საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე უარს ამბობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება თავს იკავებს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.
ევროკავშირის მიერ კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო, მეორე ნაწილის გადმორიცხვა კი 2021 წლის ბოლოს უნდა მოხდეს.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მთავრობამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება:
“ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის. ჩვენ ან მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა და ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და ეს კი არა, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყოთ საგარეო ვალის შემცირება.”
პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს “ძალიან კარგი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა.”
“დაახლოებით 10%-მდე იქნება ივლისის თვის ზრდა. ჯამში, 7 თვის განმავლობაში იქნება 12,2% ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, რაც დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ზრდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე უარის შესახებ ისაუბრა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, “მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით ერთი მილიარდი ლარი”.
კობახიძის განმარტებით, ამ 75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია:
“რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ “ქართულ ოცნება” მოქმედებს, ერთი – ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მეორე – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. დანარჩენს გადაწყვეტენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები”. – ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.
_____________________________________________
● ევროკომისია: მოსამართლეების დანიშვნამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს დახმარების გამოყოფაზე
● რა წერია შარლ მიშელის ახალ გეგმაში – ხუთივე პუნქტი მოკლედ
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
______________________________________________
ხელისუფლების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. მისი თქმით, მმართველი პარტია ასეთი ნაბიჯებით, თითქოს ბევრისთვის შეუმჩნევლით და ეპიზოდურით, რეალურად წყდება ევროკავშირს.
“თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც უნდა ევროკავშირთან დაახლოება და შესაბამისად ატარებ შეთანხმებულ (შენთვის სასარგებლო) დემოკრატიულ რეფორმებს, ევროკავშირი გეუბნება მოგცემ ფულს, სხვადასხვა ფორმით. ხან გჩუქნის, ხან შეღავათიან სესხს გაძლევს, ხან რას და ხან რას. და ეს ყველაფერი არის გზა ევროკავშირისკენ და უკეთესი სახელმწიფოს შექმნისკენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაძლევდნენ უპროცენტო!!! გრძელვადიან!!! შეღავათიან სესხს, ოღონდ არ მოგვატყუოთ და დაპირებული რეფორმა, უპირველესად მართლმსაჯულების გააკეთეთო.
გამოვიდა ღარიბაშვილი, არ გვინდა ეგ შეღავათი ევროკავშირიდანო, არც ის რეფორმა გვინდაო და ტყუილიც დაადო მარწყვივით, ეკონომიკა დუღსო. ანუ არ გიჭირთ, რაღად გვინდა ფული. ამით:
1 მოქალაქეებს, ვისაც ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად უჭირთ, მოაკლო სიკეთე ამ კონკრეტული ფულის და ყველა პოტენციური დახმარების, რადგან ერთზე უარის თქმა მთლიანად პროცესის შეფერხებაა;
2. ევროკავში4ს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი;
3. დემოკრატია და რეფორმებს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი“, – წერს ელენე ხოშტარია.
დღევანდელ ფაქტს გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების შეჩერება ნიშნავს მინიმუმ ათჯერ მეტის დაკარგვას, რადგან ყველა პოტენციური ინვესტორი ამ ფაქტის გამო, საქართველოს გადაიყვანს მაღალი რისკის ზონაში და შეაჩერებს აქტივობას.