როგორ დაზარალდება სომხეთის ეკონომიკა უკრაინის ომის გამო
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გავლენა სომხეთზე
2022 წელს სომხეთში კორონავირუსის პანდემიის უარყოფითი შედეგების დაძლევას და გასულ წელთან შედარებით, მინიმუმ 5 პროცენტით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდნენ. ამაზე მეტყველებდა როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების პირველადი პროგნოზები. თუმცა, უკრაინის ომმა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ყველაფერი შეცვალა.
ავტორიტეტულმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და სარეიტინგო სააგენტოებმა, მსოფლიოს ქვეყნებში საწყისი პროგნოზების გადახედვა დაიწყეს.
სომხეთში ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა უკვე შეინიშნება. დეტალური ანალიზი – რით აიხსნება ეს შედეგი.
- სომხეთი ეკონომიკური სტაგნაციის ზღვარზე: რას ველოდოთ ქვეყანაში 2021 წელს
- ომისა და კორონავირუსის მიუხედავად, სომხეთში ტურიზმის გადარჩენას ცდილობენ
რა მაჩვენებლებზე საუბრობენ ერევანში
სომხეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზს თავდაპირველად სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა გადახედა. Fitch-მა თავდაპირველად მითითებული 5,3 პროცენტი 1,3-პროცენტით შეცვალა. ცვლილება კი ასე განმარტა:
„უკრაინის ომთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა გვაიძულა 2022 წლის ზრდის პროგნოზი გადაგვეხედა. ექსპორტის ზრდა (განსაკუთრებით რუსეთში) შეჩერებულია, ფულადი გზავნილებიც (შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მოხმარებაც) მცირდება“.
Fitch-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2023 წელს სომხეთის ეკონომიკის ზრდა 4,2 პროცენტი იქნება. სააგენტოს მოჰყავს რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სომხეთის გარკვეულ დამოკიდებულებაზე რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მაგალითად, 2021 წლის მდგომარეობით, რუსეთზე მოდიოდა საქონლის ექსპორტის 28 პროცენტი, იმპორტის 37 პროცენტი და ტურისტული ვიზიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და სომხეთში ფულადი გზავნილების 40 პროცენტი.
Fitch-ის შემდეგ სომხეთის ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზს საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გადახედა:
“მიუხედავად იმისა, რომ ჯერ რთულია შეფასება საბოლოოდ რა გავლენას მოახდენს სომხეთზე მიმდინარე მოვლენები, წინასწარი შეფასებით, 2022 წელს ეკონომიკას მატების ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა, ეს ზრდა დაახლოებით 1,5 პროცენტი იქნება, რაც გაცილებით დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო“.
მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სომხეთის ეკონომიკის 5,25 პროცენტიანი ზრდა იწინასწარმეტყველა.
რუსული სანქციების გამო სომხეთის ეკონომიკის დაუცველობაში მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური და ანალიტიკური სტრუქტურები არ არიან დარწმუნებული. თავდაპირველ პროგნოზებს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმაც გადახედა.
უკრაინის მოვლენების ფონზე ცენტრალურმა ბანკმა ზრდის მაჩვენებლები 5,3 პროცენტიდან 1,6 პროცენტამდე შეამცირა. ამავდროულად, კიდევ ერთხელ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციის შესაჩერებლად. ამ მაჩვენებელმა უკვე 9,25 პროცენტს მიაღწია.
ექსპორტი რუბლის დაბალი კურსით
სომხეთის ეკონომიკა, მიუხედავად საკმაოდ კარგი შიდა დივერსიფიკაციისა, საგარეო ბაზრების თვალსაზრისით ძირითადად რუსეთზეა მიბმული. სომხეთის ექსპორტის თითქმის მესამედი ჩრდილოელ მეზობელზე მოდის და ეს მაჩვენებელი წლების განმავლობაში არ მცირდება.
აღსანიშნავია, რომ სომხურ ბიზნესს რუსეთში გააქვს არამხოლოდ სამთო მრეწველობის პროდუქცია, როგორც ჩინეთში, არამედ წარმოების ინდუსტრიის მთელი სპექტრი. ეს არის დაკონსერვებული საკვები, მსუბუქი მრეწველობის პროდუქტები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები.
სხვაობა რომ გასაგები იყოს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგივე სპილენძზე, რომელიც სომხეთის საექსპორტო საქონლის ნუსხაში პირველია, სავალუტო ფასების საფუძველზე ვაჭრობენ. ეს კი ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა.
რაც შეეხება სამომხმარებლო საქონელს, რუბლის კურსის ნებისმიერი რყევა გავლენას ახდენს სომხური საქონლის კონკურენტუნარიანობაზე რუსულ მაღაზიებში. მაგალითად, სომეხი მწარმოებლების წვენი კი, რომელიც ომამდე ორი დოლარი ღირდა (150 რუბლი ომამდე გაცვლითი კურსით), რუსეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკვე გაცილებით ძვირიც კი იყო (იყო შემთხვევა, რომ ერთი დოლარი 120 რუბლი გახდა).
„რუსული რუბლის 10 პროცენტიანი დევალვაცია ნიშნავს, რომ ერთ დღეში რუსული მაღაზიების თაროებზე სომხური საქონელი 10 პროცენტით გაძვირდება. ეს, თავის მხრივ, იწვევს გარკვეული ბაზრების დაკარგვას ან გაყიდვების მოცულობის შემცირებას. თუ გასულ წლებში სომხეთიდან რუსეთში ექსპორტის 20 პროცენტიანი და მეტი ზრდა გვქონდა, წელს იგივე დინამიკის შენარჩუნება რთული იქნება“, – განაცხადა ერევნის ეკონომიკური უნივერსიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არმენ კტოიანმა.
ამრიგად, სომხური საქონელი რუსეთში ნაკლებად კონკურენტუნარიანი ხდება, რამაც შეუძლებელია რომ მიწოდების მოცულობაზე გავლენა არ მოახდინოს. ეს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის წარმოების შემცირებას ნიშნავს, რადგან მათ უკიდურესად გაუჭირდებათ ჭარბი მოცულობის სხვა ბაზრებზე გადამისამართება. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ 2021 წელს სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი ფულადი თვალსაზრისით რეკორდული იყო – 842 მილიონი დოლარი, რაც 24,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით.
კიდევ რა გავლენას მოახდენს რუბლის დაბალი კურსი
როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს სომხეთისთვის, ქვეყანა ისევ რჩება რუსულ ფულად გზავნილებზე დამოკიდებული. ბოლო წლებში, მათ შორის ყირიმის მოვლენების შემდეგ, სატრანსფერო ნაკადები შემცირდა. ისევე როგორც სეზონურ სამუშაოებზე დამოკიდებული მიგრანტების რაოდენობა. თუმცა, მთლიანი მოცულობა, რაც გასულ წელს რუსეთიდან სომხეთში გადაირიცხა, ერთი მილიარდი დოლარი, კვლავ მნიშვნელოვანი პუნქტია სომხეთის ეკონომიკისთვის.
„2014 წლამდე რუსეთიდან ყოველწლიურად მინიმუმ 1,5 მილიარდ დოლარს ვიღებდით. 2015 წლიდან ეს მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. 2015-2021 წლებისთვის ფიზიკურმა პირებმა სომხეთში ჯამში დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი შეიტანეს“, – ამბობს არმენ კტოიანი.
- სომხეთი: „საშუალო ფენას“ ახალ მშენებლობებში საცხოვრებლის ყიდვა არ შეუძლია
- პანდემიის „პლუსები“: როგორ იმუშავეს მათ სომხეთში
რუბლის გაუფასურება გავლენას მოახდენს ამ მაჩვენებელზე არა მხოლოდ საკურსო სხვაობების კუთხით. ეს ფაქტი, ფაქტობრივად, უსარგებლოს ხდის ათასობით მიგრანტის რუსეთში გამგზავრებას. თუ ადრე ისინი თვეში პირობითად, 60 ათას რუბლს შოულობდნენ, საიდანაც 50 ათას რუბლს მაინც სახლში აგზავნიდნენ, ახლა ძნელი წარმოსადგენია, რომ მეტის გამომუშავებას შეძლებენ. რუბლის დაბალი კურსი კი ამ თანხას უმნიშვნელოს ხდის სომხური ხელფასების სტანდარტებითაც კი.
რუბლის კურსი ახლა არეულია, მასზე გავლენას ახდენს ნებისმიერი დადებითი თუ უარყოფითი სიახლე. მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსული ვალუტა 2022 წლის თებერვლის შუა რიცხვების მაჩვენებელს მაინც დაუბრუნდეს. კი დაბრუნდება. ამიტომ, სომეხი მიგრანტების ნაწილი უარს იტყვის რუსეთში წასვლის იდეაზე, ნაწილი კი სახლში ნაკლებ ფულს გამოაგზავნის, რაც პირდაპირ აისახება ათასობით ოჯახის მსყიდველუნარიანობაზე.
სომხეთის ეკონომიკაზე გავლენის ფაქტორები
სომხეთის ეკონომიკის მაჩვენებლებზე ირიბად ბევრი ფაქტორი იმოქმედებს. მათ შორის მთავარია რუსეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. მარტივად რომ ვთქვათ, სანქციების გამო რუსებს ნაკლები ფული ექნებათ და შესაბამისად ნაკლებს ხარჯავენ. ეს რუსულ მაღაზიებში სომხურ საქონელსაც დაარტყამს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტიციაა. რუსეთი აქაც ლიდერია პირდაპირი ინვესტიციების მხრივ. უახლოეს წლებში სომხეთის მთავრობამ რუსული კაპიტალის მონაწილეობით არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელება დააანონსა. მათ შორისაა ახალი ატომური ელექტროსადგური და სპილენძის გადამამუშავებელი ქარხანა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული ბიზნესი შეძლებს ან მოუნდება მიმდინარე და მომავალი ძლიერი ზეწოლის პირობებში მრავალმილიარდიანი ინვესტიციები განახორციელოს.
მთავარი კითხვა, რომელზეც ახლა სომხეთის ეკონომიკის ზარალის მოცულობაა დამოკიდებული, არის ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინული კრიზისი. შეერთებული შტატები, ევროკავშირი და პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ აწესებენ ახალ სანქციებს, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, გარკვეული ინდუსტრიების წინააღმდეგაა მიმართული. ეს ყველაფერი ასე თუ ისე იმოქმედებს სომხეთზე.
„ეს უფრო მწვავე ვითარებაა, ვიდრე 2014 წელს იყო [ყირიმის მოვლენები და ომი დონბასში_ JAMnews]. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს გამოიწვევს უარყოფით შედეგებს ეკონომიკური პერსპექტივისა და რუბლის კურსის კუთხით. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, ეს შოკი გარკვეულწილად კომპენსირდება“, – აღნიშნავს ეკონომისტი ვილენ ხაჩატრიანი.
პოზიტიური სიახლე სომხეთის ეკონომიკისთვის
უკრაინის კრიზისი და ზოგადად მისი შედეგები სომხეთის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შედეგად, ათასობით ახალგაზრდა რუსს პროფესიონალის რუსეთის დატოვება მოუხდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სომხეთში ჩავიდა. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს, მაგრამ რამდენიმე კვირაა, ერევნის ყველა სასტუმრო გადაჭედილია, გასაქირავებელი ბინის პოვნა ძნელია.
სომხეთში მთელი კომპანიები გადადიან. ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების სამი კვირის განმავლობაში სომხეთში 250-მდე ახალი კომპანია გაიხსნა, 900-მდე ადამიანი კერძო მეწარმედ დარეგისტრირდა. ახალი საწარმოების ლომის წილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროზე მოდის.
და ეს კვლავ დადებით ფაქტორად ითვლება, ვინაიდან IT ტექნოლოგიები სომხეთში განვითარებული სფეროა, მასში წლიური ზრდა 20-30 პროცენტია. ამასთან, ექსპერტები მუდმივად საუბრობენ ქვეყნის შიგნით კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე და ხუთ-ექვსჯერ მეტი მუშახელის საჭიროებაზე, ვიდრე ახლაა ხელმისაწვდომი.
ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთის ეკონომიკასა და ბიზნესს ახალ პირობებში მოუწევს მუშაობა. მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც აშკარად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ერევანს დასჭირდება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ემიგრირებული რუსული კაპიტალის გონივრულად მიღება.
მსგავს თემაზე:
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გავლენა სომხეთზე