საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა და სესხი 100 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუძვირდა
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნტქით გაზარდა, რამაც ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები ასი ათასზე მეტ მოქალაქეს გაუძვირა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დამოკიდებულია ქვეყანაში ინფლაციის დონეზე. გვენეტაძის განმარტებით, გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება.
“ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5%-მდე შემცირდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი, დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება”, – აცხადებს გვენეტაძე.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ასეთ პირობებში შეუძლებელია ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური შოკი ჩააქროს:
“ის გამოწვევები და სირთულეები, რომლებიც პანდემიამ შექმნა, გავლენას ახდენს ინფლაციაზე. იყო ეკონომიკის ჩაკეტვები, რაც დღეს უფრო ნაკლებად ხდება, რა თქმა უნდა, ასევე მოხდა მიწოდების ჯაჭვების რღვევა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, აქედან გამომდინარე, გაიზარდა ისეთი ხშირად მოხმარებადი საქონლის ფასი, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ასეთ პირობებში შეუძლებელია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ან რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული დისბალანსი აღმოფხვრას და შესაბამისად, ინფლაციური შოკი ჩააქროს.”
გვენეტაძე უშვებს იმასაც, რომ ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება და რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება, ხოლო ამის შემდეგ მისი ეფექტი იგივე თვიურ და წლიურ ინფლაციაში აისახება.
“აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. რომ არა გამკაცრებული პოლიტიკა, დღეს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა”, – ამბობს გვენეტაძე.
მისივე განმარტებით, საქართველო არ აწარმოებს ნავთობს და როდესაც ნავთობის ფასი 2.5-ჯერ იზრდება, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც გამოიწვევს ადგილობრივად ნავთობის ფასების შემცირებას ან არ გაზრდას.
10 ნოემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეროვნული ბანკი ვარაუდობდა. გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი მარტში წლიური ინფლაციის 6%-მდე შემცირებას ვარაუდობდა, თუმცა ნავთობისა და ხორბლის ფასების ზრდის გამო ინფლაციის შემცირება არ მოხდება ისე, როგორსაც ვარაუდობდნენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს. ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 2020 წლის აგვისტოში, 0.25 ერთეულით შემცირდა და 8.0 პროცენტს მიაღწია. ამ თარიღის შემდეგ ის ან უცვლელია, ან იზრდება.
საქსტატისვე მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელ.ენერგია და აირი, ჯანმრთელობის დაცვა.
ბოლო 1 წელის განმავლობაში საქართველოში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა და ამ გაძვირების ძირითადი მიზეზი სწორედ ინფლაციაა.