მოსაზრება: რუსებმა თავისიანები მიატოვეს
“ნოვაია გაზეტა”- ს შეფ-რედაქტორი ალექსეი პოლუხინი იმის შესახებ, თუ როგორ უთხრა რუსეთმა უარი სამშობლოში დაბრუნებაზე თანამემამულეებს, რომლებიც პანდემიის დროს უცხოეთში აღმოჩნდნენ:
”რუსები საკუთარ ხალხს განსაცდელში არ ტოვებენ” – ასეთი იყო ფორმულა, რომელსაც რუსეთში ”ყირიმის კონსენსუსი” ემყარებოდა (როდესაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია მოახდინა – JAMnews). სამშობლოს ახსოვხართ, სადაც არ უნდა იყოთ. და საჭიროების შემთხვევაში გამოგიგზავნით “ზრდილობიან ადამიანებს” (2014 წელს ყირიმში მოქმედი რუსი სამხედროების მეტსახელი რუსულ პროსამთავრობო მედიაში – JAMnews) და აუცილებლობის შემთხვევაში ტანკებსაც. სულ მცირე – სამოქალაქო თვითმფრინავს, რომელიც წამოგიყვანთ უცხო ქვეყნიდან, როდესაც იქ ყოფნა ძალიან საშიში გახდება.
ახლა ყველანი რეალურ და არა მოგონილ საფრთხეში ვართ. ჩვენ ვავლენთ სამოქალაქო შეგნებას, ვიცავთ თვითიზოლაციის რეჟიმს, ვავსებთ მოხალისეთა რიგებს, ვეგუებით ბიზნესისა და შემოსავლის წყაროების დაკარგვას. ამის საპასუხოდ ჩვენ ველით, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს თითოეული ჩვენგანის გადასარჩენად.
მაგრამ არა. პარასკევს გვიან საღამოს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ შუაღამიდან ჩვენი ქვეყანა უცხოეთში დარჩენილ თანამემამულეთა ევაკუაციის პროგრამას აჩერებს. საუბარია მთელ მსოფლიოში მიმოფანტული 30 ათასი ადამიანის ბედზე, ნიუ – იორკიდან ნიუ – დელიმდე. ყველა მათგანი უნდა დაბრუნებულიყო რუსეთში უახლოეს კვირაში. არა ბიუჯეტის ხარჯზე – საკუთარი თანხებით, სახელმწიფოს მოეთხოვებოდა მხოლოდ საჰაერო სივრცე არ დაეხურა. მაგრამ მაინც დახურა.
ვიცეპრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ და “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ ჩათვალეს, რომ აუცილებელია რუსეთის საზღვრებში მყოფი რუსების დაცვა იმ რუსებისაგან, რომლებიც მათი პერიმეტრის გარეთ იმყოფებიან.
რა თქმა უნდა, ეს ეფექტურია ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. დიახ, ეს ყველაფერი ასჯერ მოვისმინეთ: არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ისინი იქ 30 ათასია, აქ 146 მილიონი ვართ და რა გინდათ?
ჩვენ გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ მთავრობის და მისი შტაბის ამოცანა ხალხის გადარჩენაა. სინამდვილეში, ოფიციალურ პირებს იმის ეშინიათ, რომ ჩამოსულები სტატისტიკას გაუფუჭებენ.
მრუდი მაღლა წავა. დაწყობილი ანგარიშები ჩამოიშლება და თუ ხალხს ჩამოივიყვანთ არა ერთიანად, არამედ ნაწილ-ნაწილ რაღაც დროის შემდეგ, სტატისტიკა დიდად არ გაფუჭდება. და თუ ისინი დაიღუპებიან – ეს არა ჩვენი იურისდიქციის ქვეშ მოხდება!
შედეგად, სახელმწიფო ჩამოიშალა.
იმიტომ, რომ 30 ათას ადამიანს ჰყავს ასობით ათასი ნათესავი და ახლობელი, გარდა ამისა ამას მილიონობით ადამიანი წაიკითხავს ახალ ამბებსა და სოციალურ ქსელებში. და ისინი მხოლოდ ერთ რამეს იტყვიან.
რუსებმა თავისიანები მიატოვეს.