„საქართველო კვლავ დგას კონფრონტაციის გზაზე“ — ინტერვიუ რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. ელჩთან
ინტერვიუ რუსეთში აფხაზეთის ელჩთან
დაიშვება თუ არა აფხაზეთში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება? იგეგმება თუ არა კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნა რეგიონში, გარდა უკვე არსებული ოჩამჩირის ბაზისა? და რამდენი აფხაზი იბრძვის ამჟამად უკრაინაში?
ამ და სხვა საკითხებზე რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში ისაუბრა რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ალხაზ კვიცინიამ.
აფხაზეთში უცხოური აგენტების შესახებ კანონი მიიღება?
ელჩის თქმით, აფხაზეთის ხელისუფლებას მართლაც აქვს ასეთი განზრახვა, თუმცა საუბარია არა იმავე შინაარსის კანონზე, როგორიც რუსეთს აქვს მიღებული, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი FARA-ს (უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი) ანალოგზე.
2024 წლის თებერვალში აფხაზეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი სახელწოდებით „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ განხილული არ არის.
ალხაზ კვიცინიამ აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აფხაზეთმა უნდა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და საინფორმაციო სივრცე, თუმცა ამასთან, არ უნდა შეიზღუდოს კანონმორჩილი სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა.
გაიხსნება თუ არა აფხაზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზა?
კვიცინიას თქმით, მეორე ბაზის შესაძლო გახსნის საკითხი მედიაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა შეთანხმება საზღვაო ძალების თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. საუბარია კონკრეტულად ოჩამჩირეში მდებარე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ტექნიკურ-რემონტულ ბაზაზე.
თუმცა, ელჩის თქმით, ამაზე სრულიად ახალი ბაზის სტატუსის მინიჭება გაჭირდება, რადგან ყველაფერი ხორციელდება 2009 წლის ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც ითვალისწინებს პარტნიორობასა და სამხედრო თანამშრომლობას.
კვიცინიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა აფხაზეთის ტერიტორიაზე „თავდაცვით ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს პოტენციური აგრესიის შეკავებას“.
„საქართველო დღემდე უარს ამბობს ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე, ამიტომ მსგავსი სიფრთხილის ზომები სრულიად გასაგებია,“ — განაცხადა ელჩმა.
აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ
ალხას კვიცინიამ დაადასტურა, რომ 2025 წლის მაისიდან აფხაზეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. პირველი სამგზავრო რეისი რუსეთის ავიაკომპანია „ЮВТ აეროს“ მიერ მოსკოვიდან სოხუმში დაგეგმილია 2025 წლის 3 მაისს.
მომავალში იგეგმება როგორც რეისების სიხშირის, ისე გეოგრაფიის გაფართოება. პერსპექტივაში სოხუმი პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ სანქტ-პეტერბურგს, რუსეთის ურალისა და ციმბირის რეგიონულ ცენტრებს.
ელჩის თქმით, აფხაზეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხოლო ტურიზმი ქვეყნის მთავარი შემოსავლის წყაროა.
„ვიმედოვნებთ, რომ კურორტული სეზონის პიკამდე პირდაპირი რეისების გეოგრაფია მნიშვნელოვნად გაფართოვდება, რაც ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს,“ — განაცხადა კვიცინიამ.
ალხას კვიცინია აღნიშნავს, რომ საქართველო „კვლავ დგება კონფრონტაციის გზაზე“ და ცდილობს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მეშვეობით შეაჩეროს რუსული ავიაკომპანიების ფრენები სოხუმში.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაცია არალეგიტიმურია, რადგან აფხაზეთი აღიარებული სახელმწიფოს სტატუსს არ ფლობს და, შესაბამისად, სოხუმის აეროპორტს არ აქვს საერთაშორისო ფრენების სერტიფიკატი.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ICAO-ს მექანიზმების გამოყენების მცდელობები აფხაზეთის იზოლაციისთვის არაეფექტურია,“ — ამბობს ელჩი.
მან ასევე მოუწოდა ოფიციალურ თბილისს, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე და „ბოლოს და ბოლოს, ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შეთანხმებას.“
რამდენი აფხაზეთის მოქალაქე მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე ომში?
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მოქალაქეების უმეტესობას ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობა, სოხუმში ოფიციალური მობილიზაცია არ გამოცხადებულა.
თუმცა, კვიცინია ამტკიცებს, რომ „ბევრმა გულწრფელი სურვილით გადაწყვიტა დახმარებოდა ძმურ რუსეთს“. მისი თქმით, ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში აფხაზეთიდან უკვე 66 მებრძოლი დაიღუპა.
შესაბამისად, მისი შეფასებით, ომში მონაწილე აფხაზების საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს.
მიეწოდება თუ არა აფხაზეთს ელექტროენერგია?
კვიცინიამ აღნიშნა, რომ გასული ზამთარი რეგიონმა მძიმედ გადაიტანა — ენერგეტიკული კრიზისი გამოწვეული იყო ენგურისჰესზე წყლის დონის მკვეთრი ვარდნით. ვითარების სტაბილიზება შესაძლებელი გახდა მხოლოდ რუსეთიდან მიღებული ე.წ. „ჰუმანიტარული ელექტროენერგიის“ წყალობით.
მარტში, კრემლში გამართული შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა აფხაზეთის პრეზიდენტი ბადრა გუმბა, რომ მოსკოვი გააგრძელებს ენერგეტიკულ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
თუმცა, როგორც კვიცინია ამბობს, აფხაზეთი ვერ დაეყრდნობა ყოველ ზამთარს მხოლოდ საგანგებო ზომებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომდევნო შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მომზადების კომპლექსური გეგმის შემუშავება.
გეგმა ორი მიმართულებით ვითარდება: ერთი მხრივ, გაძლიერდება ბრძოლა უკანონო კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, იგეგმება ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია — რუსი სპეციალისტების დახმარებით მიმდინარეობს ელექტროსქემების განახლება და ენერგეტიკული დანაკარგების შემცირება.
გარდა ამისა, შენარჩუნებულია ენგურჰესის ერთობლივი მართვის სისტემა საქართველოსთან — მოდელი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ეფექტიანად ფუნქციონირებს, მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებებისა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო