საქართველოში უვადო "მწვანე სტატუსი" სასამართლოში გაასაჩივრეს
არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის უვადო “მწვანე სტატუსის” მინიჭების საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტი ენიჭება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე გადაუტანია კორონავირუსი, მაშინ როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა ძირითადად “მწვანედ” ცნობს იმ პირს, რომელმაც ბოლო 6 თვეში გადაიტანა ვირუსი.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა არგანაშვილმა BMG-ის განუცხადა, თუ საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, მთავრობას მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილება “სამეცნიერო მტკიცებულებებით” გაამყაროს.
“ზოგადად სახელმწიფოს მართვის პრინციპია, რომ მართვა სამეცნიერო მტკიცებულებებს დაეყრდნოს. მაგალითად, თუ სამეცნიერო მტკიცებულება გეუბნება, რომ რომელიმე დაავადებას ეს ახასიათებს, არ შეიძლება, რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ, მტკიცებულებებად წარვადგინეთ ის, რომ ყველა სპეციალისტი ამბობს, რომ ეს სამეცნიერო თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და მოვითხოვეთ სასამართლომ მთავრობას დაავალოს საკუთარი გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებას დააყრდნოს”, – აცხადებს არგანაშვილი.
PHR-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სარჩელში ისინი არ ითხოვენ კოვიდგადატანილებისთვის ე.წ მწვანე სტატუსი 6 ან 8 თვით განისაზღვროს, რადგან ეს მათი კომპეტენცია არ არის, არამედ მათი მოთხოვნაა, მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილება მეცნიერულ მტკიცებულებებით დაასაბუთოს.
“სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო მთავრობას დაავალდებულებს დაასაბუთოს სამეცნიერო მტკიცებულებით ის გადაწყვეტილება, რომ მთელი ცხოვრება მიანიჭა ადამიანებს ეს უვადო მწვანე სტატუსი. რადგან მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ასეთი დასაბუთება ბუნებაში არ არსებობს, არცერთ ქვეყანაში და არცერთი სამეცნიერო წყაროთი არ მტკიცდება. ვიმედოვნებთ, რომ შეცვლიან ამ სამუდამოდ “მწვანე სტატუსის” მინიჭების გადაწყვეტილებას კოვიდგადატანილებისთვის”, – ამბობს არგანაშვილი.
● როგორ მუშაობს ქართული კოვიდ-პასპორტი და რა გვჭირდება სამოგზაუროდ
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილების თითქმის 99% აუცრელი იყო
უვადო მწვანე პასპორტი გააკრიტიკა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემაც. მისი თქმით, ის არ ელის, რომ დღეიდან ე.წ “მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს.
“აქვე იქნება ალბათ, კითხვა იმის თაობაზე, როგორ ვუყურებ იმას, რომ ყველა კოვიდგადატანილს “მწვანე პასპორტი“ ეძლევა. ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევს “მწვანე პასპორტს“, რადგან კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება. მათ, ვისაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვს გადატანილი, მათ უნდა მიეცეთ “მწვანე პასპორტი“, ასეა სხვა ქვეყნებში. საქართველოს ექნება ორი კოვიდპასპორტი, ერთი უცხოელებისთვის, სადაც ბოლო 6 თვის კოვიდი ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის, სადაც ყველა კოვიდგადატანილი ჩაითვლება, ეს სწორი არ არის და იმედი მაქვს, ამას გამოასწორებენ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან, ე.წ. „მწვანე პასპორტების“ (იგივე, „მწვანე სტატუსის“) კონცეფცია ამოქმედდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ „მწვანე სტატუსი“ არ გაქვთ, ანუ, არ ხართ აცრილი ორი დოზით, არ გაქვთ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხი, ან არ გაქვთ გადატანილი კოვიდი, კაფე-რესტორნებში, კაზინოებში, კინო-თეატრებსა და სხვა, მთელ რიგ ობიექტებში, ვეღარ შეხვალთ.