ივნისში საქართველოში 135 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა
საქართველოში 135 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა
ივნისში საქართველოში 135 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 340 პროცენტით მაღალი მაჩვენებელია.
2022 წლის მარტი-ივნისის ჯამური მონაცემებით საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა წლიურად 355 პროცენტით, 299 094-მდე გაიზარდა. ამასთან, უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.
ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაახლა ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის დოკუმენტი, თუმცა რუსეთთან უვიზო რეჟიმის ცვლილება არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ვადით და უვიზო რეჟიმის გამოყენებით საქართველოში დარჩენის შესაძლებლობის გარდა, არსებობს ბინადრობის ნებართვის რამდენიმე სახე – რუსეთის მოქალაქეებს აქვთ ბინადრობის უფლების კონკრეტული სახეობის მიღების შესაძლებლობა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრმა 30-მდე ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა რუსეთთან.
აღსანიშნავია, რომ ივნისში საქართველოში იმაზე ნაკლები უკრაინელი შემოვიდა ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში: ივნისში საქართველოს საზღვარი უკრაინის 19 585-მა მოქალაქემ გადმოკვეთა და გასული წლის ივნისთან შედარებით საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 11 პროცენტით შემცირდა.
მიმდინარე წლის ივნისში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 1 371 471-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა/გასვლა). მოქალაქეების 67 პროცენტი უცხოელი იყო, 33 პროცენტი კი – ქართველი.
შსს-ს ინფორმაციით, ივნისში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. შემდეგ იყო ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
PMC-ის კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარტსა და აპრილში, საქართველოში შემოსული მოგზაურების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებიათ – განსაკუთრებით რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს.
საქართველოს და რუსეთს შორის პოზიტიური ურთიერთობები ორმხრივია – მიმდინარე წლის 22 ივლისს რუსეთის ფედერაციამ გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია, რომელშიც საქართველო ვერ მოხვდა. უცხო ქვეყნების სიას, რომლებიც სჩადიან „არამეგობრულ ქმედებებს“ რუსეთის წინააღმდეგ მოსკოვი 2018 წლიდან აქვეყნებს.
2021 წლის 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც “არამეგობრული ქვეყნების” საელჩოებს ეკრძალებათ დაასაქმონ რუსეთის მოქალაქეები თავიანთ დიპლომატიურ მისიებში მოსკოვში.
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ „არამეგობრული“ ქვეყნებისა და ტერიტორიების კიდევ ერთი სია გამოსცა, სადაც 48 ქვეყანა შეიყვანა, მათ შორის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა.