თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რის გამოც ქვეყნის 4 ყველაზე დიდი ქალაქი იკეტება, საგანგებო რეჟიმი კი მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 მაისამდე ხანგრძლივდება.
14 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 67 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
14 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამკაცრება გადაწყვიტა.
მთავრობა ითხოვს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადის გაზრდას 10 მაისამდე
შესაბამისი თხოვნით, მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, რომელიც პროცედურის თანახმად, დეკრეტს პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.
“ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა აიკრძალება
გარდა ამისა, 15 აპრილის 21 საათიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა აიკრძალება. აკრძალვა არ ეხება ქალაქების შიგნით ავტომობილების გადაადგილებას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში დაუშვებს გამონაკლისს და ადამიანებს ქალაქში შესვლის ან გამოსვლის უფლებას მისცემს. ნებართვის მისაღებად მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე – 144 უნდა დარეკონ.
შესაძლოა, სასაფლაოებიც დაიკეტოს
მთავრობა სააღდგომოდ საქართველოს მასშტაბით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვასაც განიხილავს.
„შეიძლება გავხდეთ იძულებულნი და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ კვირაში მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის მეორე დღეს, მოქალაქეების დიდი ნაწილი ნათესავების/ახლობლების საფლავებს სტუმრობს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა გადაწყვეტილებას სასაფლაოების დახურვის შესახებ უახლოესი 2 დღის განმავლობაში მიიღებს. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აკრძალვა შეეხება როგორც მუნიციპალურ (ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ), ისე კერძო სასაფლაოებს.
გიორგი გახარიამ ასევე ღიად განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიის დახურვა არ იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა აქცენტი მოქალაქეების გონიერებაზე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი სახელმწიფოსა და ეკლესიას რთულ მდგომარეობაში, არჩევანის წინაშე არ დააყენებენ:
„დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ ეკლესიას ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, იდეალურია მოცემულობა, როცა ეკლესია ღიაა და კანონს არავინ არღვევს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
- კორონავირუსი უკვე ეკლესიაშია. რას აპირებს საპატრიარქო სააღდგომოდ?
- ახლობლები რომ მირეკავდნენ, ზოგს ეტირებოდა – რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტი
- კორონავირუსი ჩრდილოეთ კავკასიაში: ინფიცირებულია ყველა რეგიონი, გარდაიცვალა ინგუშეთის მთავარი მუფთი
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა.