რა სჭირს ქართულ ოპოზიციას?
რას აპირებს ოპოზიცია
ორ წელიწადში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ოპოზიციის წინაშე დგას რთული ამოცანა – ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს „ქართულ ოცნება“, მმართველი გუნდი 10 წლიანი სტაჟით, რომლის დამფუძნებელი და არაფორმალური ხელმძღვანელი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კაცი – ბიძინა ივანიშვილია.
პარალელურად, ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოსთვის მოულოდნელად გაიხსნა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფანჯარა – ქვეყანას აქვს შანსი, უკრაინის და მოლდოვას მსგავსად, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამისთვის მან ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.
თუმცა, ოპოზიცია, რომელიც მოვლენების ავანგარდში უნდა იყოს, ბოლო პერიოდში საკუთარი შიდა გარჩევებით უფროა დაკავებული.
ყველაზე მსხვილი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე შიდა არჩევნების გზით საკუთარი ლიდერების ხელახალ ლეგიტიმაციას ცდილობს, ხოლო სხვა პატარა პარტიები ვერც კოორდინირებულად მოქმედებენ და ვერც ცალ-ცალკე ქმნიან დღის წესრიგს.
დღის წესრიგს ადგენს ხელისუფლება და ოპონენტებს ისღა დარჩენიათ მოგერიების, ან თვალის არიდების რეჟიმში იყვნენ.
კვლავ ციხეში რჩება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობას უკვე ოფიციოზიც ვერ უარყოფს. ამასთან, სააკაშვილის ოჯახის წევრების ნაამბობი და ასევე მისი ფეისბუკ-პოსტები ცხადყოფს, რომ ის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს და მისგან მთლიანად დისტანცირდა.
ასევე, დიდი წნეხის ქვეშ არის ოპოზიციური მედია – ციხეში რჩება ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დირექტორი და ხელისუფლების მთავარი კრიტიკოსი ნიკა გვარამია. სამართლებრივი დევნა წარმოებს სხვა ოპოზიციური არხების – „ფორმულას“ და ტვ „პირველის“ დამფუძნებლების თუ მათი ოჯახის წინააღმდეგ.
მთელი ეს ფონი, ქმნის იმედგაცრუებისა და უიმედობის განცდას ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში. ასეთი კი, თუ კვლევებს დავეყრდნობით, ქვეყანაში გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლების მხარდამჭერი.
JAMnews-ი შეეცადა გაერკვია, რა სჭირს ქართულ ოპოზიციას და რას აპირებს იგი მომავალში.
განხეთქილება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დიდი, არასტანდარტული არქიტექტურის შენობაა თბილისის აეროპორტის გზაზე. ამ შენობაში ენმ-ი ჯერ კიდევ მაშინ გადავიდა, როდესაც მმართველი პარტია იყო.
ცარიელი ავტოსადგომით ადვილად მისახვედრია, რომ შიგნით ხალხმრავლობა არ უნდა იყოს.
შენობის ფასადზე გაკრულია დიდი ბანერი წარწერით – „ თავისუფლება მიშას!“ ეზოში საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროისა და კლიმატური პირობებისგან შელახული დროშები ფრიალებს.
შენობის შესასვლელში პანდემიის დროინდელი გაფრთხილებაა გაკრული სადეზინფექციო ხსნარის და პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით.
რჩება შთაბეჭდილება, რომ დრო აქ გაჩერებულია.
„აზრთა სხვადასხვაობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო და რომ მსგავსი დისკუსიები ყველა თანამედროვე ყაიდის ევროპულ პარტიაში მიმდინარეობს. ივანიშვილის პარტიაში დემოკრატიული პროცესი არ არის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში იყო და იქნება,“ – გვიხსნის გია ბარამიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი ლიდერი, რომელიც ინტერვიუს დათანხმდა.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ ყოფილ მმართველ გუნდს, სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ რადარებიდან გააქრობდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს პარტია „ოცნების“ მოსვლიდან ათი წლის თავზეც არსებობს.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში ამ პარტიას 12 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ეს სახელისუფლებო პარტიის მაჩვენებლის (25 პროცენტი) თითქმის ნახევარია და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ოპოზიციაში.
თუმცა, ამ პარტიას დღეს საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას. პარტია, რომელმაც წლებია ვერ მოძებნა თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატი, რომელიც ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად მაინც ჩაანაცვლებდა, კვლავ ახალი ლიდერის ძიებაშია – აქ ორი ან მეტი დაპირისპირებული მხარეა და ახლა შიდა , რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებიან.
ამჟამად პარტიას ნიკა მელია ხელმძღვანელობს, რომელიც მომავალ არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. სააკაშვილის მომხრეთა მთავარი პრეტენზია მის მიმართ არის ის, რომ მან არასაკმარისი იბრძოლა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად. მელიას მთავარი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი იქნება. „პარტია უნდა დაუბრუნდეს მის ამომრჩეველს“ – ეს მისი სიტყვებია.
მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რა პოზიცია აქვს და ვის მხარეს იქნება ამ პროცესებში მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის ფეისბუკ-გვერდი მისი ციხეში ყოფნის დროსაც აქტიურია – მას მისი ნდობით აღჭურვილი პირი მართავს, თუმცა ბოლოდროინდელი პოსტები მხოლოდ უკრაინას შეეხება. სააკაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის ჩამოშორდა ქართულ პოლიტიკას და არც აპირებს დაუბრუნდეს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ფაქტორი კვლავ გადამწყვეტია და სააკაშვილის პროცესებიდან დისტანცირება ასე ადვილი არ იქნება, ფიქრობენ ექსპერტები.
მთავარი კითხვა – რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას
თითქმის ყველა პარტიაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ნომერ პირველი ამოცანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩამოშორებაა.
თუმცა, ეს პროცესი ზოგს ოპოზიციის გაერთიანებით წარმოუდგენია, ზოგი კი დამოუკიდებელ მოთამაშედ დარჩენას აპირებს.
მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ გაერთიანება საჭიროა პარტიის შიგნით და არა სხვა პარტიებთან. გია ბარამიძე ფიქრობს, რომ პროპორციულ სისტემაში სხვადასხვა ყაიდის პარტიების გაერთიანება და ერთი სიის შექმნა დამარცხების ფორმულაა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა იბრძოლოს.
„ქვეყანას მართავს პროპუტინისტური რეჟიმი. ჩვენი სტრატეგიაა, რომ ვამხილოთ იგი, ავუხსნათ ხალხს რომ არაფერი არაა დაკარგული, რომ ბიძინა არაა დაუმარცხებელი, გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ამ რეჟიმის არსებობა ვნებს საქართველოს, რადგან გამორიცხავს ევროკავშირში ინტეგრაციას“
ბარამიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა ასევე „მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, სხვა პარტიებთან გაერთიანებას გამორიცხავენ საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდშიც.
ამ პარტიას თავის საარჩევნო მიზნად დასახული აქვს წინა არჩევნებში მიღებული შედეგის გაორმაგება.
„ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ის კი არ არის, რასაც სხვები ისახავდნენ, რომ, აი, ავადუღებთ სექტემბერს, გავაცხელებთ პოლიტიკურ პროცესებს და ასე შემდეგ. ჩვენ ცრუ დაპირებებს არ ვიძლევით, საკუთარი კუნთების გაზომვის კარგი ანალიტიკური შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენი შემდეგი პროგრამა მაქსიმუმი არის წინა არჩევნებში მიღებული შედეგების გაორმაგება იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია. ჩვენი პარტია იმყარებს ელექტორალურ ბაზას, იმიტომ რომ ის არის თანმიმდევრული, პატიოსანი და ხალხს ეუბნება სიმართლეს,“– ამბობს „საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე.
პარტია „საქართველოსთვის“ თავისი სტრატეგიის ნაწილად ასახელებს ასევე იმ ფაქტსაც, რომ საჯარო სივრცეში იშვიათად ჩანს თავად პარტიის ლიდერი გახარია.
პოლიტიკის სისტემურ გადატვირთვაზე საუბრობს „ევროპული საქართველო“. პარტიაში ფიქრობენ, რომ ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდია, საჭირო არ არის, რადგან ამას ისედაც ყველა ხვდება, მთავარი პრობლემა უკეთესი ალტერნატივის არარსებობაა.
„ჩვენი სტრატეგია არის შინაარსის გარშემო ხალხის კონსოლიდაცია. ხალხის შთაგონება, რომ უკეთესად ყოფნა შეუძლიათ, რომ ისინი არ არიან ჩამორჩენილები, რასაც ბიძინა და ოპოზიციური სპექტრი დასძახის. მიჩნეულია, რომ ასე უნდა ელაპარაკო ქართველებს, უნდა ეპოპულისტო მათ,“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი -პარტიის კამპანიის მენეჯერი.
მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ აპირებს საქართველოს ევროპულ წარსულზე აპელირებას და ახალი გუნდის ფორმირებას:
„გვინდა ახალ ადამიანებს გავუხსნათ გზა პოლიტიკაში, მათთვის საინტერესო პროცესი შევქმნათ. თავმოყვარე, გონიერი ადამიანებისთვის არ არის საინტერესო ის, რასაც ტელევიზორში ხედავენ. ამიტომ, პარალელურ პროცესებს ვქმნით. ასე ვაპირებთ გუნდის ფორმირებასაც. პოლიტიკაში ახალ სახეებად კი არ შემოვიყვანთ ადამიანებს, არამედ ახალი შინაარსებით შემოვიყვანთ,“ – ამბობს ჩერგოლეიშვილი.
ამომრჩევლის მოსაზიდად რუტინულ პარტიულ მუშაობას გეგმავენ „ლელოში“.
მათი ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იმ პროცესებმა რაც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში ხდებოდა, საზოგადოებას პოლიტიკოსების მიმართ ნდობა დააკარგვინა.
მისი თქმით, ოპოზიცია დიდ დროს უთმობს შიდა გარჩევებს, რაც პოლიტიკური პროცესის მიმართ ამომრჩევლის გულგრილობას იწვევს.
„ჩვენ უნდა დავუბრუნოთ პოლიტიკა ხალხს. ლელოს ძალისხმევა იქნება მიმართული აქეთკენ. შევეცდებით შევქმნათ შეთავაზება, რომელიც იქნება საინტერესო ქართველი ხალხისთვის. გამოკითხვა აჩვენებს, რომ ხალხისთვის მთავარი თემაა ევროპული მომავალი, ის რომ საქართველო დარჩეს ევროპულ ორბიტაზე და მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ასევე საზოგადოების უმრავლესობას აწუხებს უპერსპექტივობა და ეკონომიკური ზრდის არასაკმარისი ტემპი,“ – ამბობს იგი.
მისი თქმით, „ლელოს“ აქვს ქვეყნის ეკონომიკური ჭაობიდან ამოყვანის გეგმა“:
„ლელო აპირებს, რომ მაქსიმალურად დახარჯოს რესურსი ამომრჩევლის მოზიდვაზე, ეს არის მთავარი გამოწვევა და პრობლემა“.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ეს „ლელოს“ გეგმებში არ შედის.
„როცა საჭირო იყო, „ლელო“ იღებდა მონაწილეობას საპროტესტო ტალღაში სხვებთან ერთად. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენ გვაქვს ზოგადი კოორდინაცია პროდასავლურ პარტიებთან,“– აღნიშნავს იგი.
პროდასავლური პარტიების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა უფრო ეფექტური იქნება, თუკი ძალებს გააერთიანებენ.
პოლიტიკური მოძრაობა „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ გაერთიანდა და სამეულად იქცა.
მათ ერთობლივ სტრატეგიაზე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გვესაუბრა.
ის ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის მთავარი გამოწვევა დღეს არის დაუბრუნონ ამომრჩეველს ცვლილებების იმედი:
„ისეთი მძიმე ვითარებაა, განსაკუთრებული სტრატეგიაა საჭირო. ამომრჩეველი უიმედოდ არის, რადგან ძალას ვერ გრძნობს ოპოზიციაში“.
ოპოზიციის მეორე გამოწვევა, ხოშტარიას თქმით, არის პროპაგანდასთან სისტემური მუშაობა:
„ჩვენ ვართ რეაგირების რეჟიმში და არ გაგვაჩნია პროპაგანდის საწინააღმდეგო გააზრებული პოლიტიკა, ამას ცალკე პარტიები ვერ იზამენ, ამიტომ არის საჭირო გაერთიანება. პროპაგანდა ფიტავს საზოგადოებრივ აზრს. მთელი პოლიტიკური ენერგია მიდის ამაზე. დღის წესრიგის შექმნა და პროპაგანდასთან დაპირისპირება- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“.
ხოშტარია ამბობს, რომ ამომრჩევლის პასიურობა, რაზეც ბევრი მიუთითებს, დასრულდება, თუკი ამომრჩეველი დაინახავს, რომ ცვლილებების იმედი არსებობს.
„როგორც კი მოქმედების რწმენის დაბრუნება მოხერხდება და იმის გააზრება, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ასე ვერ წავალთ, შესაძლებელი იქნება პროტესტზე გადასვლა. ამისთვის უნდა იყოს ოპოზიციური სპექტრი მზად“.
„ჩვენ ვართ გახსნილები, რეალური დისკუსიები გვაქვს, შეხვედრების სერიას გავაგრძელებთ. ექსპერტებთან ერთად ვაპირებთ ამ დისკუსიების გაგრძელებას და საუბარს შესასრულებელ 12 პუნქტზე. ხალხი უნდა მიხვდეს რომ რამე გაუკეთებელი კი არ არის, უბრალოდ პოლიტიკური ნების ამბავია,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.
რა პრობლემა აქვს ოპოზიციას, ოპოზიციის აზრით
საკუთარ შეცდომებზე საუბარს პოლიტიკოსები, როგორც წესი, ერიდებიან. გაცილებით მარტივია საერთო და ერთმანეთის შეცდომებზე მსჯელობა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხეთ, რა შეცდომებს უშვებს დღეს ქართული ოპოზიცია?
მთავარი შეცდომა, რაზეც ყველა საუბრობს არის ის, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი დღის წესრიგის და აგრესიული პროპაგანდის ფონზე, ოპოზიციამ შიდა გარჩევებს დიდი დრო დაუთმო და ამომრჩევლის დაკვეთას სათანადოდ ვერ უპასუხა.
„ოპოზიციასა და ამომრჩეველს შორის არის დაკარგული კავშირი. როდესაც ამომრჩევლის დიდი ნაწილი ამბობს რომ ახალ პოლიტიკურ შეთავაზებას ისურვებდა, ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ ხედავენ პოლიტიკურ ველზე მათთვის საინტერესო შეთავაზებას. ოპოზიციის დიდი დრო ეთმობა შიდა გარჩევებს, თუ სტრატეგიულ მსჯელობებს და ამ დროს ადამიანებს აქვთ პრობლემები, რომლებზეც არავინ არ ესაუბრება ოპოზიციიდან,“– ამბობს სალომე სამადაშვილი „ლელოდან“.
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პარტიები ერთს იძახდნენ და მეორეს აკეთებდნენ, მესამეს იძახდნენ, მეოთხეს აკეთებდნენ. საზოგადოებაში არაფერი ზრდის ნიჰილიზმს იმაზე მეტად, ვიდრე არათანმიმდევრულობა. ოპოზიცია საკუთარი არათანმიმდევრულობის გამო ვერ ახერხებს ერთი მხრივ საკუთარი ელექტორატის კონსოლიდირებას და, მეორე მხრივ, ნიჰილიზმის ჩანაცვლებას ოპტიმიზმით,“ – აღნიშნავს კახა ქემოკლიძე, „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.
„ეს ქვეყანა იმართება ჩრდილიდან, ივანიშვილის რეჟიმი არის ჩრდილოვანი რეჟიმი. ეს მთავრობა ლაპარაკობს, მაგრამ ვიცით, რომ თავის აზრს არ ამბობს, ეს არის ივანიშვილის პრიორიტეტებით განსაზღვრული საუბარი და არაფერ შუაში არ არიან ის ადამიანები, ვისაც თანამდებობებზე ვხედავთ. ანგარიშვალდებულების არარსებობა არის მთავარი პრობლემა რაც ამ ქვეყანას აქვს, სამწუხაროდ იგივე დაემართა ოპოზიციასაც,“– თამარ ჩერგოლეიშვილი, „ევროპული საქართველო“.
„ამ მომენტში გვაქვს ორი პრობლემა: დავაბრუნოთ მოქმედების რწმენა და ხალხს ავუხსნათ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ევროპული პერსპექტივა არ გაგვაჩნია,“- ელენე ხოშტარია, „დროა“.
ფული და არჩევნები
იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინამორბედისგან წარმატებით აითვისა განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ბიზნესმენებისთვის პრობლემების შექმნის სტრატეგია, ისმის კითხვა: როგორ მოიპოვოს ოპოზიციამ დაფინანსება პარტიის ფუნქციონირებისა და არჩევნებისთვის მომზადებისთვის.
პირად საუბრებში ისმის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სწორედ დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით არსებობს დიდი უთანხმოება.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები აღნიშნავენ, რომ შიდაპარტიული დაპირისპირების და თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის მიზეზი პარტიის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლის, დავით კეზერაშვილის დაპირისპირება გახდა.
კეზერაშვილს წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის მინისტრის პოსტი და სხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი საქართველო დატოვა. მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ერთ-ერთ ეპიზოდზე, სასჯელის სახით დაუსწრებლად პატიმრობა აქვს განსაზღვრული. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, დააკავებენ.
წლებია მილიონერი კეზერაშვილი ცალკეული ოპოზიციური პარტიების მთავარი დონორია. მას ეკუთვნის ასევე ერთ-ერთი კრიტიკული ტელევიზია „ფორმულა“. ამჟამად ხელისუფლება ცდილობს მას და მის ტელევიზიას პრობლემები შეუქმნას. თუ მეორე ინსტანცია ძალაში დატოვებს პირველის გადაწყვეტილებას და კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს, რისი მოლოდინიც მაღალია, ეს შეიძლება „ფორმულას“ ფინანსურ პრობლემებსა და ყადაღას ნიშნავდეს.
ასევე, „ფორმულას“ დამფუძნებელი არა მხოლოდ სასამართლო, არამედ საკანონმდებლო ორგანოს სამიზნეც არის. კერძოდ, პარლამენტმა მეორე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მიიღო. ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ცდილობს ევროკავშირის 12 პუნქტიან გეგმაში არსებული რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციასთან“ დაკავშირებით სწორედ ოპოზიციის დამფინანსებელ კეზერაშვილზე გაავრცელოს და ამით ისრები გადაიტანოს ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველია. თუ კეზერაშვილი ოლიგარქთა რეესტრში აღმოჩნდება, მას, სავარაუდოდ, ტელევიზიის ფლობა აეკრძალება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საჯარო გახადა თავისი დაპირისპირება კეზერაშვილთან, როდესაც პარტიაში არაფორმალური მმართველობის საფრთხის შესახებ ალაპარაკდა და შემდეგ დააზუსტა, რომ „მოოლიგარქო ტიპად“ სწორედ დავით კეზერაშვილი მოიხსენია.
ოპოზიციის ბრალდებებს კეზერაშვილმა წერილით უპასუხა. იქ ეწერა, რომ ის არასდროს ერევა ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრასა და შიდაპარტიულ საქმიანობაში:
“პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე…ვთვლიდი და ვთვლი ჩემ მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა,“ – აღნიშნულია წერილში.
კეზერაშვილის ფიგურას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არაერთგვაროვნად აღიქვამენ და ხშირად იმსახურებენ კრიტიკას იმისა გამო, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიცია კეზერაშვილის ფიგურაზე უფრო მეტს საუბრობს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილზე.
განსაკუთრებით მას აკრიტიკებენ ყოფილი პარტნიორები „ევროპული საქართველოდან“:
თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილი ფულს საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად ხარჯავს:
„ძალიან დიდი ფული ჰქონდა ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებში კეზერაშვილისგან, იგი ფულს აძლევდა ნაცებსაც, ვაშაძესაც და ამ ფულით მოიწამლა ყველა. არ სჭირდება არჩევნებს ამდენი ფული პატარა ქვეყანაში. ფული ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის მეტი ექნება. მთავარი არის შინაარსი, ხმების ყიდვაში ბიძინა ივანიშვილს ვერ შეეჯიბრები, ყოველთვის გაჯობებს,“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს კეზერაშვილის წინააღმდეგ გალაშქრება არასწორია, რადგან ეს ქართული ოცნების ინტერესებშია.
ოპოზიციური სამეულის ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ არც კეზერაშვილს აქვს სურვილი რომ ოპოზიციის ერთადერთი დამფინანსებელი იყოს და არც ოპოზიციას უნდა, რომ ვინმე ერთს „ჩამოეკიდოს“ .
„ეს უნდა იყოს საერთო რესურსების მობილიზება. ძალიან ბევრი ფინანსური რესურსის მქონე ადამიანი უნდა დავაინტერესოთ რომ ფული ჩაიდოს“.
ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ სამეულს აქვს კეზერაშვილთან ფინანსური ურთიერთობა და ამბობს, რომ მსგავსი ურთიერთობა ადრეც ჰქონია:
„ჩვენ პირველად არ გვაქვს კეზერაშვილთან ურთიერთობა, „ევროპულ საქართველოსაც“ არაერთხელ ჰქონია ეს ურთიერთობა,ჩემი იქ ყოფნის დროსაც. მე არასდროს არ მქონია არც კეზერაშვილისგან და არც სხვა ვინმესგან დილემა, რომ ვიღაც რაღაცას მკარნახობს. დარწმუნებული ვარ, არც მომავალში მექნება“ – ამბობს ხოშტარია.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტის ნაწილი კეზერაშვილის მიმართ ფრთხილია:
გია ბარამიძე ამბობს, რომ ალმაცერად ყურებას ვერ დაუწყებს ბიზნესმენს, ვინც ოპოზიციის დახმარების სურვილს ამჟღავნებს.
„მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი, ვინც უპირისპირდება ივანიშვილს და აქვს რამე რესურსი და როგორმე დაეხმარება პარტიას, მე მხოლოდ მივესალმები“.
პარტიაში „საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ ოპოზიცია მხოლოდ ფულის კი არა, პირველ რიგში იდეის ნაკლებობას, თუმცა იდეის არსებობის შემთხვევაში, ფინანსური რესურსის მოსაპოვებლად სხვა გზაც არსებობს, ვიდრე რომელიმე ერთ კონკრეტულ ბიზნესმენზე ჩამოკიდება, ამბობს კახა ქემოკლიძე:
„იმედი მაქვს, ქართული ბიზნესის გარკვეული ჯგუფი დაფიქრდება იმაზე, რომ „თუ მათ პოლიტიკური პარტიების მიმართ გარკვეული დონაცია არ გააკეთეს, ამ ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვაზე პასუხისმგებლობა მათაც დაეკისრებათ“.
„ლელოშიც“ ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ სწორება არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე არ უნდა გააკეთოს:
„ვისაც ჰგონია ივანიშვილს დაამარცხებს ფულით, შეუძლია ახლავე შეწყვიტოს პოლიტიკური საქმიანობა. ივანიშვილს უნდა დაუპირისპირდეს დიდი პოლიტიკური იდეა, რომელიც მიიზიდავს ქართველ ხალხს. ფინანსები საჭიროა, მაგრამ ივანიშვილის დამარცხების ფორმულა არ არის ივანიშვილზე მეტი ფულის დახარჯვა პოლიტიკაში,“- ამბობს სამადაშვილი.
რა იქნება შემდეგ? – ექსპერტების შეფასებები
ძლიერი და აქტიური ოპოზიციის გარეშე ქვეყანაში ცვლილებების მიღწევის და დემოკრატიული პროცესების განვითარების შანსი, მინიმალურია.
თუმცა, რა შანსი აქვს ოპოზიციას ამ მოცემულობით?
დღემდე ქართული ოპოზიციის ყველაზე აპრობირებული მეთოდი – ქუჩის აქციები იყო, თუმცა ექსპერტების ნაწილის აზრით, ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და პირიქით, ახალი გამოწვევები წარმოშვა.
პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ საქართველოში დაიმსხვრა მითი, რომ ქუჩის აქციები საკმარისია პოლიტიკური ვითარების გარდატეხისთვის.
„დარჩა არჩევნები, ამ რეალობის აღიარებაზე ფსიქოლოგიურად გადაწყობა ოპოზიციას უჭირს,“ – ამბობს ნოდია.
მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა მომართეს საკუთარი მხარდამჭერები რადიკალურ ქმედებებზე და ახლა უჭირთ ისეთი გზავნილების ჩამოყალიბება, რომელიც დამაჯერებელი იქნება ხალხისთვის.
ნოდია მიიჩნევს, რომ ამ კონტექსტში მცდარია ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
„ვადამდელ არჩევნებზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ 2024 წლის არჩევნებზე“.
მისი თქმით, რადგან არჩევნები ცოტა შორს არის, ტრადიციულად, პარტიები ჯერ შიგნით ლაგდებიან და ცდილობენ რომ ცალ-ცალკე გაძლიერდნენ.
ნოდიას თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაბნეულობას იწვევს ის პროცესები, რომლებიც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს.
„იქ არის ლიდერობის კრიზისი, – ამბობს ნოდია, – საქმეს ართულებს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის სტატუსი ამ პარტიაში გაურკვეველი გახდა. ის ამბობს რომ ჩამოსცილდა ქართულ პოლიტიკას, თუმცა, რეალურად, ეს ჯერ კიდევ სააკაშვილის პარტიაა. მისი პოზიცია დაბნეულობას იწვევს. აქტიურ მომხრეთა უმრავლესობისთვის ძნელია მიიღონ რომელიმე ლიდერი, რომელიც არ არის მიხეილ სააკაშვილი,“ – ამბობს გია ნოდია.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილის მიიჩნევს, რომ პარტიისგან დისტანცირების მიუხედავად,„ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება ბოლომდე შეინარჩუნოს ბმა მიხეილ სააკაშვილთან. მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, სააკაშვილი არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ამ პარტიას ამომრჩეველს არ დააკარგვინებს.
„პატიმრობის მიუხედავად, სააკაშვილი რჩება იდეოლოგიურ ლიდერად, მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა მისი პატიმრობისგან დახსნა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის მიშას ფაქტორი უმნიშვნელოვანესია და ეს დაპირისპირებული ჯგუფები მიშას არ ეხებიან, პირიქით, ფარად იფარებენ მის რეპუტაციას, “- ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
რა შედეგით დასრულდება ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში შიდა არჩევნები, პოლიტიკური პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ორივე ექსპერტი თანხმდება, რომ გაერთიანება პატარა პარტიებისთვის ყველაზე პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას.
„ძალიან სწორი სტრატეგიაა გაერთიანებისკენ მოწოდება, ესაა ხალხის დაკვეთა, ხალხი დაბნეულია, ერთი მხრივ იმით, რომ ვერ გაიგო, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მეორე მხრივ, პარტიების სიმრავლით, რით განსხვავდებიან და რატომ უნდა მისცეს ხმა ერთს და არა მეორეს. შეიძლება პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ განსხვავდებიან, მაგრამ თუ ხალხი ამას ვერ გამჩნევს, მნიშვნელობა არა აქვს, შენ რას ფიქრობ შენს თავზე,“ – ამბობს გია ნოდია
„ოპოზიციის წარმატების გასაღები ამ ფონზე იქნება ის, რომ გაერთიანება მოხდეს. ოღონდ, ეს უნდა იყოს ორგანული გაერთიანება, იდეოლოგიური, ღირებულებითი, ელექტორალური გაერთიანება. კვლევები ყოველთვის უკარნახებს პოლიტიკურ პარტიებს, ვინ ვის ართმევს ხმას, თუ ამას გააცნობიერებენ და ნახავენ რომ რაღაც პარტიები შეიძლება გაერთიანდეს და ამით სინერგია მოიპოვონ, ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უთავბოლო გაერთიანებას, ყველა პარტიის ერთ ქვაბში ჩაყრას. ეს იქნება აბსოლუტურად წამგებიანი. თავსებადი პარტიები უნდა გაერთიანდნენ და გააძლიერონ თავიანთი წონა, “- მიაჩნია იაგო კაჭკაჭიშვილს.