“მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.
ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.
მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.
მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ”, – წერს დანიგანი. მის განცხადებას საელჩო ავრცელებს.
2023 წლის 13 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩად დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. დანიგანმა ამ პოსტზე კელი დეგნანი შეცვალა.
მისი კანდიდატურის მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე 2023 წლის 30 მარტს გაიმართა. კომიტეტმა ნომინაციას მხარი 2023 წლის 27 აპრილს დაუჭირა. შეერთებული შტატების სენატმა ელჩი დანიგანი 2023 წლის 27 ივლისს კენჭისყრით დაამტკიცა. ამავე წლის 12 ოქტომბერს რობინ დანიგანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა.