აფხაზეთში პრემიერის პოსტის გაუქმებას ვარაუდობენ
საკონსტიტუციო რეფორმა აფხაზეთში
აფხაზეთში საკონსტიტუციო რეფორმას ამზადებენ. სპეციალურმა კომისიამ უკვე წარუდგინა რეკომენდაციები პრეზიდენტ ასლან ბჟანიას. ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შეიძლება გაუქმდეს.
კომისია, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა, მივიდა დასკვნამდე, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა – ზედმეტი რგოლია აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში, ვინაიდან მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არა მხოლოდ მეთაურია, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც.
„ეს შემოთავაზებული მოდელის ერთ-ერთი საკვანძო ცვლილებაა და ემსახურება შემდეგ მიზნებს: დუალიზმის აღმოფხვრას (უფლებამოსილების დუბლირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობის აპარატს შორის); ადმინისტრაციული მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრის ინსტიტუციონალიზაციას; დოკუმენტების გავლისა და შეთანხმების დროის შემცირებას; მთავრობის წევრთა პასუხისმგებლობის გაძლიერებას; სახელმწიფო აპარატის ოპტიმიზაციას; მასზე გამოყოფილი ხარჯების შემცირებას“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
- აფხაზეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი. რა დგას მოულოდნელი დანიშვნის უკან?
- მოსაზრება: აფხაზეთი – დროა, ანგარიში გავასწოროთ
კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმების შემთხვევაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებების მიღების მხოლოდ ერთი ცენტრი რჩება – პრეზიდენტის სახით, გადაწყვეტილების მიმღები ყველანაირი კოლეგიალური ორგანოს გარეშე.
ახალი ფორმულით, აღმასრულებელი ხელისუფლება შედგება პრეზიდენტისა და მთავრობისგან, რომლის მინისტრებსაც პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტთან შეთანხმებით (მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მინისტრებს თვითონ ნიშნავს ყველანაირი შეთანხმების გარეშე).
პრემიერის თანამდებობასთან ერთად უქმდება ვიცე-პრემიერის თანამდებობებიც, მთავრობის წევრები კი პირდაპირ პრეზიდენტს ემორჩილებიან.
იგივე კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ჯერჯერობით აუცილებელია ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნება (მოქმედი კონსტიტუციით, სახელმწიფოს მეორე პირი „ასრულებს პრეზიდენტის გარკვეულ მითითებებს“).
პრეზიდენტი და პარლამენტი
საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებული აღმასრულებელი ხელისუფლების ოპტიმიზაციის გარდა, მეორე საკვანძო სიახლე პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უფლებამოსილების გადანაწილებაა.
კერძოდ, შემოთავაზებულია, რომ პრეზიდენტს მინისტრის დანიშვნა შეეძლება სახალხო კრებასთან შეთანხმებით, რაც ახლა მისი ექსკლუზიური კომპეტენციაა.
მინისტრის თანამდებობაზე კანდიდატის დამტკიცების ან უარყოფის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი მას შემდეგ იღებს, რაც ეს უკანასკნელი დეპუტატთა კორპუსს გააცნობს თავის შეხედულებებსა და პროგრამას მოცემულ სფეროსთან ან დარგთან დაკავშირებით.
თუკი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს სახალხო კრება ორჯერ არ დაამტკიცებს, სახელმწიფოს მეთაურს უფლება აქვს დამოუკიდებლად დანიშნოს მინისტრი. თუმცა, მისი შეთანხმების გარეშე დანიშვნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, დეპუტატებს უფლება აქვთ მის მიმართ ნდობის საკითხი დააყენონ.
სახალხო კრების მიერ მინისტრისადმი უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვალდებულია თანამდებობას ჩამოაშოროს ეს პიროვნება და პარლამენტს ახალი კანდიდატი წარუდგინოს.
ასევე, სახალხო კრებას შეუძლია უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს ნებისმიერ მინისტრს, რომელიც თანამდებობაზე პარლამენტთან შეთანხმებით დაინიშნა. და თუკი სახალხო კრება 6 თვის განმავლობაში განმეორებით გამოუცხადებს უნდობლობას აღნიშნულ მინისტრს, პრეზიდენტი ვალდებულია ის თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
საკონსტიტუციო კომისიის წევრთა აზრით, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის უფლებამოსილების ასეთი გადანაწილება, პარლამენტს „პოლიტიკურ პროცესებზე რეალური გავლენის მოხდენის ინსტრუმენტს აძლევს, და ამ მექანიზმის მეორე მხარე ისაა, რომ სახალხო კრებაც ასევე იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მიღებულ გადაწყვეტილებებზე“.
ახლა, აფხაზეთის მთავარი კანონის რეფორმის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის დასკვნის შემდეგ, სიტყვა პრეზიდენტ ასლან ბჟანიაზეა.
ახლა ის გადაწყვეტს – მისცეს თუ არა მსვლელობა ამ წინადადებებს და თუ – კი, მაშინ როგორ შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში – რეფერენდუმის გზით თუ მის მიერ, შესაბამისი ცვლილებებით, საკონსტიტუციო კანონის პარლამენტში წარდგენით.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო