ნინო ლომჯარია სტრასბურგს მიმართავს, ჩართოს სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, მესამე მხარედ ჩართოს სააკაშვილთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში.
ნინო ლომჯარიას თქმით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატს საშუალება მიეცემა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.
ომბუდსმენის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათი აპარატი სტრასბურგს მსგავსი თხოვნით მიმართავს.
“თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვფიქრობ, რომ კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის”. – ამბობს ნინო ლომჯარია.
დღეს გამოქვეყნდა ომბუდსმენის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ, სადაც დასკვნის სახით ვკითხულობთ, რომ პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.
მანამდე, 10 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება იმ “დროებითი ზომების შესახებ”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება.
სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და “დროებითი ზომები” მიიღო. “დროებითი ზომების” შინაარსიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე დაინახა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. 10 დღეა სააკაშვილი საკვებ დანამატებსაც აღარ იღებს და როგორც მისი მეგობრები და ადვოკატები ამბობენ, ასევე უარს ამბობს გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე.