საქართველო: ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა პატიმრობით დაისჯება
საქართველოში 3 თვეში ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც, მკაცრდება სასჯელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე და საგრძნობლად იზრდება ფულადი ჯარიმები. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისას კი (თუკი ეს განმეორებით ხდება) მძღოლს ჯარიმის გარდა, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც (5-15 დღე) ემუქრება.
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის ინიციატორები პარლამენტარები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი არიან. იოსელიანის თქმით, ავტოავარიებში უამრავი ადამიანი დაიღუპა და მიზეზი ხშირ შემთხვევაში ნასვამი მძღოლი იყო.
„გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი მილიონზე 130 კაცია, საქართველოში კი მილიონ კაცზე 400-ზე მეტი დაღუპული მოდის. რომ გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას, აღმოვაჩინეთ, რომ შედეგი ყველგან კანონის გამკაცრებით მიაღწიეს“, – ამბობს ლევან იოსელიანი.
მისივე განმარტებით, ადმინისტრაციული საპატიმრო ცალკე მოწყობილი დაწესებულებაა, სხვა ციხეებისგან განსხვავებით იქ მსუბუქი რეჟიმი მოქმედებს, ამიტომ რისკიც ნაკლებია. ასევე, დაპატიმრებულ ნასვამ მძღოლს ეს პატიმრობა ნასამართლეობად არ ეთვლება:
“სანქცია მხოლოდ ფულადი ჯარიმა რომ იყო, ვნახე შემთხვევები, როდესაც ხალხს 20 ათასი ლარი ჰქონდა გადახდილი. ანუ 20-ჯერ რომ მთვრალი დაჯდები საჭესთან და მერეც იგივეს გააკეთებ. ვიღაცისთვის მხოლოდ ჯარიმა შემაკავებელი ფაქტორი არა რის.“
გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა განმარტავს, რომ ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის კუთხით საქართველოში კანონმდებლობა დასახვეწი იყო.
რა ცვლილებები შევიდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“:
- მანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვისას, მძღოლი, რომელსაც ამავე დროს არ ჰქონდა მართვის უფლება 2000 ლარით დაჯარიმდება. თუკი იგივეს გაიმეორებს – 3000 ლარით, რასაც 1-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაემატება;
- თუკი მძღოლი მანქანას ნასვამი მართავდა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, იგი 2000 ლარით დაჯარიმდება და 3 წლით შეუჩერდება მართვის უფლება.
- თუკი ნასვამმა მძღოლმა დააზიანა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, გზა, საგზაოანსხვანაგებობა, ან ადამიანს მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება და ამავე დროს მას არ ჰქონდა მართვის უფლება, მას ელოდება 3000 ლარიანი ჯარიმა და 10-დან 15 დღემდე პატიმრობა.
- თუკი ავტომობილის მფლობელმა, თავისი მანქანის მართვის უფლება მისცა ადამიანს, რომელიც იცის, რომ ნასვამია, დაჯარიმდება 1500 ლარით.
- მანქანის მფლობელი, რომელმაც იცოდა, რომ სამართავად მანქანას აძლევდა მძღოლს, რომელიც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება დაჯარიმდება 2000 ლარით. თუ იგივეს გაიმეორებს – 2500 ლარით.
- მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით.
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა აღარ ექნებათ იმ მძღოლებს, რომლებიც ერთხელ უკვე დაჯარიმდნენ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის.
____________________________________________
● “დაბრუნდეს გადახდილი ჯარიმები” – ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა
● თბილისის ქუჩებში ნაგვის დამყრელებს ფოტოხაფანგი გამოავლენს
● პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს. აქტივისტები აპროტესტებენ
_____________________________________________
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ავტოსაგზაო შემთხვევებს 2020 წელს 450 ადამიანი ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 137 სიმთვრალით იყო გამოწვეული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.