რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო, საქართველოს 200 000-მდე მოქალაქეს სესხი გაუძვირდა
გაზიარება
გაზიარება
200 000-მდე საქართველოს მოქალაქეს დღეიდან სესხი კიდევ უფრო გაუძვირდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტით, 9.5%-მდე გაზარდა.
ეს ბოლო წლების ყველაზე მაღალი ნიშნულია. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება მკვეთრად გაზრდილ ინფლაციას დაუკავშირა – მარტში ინფლაცია 7.2% იყო, მიზნობრივ მაჩვენებელზე 2.4-ჯერ მეტი.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისათვის.
გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება.
თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარული პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის მატება.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები – რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 56 300 სესხია მიბმული.
28 100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 მარტთან შედარებით 600-ით ნაკლებია.
ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემული რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხია – სულ 700 ხელშეკრულება.
“მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებიც აგვიანებს (ვაქცინაციის პრაქტიკული ჩავარდნა), ინფლაციის მიმდინარე (მარტის) მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7.2%-ით განისაზღვრა, სადაც უკვე სრულიად არის ასახული ფასების ზრდის ეფექტი, განსხვავებით წინა მაჩვენებლებისა, სადაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო ინფლაციაზე სრული დაწოლა არ აისახებოდა“, – ნათქვამია საზოგადოება “ბანკების და ფინანსების” განცხადებაში.