საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალური დასაქმება შეეძლებათ
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეეძლებათ. ეს არის დაწესებულებები, სადაც ასაკიან, ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებების მქონე პირებს უვლიან.
ამრიგად, ისრაელი გახდა მეორე ქვეყანა გერმანიის შემდეგ, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად შეეძლებათ დასაქმება.
დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთით. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5300 შეკელს (დაახლოებით, 5 500 ლარი).
სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე workabroad.moh.gov.ge უნდა გაიაროს. ისრაელში, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ.
მოთხოვნებში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ დასაქმების მსურველი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
● უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
● ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
● ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
● ნასამართლეობის არმქონე;
● ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
● არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
● არ უნდა ჰყავდეს ისრაელში მცხოვრები ან დასაქმებული მშობლები, მეუღლე, შვილები.
ასევე, კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID 19-ის ტესტი საქართველოში.
დასაქმების მსურველს უნდა ჰქონდეს სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
“ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო”, – განაცხადა ისრაელის ელჩმა რან გიდორიმ.
_______________________________
● საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებას ლეგალურად შეძლებენ
● ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა
● საქართველოში 307 ათას ადამიანს ლომბარდის ვალი აქვს