მავნებელი პომიდვრებში თუ რუსეთის ზეწოლის ბერკეტი აზერბაიჯანზე?
რუსულმა სახელმწიფო სტრუქტურამ (როსსელხოზნადზორმა) 10 დეკემბრიდან, აზერბაიჯანული ვაშლისა და პომიდვრის რუსეთში შეტანა აკრძალა. ამტკიცებენ, რომ ამის მიზეზი პროდუქციაში მავნებლის გამოვლენა გახდა. მაგრამ ექსპერტებს განსხვავებული აზრი აქვთ.
- მოსაზრება: რუსეთი აფხაზეთს ახსენებს, ვინ არის სახლში უფროსი?
- საქართველოს ეკონომიკა ოქტომბრის თვეში 3.9%-ით შემცირდა
„ფიტოსანიტარიული კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით, აღნიშნული მავნებლის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსვლისა და გავრცელების აღსაკვეთად, „როსსელხოზნადზორი“ იძულებული გახდა, 2020 წლის 10 დეკემბრიდან, აზერბაიჯანული წარმოების პომიდვრისა და ვაშლის რუსეთში შემოტანა აკრძალოს“, – ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ ოფიციალურ განცხადებაში. უწყებაში აღნიშნეს, რომ აკრძალვა დროებითია.
აზერბაიჯანი – რუსეთისთვის პომიდვრის უმსხვილესი მიმწოდებელი
რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემების თანახმად, რუსეთისთვის ახალი და გაყინული პომიდვრის უმსხვილესი მიმწოდებელიც აზერბაიჯანია.
ამრიგად, 2020 წელს, რუსეთში 169.6 მილიონი დოლარის ღირებულების 153 ათასი ტონა პომიდვრის იმპორტი განხორციელდა (მეორე ადგილზე თურქეთი გავიდა, მესამეზე – ბელარუსი).
პოლიტიკა პომიდვრების საშუალებით
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პომიდვრების შეტანის აკრძალვას, შესაძლოა, პოლიტიკური ხასიათი ჰქონდეს.
როგორც კი რუსეთს რომელიმე ქვეყანასთან უფუჭდება გეოპოლიტიკური ურთიერთობები, „როსსელხოზნადზორი“ კეტავს კვების წყაროს, აღნიშნავენ რუსი სპეციალისტები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლას საკვები პროდუქტების იმპორტზე აკრძალვის მეშვეობით ახდენს.
ასე იყო ქართული ღვინის შემთხვევაში, წინა ათწლეულის მიწურულს, ასე მოხდა შედარებით ცოტა ხნის წინ, თურქულ პომიდორთან დაკავშირებით.
„როდესაც რუსეთი რაიმე სახის პროდუქციის შეტანას კრძალავს, ეს ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია და სხვა ქვეყნებიც ზუსტად ასე იქცევიან“, – ამტკიცებს რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საფინანსო-სამრეწველო და საინვესტიციო პოლიტიკის საბჭოს წევრი, ანა ვოვკი.
პოლიტიკური მიმომხილველის, შაჰინ რზაევის თქმით, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი, შესაძლოა, ბაქოში, აღლუმზე, სომხური ნაალაფარი სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება გახდა. „ყველასთვის ცნობილია, რომ ეს რუსეთში ნაწარმოები ტექნიკაა და შეიძლება, კრემლს ასეთი რამ არ მოეწონა“, – აღნიშნა რზაევმა.
ასევე, მიმომხილველის აზრით, არ შეიძლება გამოირიცხოს წყენა, გამარჯვების აღლუმზე თურქეთის პრეზიდენტის მიწვევის გამო.
ვინ უფრო მეტად ზარალდება ასეთი აკრძალვებით – რუსები თუ უცხოელები?
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ბოსტნეულის ნაკადის გადაკეტვით, ყველაზე მეტად რუსი მომხმარებლები ზარალდებიან: საახალწლო დღესასწაულების წინ, პომიდორზე ფასი, შეიძლება, 20 პროცენტით გაიზარდოს.
აზერბაიჯანული პომიდვრის დეფიციტის დასაფარად მიმწოდებლებმა თურქეთიდან, მაროკოდან, ჩინეთიდან და ბელარუსიდან ორჯერ უნდა გაზარდონ რუსეთში ექსპორტი. ეს ნაკლებად შესაძლებლად მიაჩნიათ რუსეთის ეროვნულ სარეიტინგო სააგენტოში.
ერთი კილოგრამი იმპორტირებული პომიდორი რუს რითეილერებს 40 რუბლი (დაახლოებით, 0.55$) უჯდებათ, ადგილობრივი კი – თითქმის 70 რუბლი (დაახლოებით, 0.96$), განაცხადა რუსეთის სათბურების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსეი სიტნიკოვმა. საცალო გაყიდვებში კი ერთი კილოგრამი პომიდორი, დაახლოებით, 115 რუბლი (დაახლოებით, 1.5$) ჯდება.
აზერბაიჯანში, აკრძალვისგან მიყენებულ დანაკარგებს ითვლიან
2019 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანიდან რუსეთში 19 042.2 ტონა პომიდვრისა და 11 356.31 ტონა ვაშლის ექსპორტი მოხდა. საფასო ეკვივალენტით, ამან, შესაბამისად, 22 მილიონ 352.92 ათასი და 4 მილიონ 889.43 ათასი დოლარი შეადგინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აზერბაიჯანმა ექსპორტზე 27.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ანუ, 2020 წლის დეკემბრის დანაკარგები, შეიძლება, ანალოგიურ თანხად შეფასდეს.
მაგრამ, მეორე მხრივ, თუკი 2019 წელს აზერბაიჯანმა რუსეთში სულ 153 ათასი ტონა პომიდორი გაგზავნა, ასეთივე მოცულობის ექსპორტი აზერბაიჯანმა უკვე 2020 წლის პირველ ცხრა თვეში განახორციელა. მიმდინარე წლის ათ თვეში, პომიდვრის ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა, ისევე, როგორც ვაშლის ექსპორტი.
„აზერბაიჯანის ეკონომიკისთვის სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია 30 მილიონი დოლარის დაკარგვა“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა ეკონომიკის ექსპერტმა, თორგულ მაშალიმ.