აფხაზეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი. რა დგას მოულოდნელი დანიშვნის უკან?
აფხაზეთში, საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ინალ არძინბა გახდა. ადრე ის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე. იქ ის უკრაინის მიმართულებას კურირებდა. რა იმალება ამ დანიშვნის უკან და რატომ მოხდა სწორედ ახლა?
აფხაზური საზომით ასეთი ახალგაზრდა პოლიტიკოსის (ინალ არძინბა 31 წლისაა) ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა ექსპერტთა უმეტესობამ დიდ მოულოდნელობად აღიქვა. ამასთან, ამ პოსტზე მისი წინამორბედი დაურ კოვე აშკარად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს და მუშაობის პერიოდში მის მიმართ პრეტენზიები არც ხელისუფლებას ჰქონია და არც ოპოზიციას.
უფრო მეტიც, კოვეს მხარდაჭერა ჰქონდა თავისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის მხრიდან. მიიჩნევა, რომ სწორედ მისი პროტექციით, 2020 წლის აპრილში ხელისუფლებაში მოსულმა ასლან ბჟანიამ დაურ კოვე მინისტრის თანამდებობაზე დატოვა.
- კომენტარი: ასლან ბჟანია თავდაცვით მდგომარეობაში გადავიდა
- ”აფხაზეთის ნებისმიერ ლიდერს ორი პრობლემა აქვს: დახმარება უნდა ითხოვოს და ახსოვდეს, რომ ამისთვის გადახდა მოუწევს”
თუმცა, მიუხედავად ამ აღქმისა, კოვეს გადადგომას და გამოთავისუფლებულ ადგილზე ინალ არძინბას დანიშვნას თავისი ლოგიკა აქვს:
— კოვეს გადადგომით პრეზიდენტმა თავისი მთავრობიდან ყოფილი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გუნდის ბოლო წარმომადგენელიც მოიშორა (საგანგებო სიტუაციების მოქმედი მინისტრი ლევ კვიცინია არ ითვლება, რადგან ის ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროიდან მუშაობს);

— დღევანდელ ხელისუფლებაში, სხვა ყველაფერთან ერთად, იგრძნობა მედიის პერსონების დეფიციტი. ასლან ბჟანიას ამჟამინდელი გუნდის სახეები – პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შამბა, თუმცაკი დიდი ხანია აფხაზური პოლიტიკაში მონაწილეობენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მეტად ხანდაზმულები არიან.
და ამ კონტექსტში ახალგაზრდა ინალ არძინბას, რომელსაც ზურგს უკან რუსეთში საკმაოდ სერიოზული კარიერა აქვს, ნამდვილად შეუძლია გარკვეულწილად ეს აღქმა შეცვალოს.
— გარდა ამისა, ალბათ, ასლან ბჟანია, საკუთარ გუნდში ინალ არძინბას შემოყვანას და ამ საკადრო დანიშვნას, პერსპექტიულ „ინვესტიციად“ განიხილავდა. ახლა პრეზიდენტს ფაქტობრივად მოქმედი პრემიერის, ალექსანდრ ანქვაბის ერთგვარი ალტერნატივა გაუჩნდა, რომელთანაც არც თუ ისე მარტივი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. და სრულიად შესაძლებელია, რომ თუკი უცებ რაიმე მიზეზით მოქმედ პრემიერთან დაშორება მოუწევს, ახალი კანდიდატურის მოსაძებნად ასლან ბჟანიას დიდი დრო აღარ დასჭირდება.
— და ბოლოს, ახალ დანიშვნაში სუფთა აფხაზური ელემენტიცაა. საგარეო პოლიტიკური უწყების ახალ ხელმძღვანელს იგივე გვარი აქვს, რაც ოპოზიციის ლიდერ ადგურ არძინბას. და ახლა, როდესაც ოპოზიცია გაერთიანდა და მისი ხელისუფლებასთან კონფრონტაცია გარდაუვალია, ბჟანიას ჩანაფიქრით, „საგვარეულო“ დონეზე თამაშმა შეიძლება დაძაბულობა შეამსუბუქოს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო