საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთში უფრო მკაცრი წესებით იმუშავებენ, მაგრამ არ დაიხურებიან
საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთში
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბრძანებულებაში „რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების გარკვეული ღონისძიებების შესახებ“ ცვლილებები შეიტანა. ამავდროულად, არ გამართლდა შიში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მკვეთრად შეიზღუდებოდა.
დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათი პროგრამების და პროექტების დამფინანსებელი არაკომერციული ორგანიზაციების სახელები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიაწოდონ. ასევე, პროექტის განხორციელების ეტაპების გარდა, ახლა აუცილებელია მიეთითოს „თითოეული განხორციელებული აქტივობა და მისი დაფინანსების ოდენობა“.
გარდა ამისა, განკარგულების თანახმად, აუცილებელია არაკომერციული ორგანიზაციის რეგისტრაციისა და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის, მხარეთა მიერ შეთანხმებული შესაბამისი საქმიანობის განხორციელების პროცედურის (მათ შორის, გასაფორმებლად დაგეგმილი ხელშეკრულებების პროექტების), შესაბამისი პროგრამის განხორციელების ფარგლებში დაფინანსების ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც.
„პროგრამის (პროექტის) განხორციელების პროგრესის შესახებ შუალედური ანგარიშები წარდგენილია ყოველი კალენდარული კვარტლისთვის არაუგვიანეს კვარტალის შემდგომი თვის 10 დღისა, მიუხედავად პროგრამის (პროექტის) განხორციელების დაწყების თარიღისა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
- აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან დაახლოების კამპანიას ეწევა
- ინალ არძინბა: ჩვენ აშშ-ის პროვოკაციებს ველით
ის, რომ ხელისუფლება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ცვლილებების შეტანას აპირებდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ გასულ კვირას დააანონსა.
უფრო მეტიც, აფხაზეთში აკრედიტებულ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, არძინბამ ღიად მიანიშნა, რომ ცალკეულ ორგანიზაციებს სრულად აეკრძალებათ თავიანთი საქმიანობის განხორციელება აფხაზეთში.
მისივე თქმით, გაეროს სააგენტოები დეზინფორმაციას აწვდიან მის უწყებას იმ პროექტების რეალური მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რომლებსაც ისინი ახორციელებენ.
ამავდროულად, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს “კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას” და ასევე, “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”.
“მათთვის, ვისაც სურს გაანადგუროს აფხაზურ-რუსული ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა „ოკუპირებულ ტერიტორიად“ განიხილოს, ჩვენი კარი უახლოეს მომავალში დაიკეტება.“ – განაცხადა ინალ არძინბამ.
თუმცა, ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ აკრძალვას ან შეზღუდვას საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის USAID-ის საქმიანობის მიმართ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო