"საქართველოს დასავლეთთან დიალოგის აღდგენა სომხეთის ინტერესებშია" - მოსაზრება ერევნიდან
სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია
“სომხეთი აგრძელებს პარტნიორული ურთიერთობების დივერსიფიკაციას და აძლიერებს კავშირებს დასავლეთთან. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა რეგიონში მარტო არ დარჩეს და საქართველოსთან ერთად რეალურ პროგრესს მიაღწიოს,“ – აცხადებს ექსპერტი ჯონი მელიქიანი.
მისი თქმით, სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს დასავლეთის გზიდან და გააუმჯობესოს დიალოგი ევროკავშირსა და აშშ-სთან. თუნდაც ეს ურთიერთობები ვერ დაუბრუნდეს იმ დონეს, რაც სამი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე არსებობდა. ექსპერტს აშფოთებს ის ფაქტი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გამწვავებით დასავლეთი რეგიონს კიდევ უფრო შორდება.
“ამასობაში, აზერბაიჯანი და თურქეთი ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ სამხრეთ კავკასიაზე გარე ძალების გავლენა და ეს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. შესაბამისად, ევროკავშირისა და აშშ-სთვის, ისევე როგორც სომხეთისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დიალოგი აღდგეს. ამ პროცესში კი სომეხ დიპლომატებსა და დეპუტატებს საკუთარი როლის შესრულება შეუძლიათ,“ – აღნიშნავს მელიქიანი.
“ევროკავშირს შესაძლოა მომავალში მოუწიოს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა“
ჯონი მელიქიანი შეგვახსენებს, რომ 2024 წელს აშშ-მა და ევროკავშირმა გაყინეს ურთიერთობები საქართველოსთან და სანქციები დაუწესეს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს:
“ფაქტობრივად, სანქციები შეეხო პარლამენტის დეპუტატებსა და დიპლომატიური პასპორტის მფლობელ პირებს, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა.“
ექსპერტის აზრით, მოვლენები ისე ვითარდება, რომ საბოლოოდ ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მოუწევს. თუმცა, არ განმარტავს, რატომ ფიქრობს ასე და რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს.
მელიქიანი აღნიშნავს, რომ ამ მოლოდინებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება პარალელურად მუშაობს სხვა მიმართულებებითაც. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის საქართველოს ოფიციალური პირების ბოლო ვიზიტები აზერბაიჯანში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მელიქიანი ამბობს, რომ აბუ-დაბიში, სხვა საკითხებთან ერთად, თბილისთან ახლოს პორტების მშენებლობის საკითხიც განიხილებოდა.
“უნდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება და გავავლოთ წითელი ხაზები“
საქართველოს საკითხების ექსპერტის თქმით, თბილისს, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობების გამოცდილება:
“ეს გამოცდილება უნდა შევისწავლოთ და გავავლოთ წითელი ხაზები. სომხეთი და საქართველო უფრო საინტერესო არიან დასავლელი პარტნიორებისთვის ერთობლივი პროგრამებით. ხანგრძლივი პროექტების ინიცირებისას თბილისსა და ერევანს უნდა ჰქონდეთ მკაფიო დღის წესრიგი და შეინარჩუნონ აქტიური ურთიერთობები.“
საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, მელიქიანმა აღნიშნა, რომ საქართველო არ შეგუებია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ აგრძელებს პროტესტს და მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს.
თუმცა, პოლიტოლოგის აზრით, ცხადია, რომ ქუჩის აქციები არ გამოიწვევს ცვლილებებს საქართველოში.
ამასთანავე, იგი დარწმუნებულია, რომ წელს განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.
“2025 ახალ იმპულსს მისცემს სომხეთ-ქართულ ურთიერთობებს”
ექსპერტმა გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ ერევანმა და თბილისმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ქვეყნებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ვერ ჩამოუყალიბდათ, დაკავშირებულია “საქართველოში არსებულ რთულ შიდა პოლიტიკურ პროცესებთან“.
მიუხედავად ამისა, იგი იმედოვნებს, რომ 2025 წელი ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს. იგი ხაზს უსვამს, რომ სომხეთმა არ უნდა დაიკავოს პასიური პოზიცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის რთული ურთიერთობების გამო:
“თუ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლონი საქართველოსთვის ან პირიქით, მაშინ ორივე ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მხარი დაუჭიროს ერთმანეთს.“
2024 წლის იანვარში სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ქვეყნების ლიდერებმა ამ დოკუმენტის ხელმოწერა “ისტორიულ გადაწყვეტილებად“ და “მნიშვნელოვან მიღწევად“ შეაფასეს. თუმცა დეკლარაციის დეტალები ჯერჯერობით საჯაროდ არ გამჟღავნებულა. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელ სფეროებში აპირებენ მხარეები რეალური ნაბიჯების გადადგმას თანამშრომლობის გასამყარებლად და განსაზღვრულია თუ არა სამოქმედო ნაბიჯების ეფექტიანობის ინდიკატორები.