ევროკომისიის საგარეო ურთიერთობების სპიკერის, ანიტა ჰიპერის თქმით, შავი ზღვის რეგიონის ახალ სტრატეგიაში პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობის ფორმა და ტრაექტორია მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მიდგომასა და ერთგულებაზე. ამის შესახებ მან გამოცემა “ევროსკოპს” განუცხადა. მისივე განმარტებით, შავი ზღვის სტაბილურობა არსებითია საქართველოს უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგო-კავშირებისთვის.
28 მაისს ევროკავშირმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს გაერთიანების სტრატეგიულ მიდგომას შავი ზღვის მიმართ. დოკუმენტში ლაპარაკია მხარდაჭერისა და სარგებლის შესახებ, რასაც ევროკავშირი დაინტერესებულ პარტნიორებს ინტეგრაციის პროცესში სთავაზობს და ასევე მათი პოლიტიკის თანხმობის მნიშვნელობაზე ბლოკის საგარეო პოლიტიკასთან.
“ევროკავშირი მჭიდროდ იმუშავებს პარტნიორთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შეჯერებისთვის, სანქციებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით. კონკრეტული ყურადღება იქნება EU-ის შემზღუდავი ზომების გაძლიერებაზე რუსეთისა და ბელარუსის მიმართ, განსაკუთრებით სანქციებისა და მათი გვერდის ავლის თვალსაზრისით.” – წერია კაია კალასის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
ანიტა ჰიპერი: “როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა პრესკონფერენციაზე შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ კავშირებს ევროკავშირთან. უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველოც, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. შავი ზღვის სტაბილურობა არსებითია საქართველოს უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგო-კავშირებისთვის.
ახალი სტრატეგია სთავაზობს პარტნიორ ქვეყნებს, საქართველოს ჩათვლით, წინადადებას, რომელიც დამოკიდებულია საერთო მიზნების ამოცანებისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაგებაზე. შავი ზღვის სტრატეგიის მთავარი არსი საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობაა.
პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ძლიერი პოლიტიკური ერთგულების დემონსტრირება ამ ამოცანების წინ წასაწევად. შესაბამისად, ასეთი პარტნიორობის ტრაექტორია და ფორმა დიდწილად დამოკიდებული იქნება საქართველოს მიდგომაზე და ერთგულებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაფართოების პროცესი გაგრძელდება დამოუკიდებლად და ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უწინდებურად გაფართოების პროცესის ფარგლებში შეფასდება.”