საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უწყება გეგმავს მოიძიოს გარკვეული სივრცეები, სადაც ე.წ საველე ჰოსპიტლები გაიხსნება.
როგორც მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, ეს მისთვის ძალიან არასასურველი სურათი იქნება. მისივე განმარტებით, წინა ტალღების დროს სწორედ ის იღებდა მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანაში არ გახსნილიყო საველე ჰოსპიტლები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის.
“მე ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ისე მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი გუნდიც იზიარებს ამ მოსაზრებას.
ბოლოდროინდელი მკაცრი განცხადებები, რომლებიც ისმის ჯანდაცვის სამინისტროსგან, მიმართულია იმისკენ, რომ თავიდან ავიცილოთ საველე ჰოსპიტლების გახსნა”, – განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, სად განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ასევე, მაქსიმუმი, რისი მობილიზებაც ჯანდაცვის სისტემას კლინიკებში ამ ეტაპზე შეუძლია, 8 ათასი საწოლია.
მინისტრმა ისაუბრა მოლოდინების შესახებაც. მისი ვარაუდით, საქართველოს პიკურ მაჩვენებელს 20 აგვისტოსთვის მიაღწევს.
“თუ ჩვენ გვაქვს ამის სურვილი და ამის სურვილი ჩვენ ყველას გვაქვს, რომ პიკურმა მაჩვენებელმა 20 აგვისტოს შემდეგაც არ განაგრძოს ზრდა, ამისთვის მნიშვნელიანია არა დავფიქრდეთ გვინდა თუ არა დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, არამედ ეს არის ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც უნდა განხორციელდეს თითოეული ჩვენგანის მხრიდან”, – აცხადებს ტიკარაძე.
11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 48 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველო პანდემიის მეოთხე ტალღის პიკშია. სიკვდილიანობამ უკვე გადააჭარბა დღე-ღამეში ორმოცს, ხოლო დღიური შემთხვევების რაოდენობა დიდი ხანია ასცდა ოთხი ათასს. მაგალითად, გუშინ, ქვეყანაში დადასტურდა 5 697 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 54 ადამიანი.
ივლისის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ საქართველო შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეს. ასევე, ქვეყანაში იზრდება ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა – თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღის დროს პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია. ინფიცირებული ბავშვების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა სამასს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 20-30% დელტა შტამი ცირკულირებს, რაც კიდევ უფრო მოიმატებს.
10 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 664 997 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
საველე ჰოსპიტალი ნიუ იორკის ცენტრალ პარკში. 30 მარტი, 2020 წელი. ფოტო: VOA