ჩერნიგოველი ბავშვები გურჯაანში, გამჭვირვალე ტუალეტები გორში. რა ხდება საქართველოს რეგიონებში? დაიჯესტი
რეგიონული ამბების დაიჯესტი
გურჯაანში ჩერნიგოვოდან ჩამოსულ ბავშვებს მასპინძლობენ
უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სპორტული სკოლის 43 მოსწავლე ათ დღეს საქართველოში, კახეთში გაატარებს. გურჯაანში მათთვის ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო. მოსწავლეებს “ახაშენის ღვინის კურორტი” მასპინძლობს. როგორც გამოცემა “კახეთის ხმა” წერს, უკრაინელი ბავშვებისთვის დაგეგმილია ექსკურსიები თბილისსა და კახეთში.
კახეთში ნიკო ფიროსმანის პერსონაჟები გააცოცხლეს
12 ნოემბერს, კახეთში, ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელ მირზაანში მხატვრის დაბადებიდან 160 წელი აღნიშნეს. ფიროსმანის სახლ–მუზეუმის ეზოში მხატვრის ნახატების ასლები გამოფინეს, მსახიობებმა კი ნიკო ფიროსმანის პერსონაჟები გააცოცხლეს. ფოტოები ნახეთ “კახეთის ხმის” ფოტორეპორტაჟში.
ვრცლად: knews.ge
გორის ბავშვთა საავადმყოფოს პალატებში გამჭვირვალე საპირფარეშოებია
“ორსაწოლიან პალატაში ვარ. ვართ ორნი. ძალიან უხერხულია ასეთ სიტუაციაში ასეთ საპირფარეშოში შესვლა. დისკომფორტია ნამდვილად”, – გორში, კლინიკა “გორმედის” ბავშვთა განყოფილებაში, პაციენტს პალატაში გამჭვირვალე საპირფარეშო დახვდა. “გორმედი” რეგიონში ერთადერთი საავადმყოფოა, რომელიც ბავშვთა პროფილით მუშაობს და დიდი დატვირთვა აქვს. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, დირექტორმა პრობლემის შესახებ იცის, თუმცა, რას აპირებს, უცნობია.
ნინოწმინდის სოფლებში, 800-მდე ოჯახი, წელს ისევ შეშით და ნახშირით გათბება
სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ბევრ სოფელში ბუნებრივი აირი დღემდე არ აქვთ. ამიტომ, ამ სოფლებში წელს ხალხს გამოზამთრება ისევ შეშისა და ქვანახშირის ღუმელებით მოუწევთ. რადიო “ნორის” ინფორმაციით, ადგილობრივები ჩივიან, რომ წინა წლებთან შედარებით, შეშაც გაძვირდა და ქვანახშირიც.
ორი წელია გორის ორ სოფელში ბუნებრივი აირი ვერ გაიყვანეს
“წელს ტყეშიც აღარ გვიშვებენ, რომ შეშა მოვიპოვოთ. დავდივართ და ვეძებთ სოფელში სადმე მორი ან კუნძი თუ გდია, რომ იმით გავთბეთ” ,- გორის სოფლებში, წედისსა და ბნავისში არ იციან წელს როგორ გამოიზამთრებენ. გამოცემა “მოზაიკის” ინფორმაციით, ამ სოფლებში მილები და რედუქტორები ორი წლის წინ მოეწყო, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დრომდე არ დაწყებულა.
ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ახალციხეში აფეთქებული კორპუსი შეაკეთეს. ხალხი სახლებში დაბრუნდება
ახალციხეში დასრულდა იმ საცხოვრებელი კორპუსის შეკეთება, რომლის სარდაფშიც ბუნებრივი აირი აფეთქდა. ორწლიანი ლოდინის შემდეგ, კორპუსის მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ საკუთარ სახლებში დაბრუნება. გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” ცნობით, ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში აფეთქება 2020 წლის 24 დეკემბერს მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა შენობა კი დაზიანდა. აფეთქება სარდაფში, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. გაზი მიწისქვეშ მდებარე მილიდან ჟონავდა. კორპუსი დიდი მასშტაბის აფეთქებისგან პირველ სართულზე არსებულმა ვიტრაჟებმა იხსნა.
რეგიონული ამბების დაიჯესტი