჯრის დახურვა არ უნდა დაეშვა.
მაგრამ მან ეს დაუშვა (ფორმალურად დროებით, თუმცა ჯერ არავინ იცის დაზუსტებით, რა მოხდება თუნდაც ერთ წელიწადში).
მთავრობის გადაწყვეტილების მომხრეების ერთადერთი არგუმენტია ისაა, რომ თუ უცხოეთიდან ტურისტები ჩამოვლენ, კორონავირუსის გავრცელების კონტროლი უფრო რთული გახდება და ჯანდაცვის სისტემა ამას ვეღარ გაუმკლავდება.
მაგრამ, ჯერ ერთი, ერთ თვეში ამ მხრივ რა შეიცვლება? თუ ხელისუფლება აპირებს ქვეყანა განუსაზღვრელი დროით ჩაკეტილი ჰყავდეს? და მეორე, ხელისუფლებას რამდენიმე თვე ჰქონდა როგორც უსაფრთხოების პროტოკოლების, ასევე ჯანდაცვის სექტორის მოსამზადებლად საერთაშორისო მოგზაურობის განახლებისთვის.
მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყველაზე ადვილი გზით წავიდეს ისე, რომ შედეგებზე დიდად არ უფიქრია.
რასაკვირველია, ადრე თუ გვიან ბაზარი თავისას გააკეთებს – ბევრ ადამიანს დასჭირდება გაფრენა საქართველოდან და საქართველოში. მაგრამ იმის აღდგენას, რაც უკვე გვქონდა, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება. რომელიც შეგვეძლო არ დაგვეკარგა.