საქართველოს პარლამენტში შემზღუდავი კანონები გავიდა
1 აპრილი საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის ცხოვრებაში განსაკუთრებით პროდუქტიული გამოდგა – დეპუტატებმა მთელი რიგი შემზღუდავი კანონები მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღეს და რამდენიმე ახალი, ასევე შემზღუდავი ინიციატივაც წამოაყენეს.
უფრო კონკრეტულად, რა კანონები მიიღეს 1 აპრილს:
● „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, – ასე ჰქვია კანონს, რომელსაც საფუძვლად უდევს ამერიკული FARA. თუმცა, განსხვავებით ამერიკული ანალოგისგან, რომლის სამიზნე ძირითადად ლობისტური ორგანიზაციები არიან, ქართული ვარიანტი მიზანში იღებს მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს.
● ცვლილებები შევიდა მაუწყებლობის კანონში. ახალი კანონმდებლობა სრულად უკრძალავს მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღებას, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული ტელევიზიების მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. ამავე კანონის თანახმად, შემოდის ახალი შეზღუდვები ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში, მათ შორის წყაროებთან დაკავშირებით, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები; ამასთან, კანონი ეხება მაუწყებლების ონლაინ პლატფორმებსაც.
ოცნება ირწმუნება, რომ მედიაში მაღალ სტანდარტს აწესებს. სინამდვილეში კი, კრიტიკული მაუწყებლების წარმომადგენლების განცხადებით, ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, რომ სისტემის ხელში გადავიდეს პოლიტიკური ცენზურის წარმოება. ამ ცვლილებებით სისტემას დაემატება სამართლებრივი და რეგულატორის მექანიზმები, რომლებიც მედიის მიერ წარმოებული პროდუქციის შინაარსში ჩარევას კანონიერს გახდის.
● სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნა „სამშობლოს ღალატის“ მუხლი. ეს მუხლი 2007 წელს გააუქმეს, თუმცა ყველაფერი, რასაც ეს მუხლი ითვალისწინებდა, კვლავ დასჯადი იყო. მაშინ ამ მუხლს “სახელმწიფოს ღალატი” ერქვა, ახლა კი “სამშობლოს ღალატი” ერქმევა.
● 15 მოქმედი კანონიდან გაქრა სიტყვა „გენდერი“. ფრაზა „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და კაცის თანასწორობით“; კანონმდებლობიდან ქრება ცნება „გენდერული იდენტობაც“ – ამ ცვლილებებს გენდერის მკვლევრები აფასებენ, როგორც „ხარკს ულტრამემარჯვენე ამომრჩევლისათვის“.
● უქმდება კანონშემოქმედებით პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ვალდებულება, რის მიზეზადაც „ქართული ოცნება“ „ანტიდემოკრატიულ“ და „ძირგამომთხრელ“ საქმიანობას ასახელებს. კანონშემოქმედებით საქმიანობაში მესამე სექტორის ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს შორის.
“ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში ამ ცვლილებს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არც ერთი არ წასულა.