საქართველოში კათოლიკე სასულიერო პირების 83 პროცენტი აცრილია
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვნების უმრავლესობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია. 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მოღვაწე 47 სასულიერო პირიდან 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს.
ერთ–ერთი პირველი ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო.
“მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც”,- თქვა მან.
კათოლიკე სასულიერო პირთა უმრავლესობამ ვაქცინა მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.
ცნობილია ისიც, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 2021 წლის 13 იანვარს გაიკეთეს პაპმა ფრანცისკემ და ემერიტუსმა პაპმა ბენედიქტე XVI–მ.
დღეს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აცრასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელსა, სადაც აღნინავს, რომ სხვებისთვის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს, აიცრება თუ არა ის. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს, რომ აცრა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
“ვაქცინაციასთან მიმართებით ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიმდინარე წლის 18 მარტს პატრიარქს შეხვდა და მასთან ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა. მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებოდა, არ გამართლდა.
“საპატრიარქომ დააფიქსირა პოზიცია, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ”, – განაცხადა მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრის პატრიარქთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სინოდსა და მღვდელმთავრებს მიმართა და ვაქცინაციის პროცესში “გვერდში დადგომა” სთხოვა.
მისი თქმით, ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.
გამყრელიძის განცხადებას წმინდა სინოდიდან მხოლოდ მეუფე ანანია გამოეხმაურა. მეუფის თქმით, მას მიაჩნია, რომ ვაქცინაცია საჭირო და აუცილებელია:
“მრევლთან დაკავშირებით სინოდმა მიიღო დადგენილება და იმის მიხედვით უნდა იმოქმედონ. აუცილებლად [გავიკეთებ ვაქცინას]. ველოდები, სად არის ვაქცინა? მოაღწიოს ჩვენამდე და გავიკეთებ.”