საქართველოს მოსახლეობის 21.3 პროცენტი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება
საქართველოს მოსახლეობის 21.3% [თითქმის 794 000 ადამიანი] სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე ხელი არ მიუწვებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
2019 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 19.5% იყო, თუმცა გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო 1.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ანუ დამატებით თითქმის 70 000 ადამიანი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს მიღმა.
ანგარიშის მიხედვით, სოფლებში გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ქალაქებში. 2020 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა სოფლის მოსახლეობის 27.5% იმყოფებოდა, ქალაქის მოსახლეობის კი – 17.1%.
______________________________________
● 2020 წელს ოჯახების საშუალო შემოსავალი საქართველოში 6.4%-ით შემცირდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
______________________________________
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ირკვევა, საქართველოში არის რეგიონები, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი (43 პროცენტი) სოციალურ შემწეობას იღებს. ეს საქართველოს ყველაზე მცირედ დასახლებული რეგიონები – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია.
დიდი რეგიონებიდან, ყველაზე მეტად ხალხს სამეგრელოში და გურიაში უჭირს. სამეგრელო ის რეგიონია, სადაც ყველაზე მეტი დევნილი ცხოვრობს.
სოციალურ შემწეობებს ყველაზე ნაკლებად სამცხე-ჯავახეთში და იმერეთში იღებენ, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ ორი რეგიონიდან განსაკუთრებით დიდია მიგრაცია. ჯავახეთში დიდწილად ეთნიკურად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს. აქაური მამაკაცები ყოველ წელს, მასობრივად გადიან რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე. იმერეთიდან კი ძალიან დიდია ემიგრაცია ევროპაში – იტალიაში, საბერძნეთში, ასევე თურქეთში.