საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტი გაზრდილია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის. მისივე თქმით, სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს.
“საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს ფინანსურ სანქციებს, თუმცა ჩვენ ვნახეთ საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტის მომატება. ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო 2022 წლის ბოლომდე, იმ დრომდე, სანამ ევროკავშირი და დიდი შვიდეულის ქვეყნები ამ საქონელზე შეზღუდვებს დააწესებდნენ. მოველით, რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან მალე შემცირდება. იმედი მაქვს, ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართული, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მონაკვეთში, რომელიც დასრულდა და ახლა ეს უნდა შეწყდეს”. – აღნიშნა ჯეიმს ო’ბრაიენმა.
მისივე თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, “შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა”, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ აშშ-სთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს:
“სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს”.
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Politico წერს, რომ აშშ-მ გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. გამოცემა ეყრდნობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლას.
“აშშ-მ გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი”. – წერია Politico-ს სტატიაში.
ო’ბრაიენის განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ ევროპული კომპანიები მასალებს სხვა ქვეყნებს ყიდიან, შემდეგ კი ეს ქვეყნები ამ მასალებს რუსეთში ყიდიან.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როცა საზღვარი გვაქვს რუსეთთან, [სანქციებზე გვერდის ავლის] რისკის ფაქტორი ყოველთვის არსებობს.
“ჯიმ ო’ბრაიენმა პრობლემა ახსენა როგორც რისკის ფაქტორი, ხოლო რისკის ფაქტორი, როცა საზღვარი გვაქვს რუსეთთან, რა თქმა უნდა, არის – ყველა პროდუქტი რაც სანქცირებულთა სიაშია, კონტროლდება, არც ერთი ორმაგი დანიშნულების პროდუქტი რუსეთში არ წასულა.” – განაცხადა კაკაურიძემ.