საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანი გარდაიცვლა. ამოქმედდა ახალი რეგულაციები
საქართველო პანდემიის მეოთხე ტალღის პიკშია. სიკვდილიანობამ უკვე გადააჭარბა დღე-ღამეში ორმოცს, ხოლო დღიური შემთხვევების რაოდენობა დიდი ხანია ასცდა ოთხი ათასს. მაგალითად, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში დადასტურდა 5 697 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 54 ადამიანი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება.
აქამდე პირბადის ტარება სავალდებულო იყო მხოლოდ დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებში იქ, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება – ბაზრობებზე, გაჩერებებზე, კონცერტებზე და ა.შ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ თუ ქუჩაში ექვსნი ხართ და პირბადე არ გიკეთიათ, დაჯარიმდებით, თუ ორნი ხართ – არა. ჯარიმა კი ისევ 20 ლარი იქნება.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა.
“იყოს დაახლოებით მაქსიმუმ 100-მდე, იყოს იქ დაცული სრულად დისტანცია 1.5-2 მეტრი ერთმანეთთან დგომის ან ჯდომის, იყოს აუცილებლად ნახმარი პირბადე. ასევე, რეკომენდებულია, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მიდის დასასწრებად, იყოს ორჯერადად აცრილი ან ჰქონდეთ ჩატარებული pcr ტესტი ბოლო 72 საათში, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ქვეყანაში დამძიმებული ეპიდვითარების გამო, ყველა მასშტაბური ღონისძიება გააუქმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.
პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას – გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
___________________________________________________
● საქართველო პანდემიის მეოთხე ტალღაში შედის
● ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო – არა
● საქართველოში ინფიცირების სწრაფი მატება, შესაძლოა კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან
_____________________________________________________
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკრაძის თქმით, საქართველო საწოლფონდთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარზეა.
“რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად, თუმცა, რესურსი უკვე სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი გვერდში დაუდგებიან როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც არიან მთავარი ბუსტერები”, – ამბობს მინისტრი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას.
ივლისის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ საქართველო შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეს. ასევე, ქვეყანაში იზრდება ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა – თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღის დროს პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია. ინფიცირებული ბავშვების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა სამასს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 20-30% დელტა შტამი ცირკულირებს, რაც კიდევ უფრო მოიმატებს.
10 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 664 997 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.