სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, რუსული ბაზარი არის შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის
რუსული ბაზარი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, რუსული ბაზრის გახსნა არის შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის. მისივე განმარტებით, რძისა და რძის ნაწარმის ექსპორტზე მუშაობა საქართველომ 2020 წელს დაიწყო.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, მთავრობა კომპანიებთან ერთად ბაზრის დივერსიფიცირებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ პროცესის ნაწილია რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში რძისა და რძის ნაწარმის ექსპორტის თემა.
“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ეს ბაზარი. ეს არის სრული პროცესი, რაზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები”, – თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მისი თქმით, სწორედ ამის ნაწილია ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხი. რადგან ხელისუფლება პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ევროკავშირთან:
“შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული შედეგი – ევროკავშირში დაშვებულ იქნა თაფლი და უპრეცედენტო რაოდენობის თაფლი გავიდა ევროკავშირში.”
მინისტრი ამბობს, რომ დოკუმენტების მიწოდების გარდა – რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის – საქართველოს სხვა კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან არ ჰქონია.
“ეს არის მთელი პროცესი და ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ მეტი წარმოება და ბოლომდე აამუშაონ სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები.“ – განაცხადა შამუგიამ.
● რუსეთმა გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია. იქ საქართველო არ არის
● ხანგრძლივი ომი, დიპლომატია, გადატრიალება. უკრაინაში ომის ხუთი სცენარი BBC-ის ანალიტიკოსისგან
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
დღეს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ბიზნესის მოქმედებებზე კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა. მისი თქმით, კომპანიებმა შემოსავალი არ უნდა მიიღონ იმ დიქტატურის პირობებში, რომლებიც უკრაინაში მშვიდობიან ქალაქებსა და მოსახლეობას ანადგურებს.
“რუსეთის დანაშაულზე თვალის დახუჭვა ნიშნავს, რომ შენ ხარ თანამონაწილე. სანქციები არის კონკრეტული დარტყმა, რომელსაც იგრძნობს რუსეთის მოქალაქე. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს სანქციებით ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე”, – განაცხადა კასიანოვმა.
უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ რუსეთს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები დაუწესა – რუსეთიდან გავიდნენ ცნობილი ბრენდები, მათი თვითმფრინავებისთვის დაიხურა ცა ევროპის თავზე, მოქალაქეებს შეუწყდათ წვდომა საბანკო ანგარიშებზე და ვერ იყენებენ ბარათებს, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს კი დაუყადაღეს ქონება ევროპაში და ჩამოართვეს ძვირადღირებული იახტები. ქვეყანა ამჟამად ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დგას.
თუმცა საქართველო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. მეტიც – რუსეთმა, მოლაპარაკების შედეგად, ქართულ საწარმოებს რძის პროდუქტების ექსპორტის ნება დართო. ამ ინფორმაციამ რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კონტექსტში ოპოზიციის და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თბილისმა საყვედური კიევისგანაც მიიღო, სადაც საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის ამგვარ განვითარებას “ზურგში დანა” უწოდეს.